კასპის მერია 5 სტუდენტს ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ მერებაშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული 5 სტუდენტისთვის დაწესდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია.

კასპის მუნიციპალიტეტში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესი

მუხლი1. ზოგადი დებულებანი
1. კასპის მუნიციპალიტეტში ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია (შემდგომში „სტიპენდია“) ინიშნება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები სტუდენტების წახალისების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. სტიპენდიის დაწესების მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებულ სტუდენტთა (შემდგომში „სტუდენტი“) წახალისება.
3. სტიპენდია ენიჭება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 წარჩინებულ სტუდენტს ერთი სასწავლო სემესტრის ვადით.

მუხლი 2. სტიპენდიის მინიჭების პირობები
1. სტიპენდია ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში გაიცემა წინა სასწავლო სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე.

მუხლი 3. სტიპენდიის შერჩევის წესი
1. აღნიშნული სტიპენდიის ობიექტურად განაწილების მიზნით მერის ბრძანებით იქმნება სტიპენდიის გამანწილებელი სამუშაო ჯგუფი.
2. შეფასებას ექვემდებარება ის საგნები, რომლებშიც სტუდენტს მიღებული აქვს 91-100 ქულამდე.
3. სტუდენტი შეფასდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საგნებში მიღებული ქულების შეკრებით და საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით, აღნიშნული პრინციპის მიხედვით რომელ სტუდენტსაც ექნება უმაღლესი ქულა მას დაენიშნება სტიპენდია.

მუხლი 4. ინფორმაცია სტიპენდიის მინიჭების შესახებ

1. სტიპენდია გაიცემა შესაბამისი სასწავლო სემესტრის განმავლობაში კერძოდ: მარტი-აგვისტო, სექტემბერი-თებერვალი, თითოეულ სტუდენტზე თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 5. მუნიციპალიტეტში სტიპენდიის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტებია
1. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
2. ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ქულების რაოდენობის შესახებ;
3. პირადობის მოწმობის ასლი.

მუხლი 6. სტიპენდიის მისაღებად საბუთების წარდგენის ვადები.
1. სტუდენტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში 15 თებერვლიდან – 01 მარტის ჩათვლით ან/და 15 ივლისიდან – 01 სექტემბრის ჩათვლით.

კომენტარები