კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, კორუფციისგან თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

მსოფლიო მასშტაბით კი კანონის უზენაესობის მხრივ საქართველო 42-ე ადგილს იკავებს.

გარდა ამისა, ამ ინდექსით საქართველო მეშვიდე ადგილზეა მაღალი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რომელსაც აღნიშნული ინდექსის თანახმად მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ საქართველო მაღალი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში 2016 წლის შემდეგ მეორედ მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კუთხით 128 ქვეყანას შორის საქართველო 61-ე ადგილზეა. საუკეთესო მაჩვენებელი დანიასა და ნორვეგიას აქვთ. ბოლო, 128-ე ადგილზე ვენესუელაა.

კორუფციის არარსებობის მაჩვენებლით კი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს 27-ე ადგილი უკავია. პირველ ადგილს აქაც დანია იკავებს. ბოლო ადგილზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

რაც შეეხება ღია მმართველობას, 128 ქვეყანას შორის საქართველოს 41-ე ადგილი უკავია. პირველ ადგილზე ნორვეგიაა. ბოლო ადგილს კი ეგვიპტე იკავებს.

ანგარიშში ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელში საქართველო 48-ე ადგილს იკავებს.

წესრიგისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო 35-ე ადგილზეა. პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი ავღანეთს აქვს.

კანონის/გადაწყვეტილების აღსრულების მხრივ ანგარიშში საქართველო 41-ე ადგილზეა. პირველ ადგილს აქაც დანია იკავებს.

სამოქალაქო მართლმსაჯულების ცხრილში საქართველოს 67-ე ადგილი უკავია. სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სიაში კი საქართველო 46-ს ადგილზეა.

რეგიონული მასშტაბით მოცემული რვა მიმართულებიდან საქართველო ექვს კატეგორიაში ლიდერობს. ესენია მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, კანონის/გადაწყვეტილების აღსრულება და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება. წესრიგისა და უსაფრთხოების და სამოქალაქო მართლმსაჯულების მხრივ კი რეგიონის მასშტაბით საქართველო მეექვსე ადგილებს იკავებს.

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 128 ქვეყანაში. კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც რვა ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა, ექსპერტთა და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.

კომენტარები