„კაშხლის მშენებლობისთვის სამუშაოები დაჩქარებულად მიმდინარეობს“- „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები კიდევ ორ ადგილზე გაშალეს 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები კიდევ ორ ადგილზე გაშალეს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, მირზა ნოზაძემ განაცხადა:

-„კარვების განთავსება კომპანიის საქმიანობის კონტროლს ემსახურება, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, კაშხლის მშენებლობისთვის სამუშაოები დაჩქარებულად მიმდინარეობს.

შაბათს გვქონდა აქცია რაჭაში. როცა გუმათის მიმართულებით ვბრუნდებოდით, გზად ვნახეთ, მიმდინარეობდა გვირაბის მშენებლობის სამუშაოები. პრაქტიკულად ყველამ დარეკა გარემოს დაცვის სამსახურში, ვითხოვდით, აეხსნათ, იყო თუ არა სამუშაოები კანონიერი. შემდეგ დავტოვეთ ტერიტორია იმ პირობით, – ორშაბათს ჩამოვიდოდა სპეციალური ჯგუფი და ვითარებას შეისწავლიდა, ესეც ცრუ დაპირება აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, ვაკონტროლოთ ხეობის ყველა შესასვლელი და უკანონო სამუშაო პროცესები”.

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავენ და მოსახლეობას თბილისში, 23 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

კომენტარები