კარტოგრაფი, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა – „ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი თქვა – ეს ადამიანი დღეს ცოცხალი აღარაა“

ჟურნალისტი, ხათუნა პაიჭაძე სოციალურ ქსელში იხსენებს ცნობილ მეცნიერთან, კარტოგრაფ ჯანსუღ კეკელიასთან ინტერვიუს, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს დელიმიტაცია/დემარკაციის კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა.

„კომისიიდან კონფიდენციალური ინფორმაცია სისტემატიურად ჟონავდა და კომისიის წევრებს საქმის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ“.

„კიდევ ერთხელ!!! ქვეყნის ღალატის ისტორია…2011 წელი… პროფესორი ჯანსუღ კეკელია, კარტოგრაფი: უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი!! კაცი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა დელიმიტაცია/დემარკაციის კომისია!! ვწუხვარ რომ ეს ადამიანი აღარაა დღეს ცოცხალი, მაგრამ მან თქვა ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი… და არა მხოლოდ გარეჯის საკითხზე!!! მას შემდეგ 10 წელი გავიდა“, – წერს ხათუნა პაიჭაძე და იქვე აქვეყნებს ამონარიდს 2011 წლის ინტერვიუდან:  

ჯანსუღ კეკელია: „კომისია იმიტომ დავტოვე, რომ არაფერს აკეთებდა! სპეციალისტებს არც ინიციატივის გამოჩენის საშუალებას აძლევდნენ და არც საქმის კეთებისა. ყოველ წელს კომისიის შემადგენლობა იცვლებოდეს, არ გამიგია.

შეიძლება, კომისიიდან ინფორმაცია ჟონავდეს? გავოგნდი, როცა ჩვენი მასალების ქსეროასლები სომხებმა დამიდეს წინ! ერთხანს ვიბრძოლე, ვიყვირე, მაგრამ მივხვდი, ვერაფერს გავხდებოდი და პროტესტი კომისიის დატოვებით გამოვხატე.

საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? ამ მალვა-მალვაში დაკარგეს 42 კვადრატული კილომეტრი. დიკლოს მთა ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში ფიქსირებულია როგორც საერთო შეხების წერტილი.

1999 წელს შეიკრიბნენ საქართველოს საზღვრების სადელიმიტაციო კომისიის წევრები (რა უნდოდა ამ ხალხს კომისიაში, მართალი გითხრათ, არ ვიცი) და რუსებთან მოსალაპარაკებლად დასხდნენ. რუსებმა შესთავაზეს: მოდი, დიკლოს მთიდან სამი კილომეტრით დასავლეთით გადავწიოთ ეს წერტილიო. ესენიც დათანხმდნენ და იცით, რა მოხდა? გადაატანინეს თუ არა საზღვრის წერტილი, მაშინვე 42 კვკმ სადავო გახდა. იმ ბრიყვებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსები 1957 წლიდან იბრძოდნენ.

კომისიის წევრებმა წერტილის გადმოწევას ისე მოაწერეს ხელი, ვითომ არაფერიაო. ეს რომ გავიგე, ერთი ამბავი ავტეხე. მითხრეს, გავგზავნით ნოტას და ამაზე ხელახლა ვისაუბროთო. როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც. ხმა რომ ამოვიღე, აქეთ დამიწყეს ყელყელაობა: შენ კომისიის წევრი ხარ და როგორ გვაკრიტიკებო. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე, იმიტომაც არ მოვითმინე. ალაზანი მოხეტიალე მდინარეა. სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ მდინარის ტალვეგი – ხაზი, რომელიც აერთებს ხეობის, ხევის, ხრამის და მისთანათა ფსკერის ყველაზე ღრმა ადგილებს.

მდინარეზე წერტილებს ვერ დასვამ, მაგრამ გეოდეზიურად ამის გაკეთება შესაძლებელია. განსაზღვრავენ ამ წერტილების კოორდინატებს, დგება სპეციალური ნახაზი, რომელსაც კროკები ჰქვია და დასაბუთებას ეძახიან. ამაზე ორივე ქვეყანა აწერს ხელს, ჩამოიწერება კოორდინატები და პრობლემაც მოგვარებულია – მდინარემ თუნდაც კილომეტრობით იცვალოს კალაპოტი, აღარ აქვს მნიშვნელობა. ტალვეგი განსაზღვრავს, სად უნდა გადიოდეს საზღვრის წირი. აზერბაიჯანელები ერთ გოჯა მიწაზე მოგვდევენ კუდში, ჩვენ კი ვართ გრძელი ჰალსტუხებით ჰარიჰარალეზე გადასული”, – აცხადებს ცნობილი კარტოგრაფი „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში.

ცნობისთვის: პროფესორი ჯანსუღ კეკელია 2013 წლის 25 სექტემბერს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ამ ინტერვიუდან ამონარიდი განსაკუთრებით საინტერესო გახდა დღეს, „კარტოგრაფების საქმის“ კონტექსტში. პროკურატურა დელიმიტაცია/დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ედავება. საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შეუთნხმებელ მონაკვეთზე, რომელიც პროკურატურის ცნობით, წინა ხელისუფლების დროს მოქმედი კომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ინტესების საწინააღმდეგოდ თანხმდებოდა.

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერის პერიმეტრზე აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახური განსაკუთრებით გააქტიურდა 2012 წლის 6 მაისის შემდეგ. მაშინ, იქ მყოფმა სასულიერო პირებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს და თქვეს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღდგომის ტაძრის მისასვლელთან დადგნენ, აჩერებენ და უკან აბრუნებენ ტაძრისკენ მიმავალ ტურისტებსა და მომლოცველებს.

დავით გარეჯის ლავრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი კირიონი აცხადებდა, რომ ტურისტებს უდაბნოს მონასტერში აღარ უშვებენ:

„მოხდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ამ ტერიტორიის დაკავება, რის შემდეგაც საქართველოს მხარეც გვეუბნება, რომ იქ ასვლის უფლება ქართველ ტურისტს არ აქვს. ჩვენ რამე კონკრეტული ბერკეტი არ გაგვაჩნია, ბერები ვართ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომ ეს არის უწმინდესი ადგილი, უწმინდესი მონასტერი, რომელიც დგას საფრთხის წინაშე, გადავიდეს აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში“, – ამბობდა ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში მღვდელ-მონაზონი კირიონი.

ნობილია, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. საზღვრის დადგენის მიზნით შექმნილია ორმხირივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს.

2012 წლის 14 მაისს, მაშინ როცა გარეჯელი ბერები განგაშის ზარებს რეკდნენ, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა:

„კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ იმყოფება საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება, საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება.“

კომენტარები