კახა ვაჭარაძე: ეს არის რადიკალურად განსხვავებული შემთხვევა. კოვიდამდე პრაქტიკაში არ გვქონია მსგავსი ვირუსული ინფექციის აფეთქება!

პლანეტას კოვიდის ვერაგმა პანდემიამ გადაუარა რომელმაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ხოლო ვინც ინფექციას გაუმკლავდა და გადარჩა, მათ ორგანიზმებს მნიშვნელოვანი დაზიანებები დაუტოვა. კოვიდ-19 ვირუსმა უკლებლივ ყველა ორგანოზე დატოვა გართულებების კვალი, თუმცა ყველაზე სენსიტიური მათ შორის, მაინც ფილტვია. გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტემენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე:

– 2 წლის განმავლობაში კოვიდის პანდემიამ მთელს მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. საქართველოში ეს ინფექცია მილიონ ექვსასი ათას ადამიანს შეხვდა, აქედან, ოფიციალური მონაცემებით 17 ათასამდე დაიღუპა, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი მოსახლეობისთვის საკმაოდ ბევრია. ვირუსი განსაკუთრებული სისასტიკით აზიანებდა ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს, რასაც განაპირობებდა ფაქტორი, რომ იგი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდებოდა. ზედა და ქვედა სასუნთქი გზები ერთ სისტემას მიეკუთვნება და მხოლოდ პირობითად არის გაყოფილი. დიახ, ვირუსის მთავარი სამიზნე იყო რესპირაციული ორგანო, ანუ, ფილტვები!

 – ზიანის ხარისხი რაზე იყო დამოკიდებული?

– უპირველესად იმაზე, თუ რამდენად მზადყოფნაში ხვდებოდა ადამიანის იმუნური სისტემა ამ ვერაგ გამომწვევს. თუ პაციენტი იყო ვაქცინირებული, არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები, იმუნოდეპრესიული მდგომარეობა, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით განპირობებული იმუნიტეტის დაქვეითება – ასეთ შემთხვევებში დაავადების მიმდინარეობა მეტნაკლებად კეთილსაიმედო იყო, თუმცა, მაინც დიდ როლს თამაშობდა ისეთი რთული მექანიზმი, რასაც „ციტოკინური შტორმი“ ეწოდება. სწორედ ციტოკინური შტორმი ხდებოდა ფილტვებში განვითარებული რესპირაციული დისტრეს სინდრომის (ფილტვის უკმარისობა) გამომწვევი, რაც თავისთავად გამოიხატებოდა ჯერ ვირუსული ანთებით, შემდეგ, მე-4 -7 დღეების ინტერვალში ხდებოდა ამ პროცესის რეაქტივაცია, ის გადადიოდა უკვე ბაქტერიულ ფლორაში და ციტოკინური შტორმის შედეგად ვითარდებოდა ორივე ფილტვში ტოტალური ანთება. ამიტომაც, ისეთი ცვლილებები ფილტვში, როგორიც არის რენტგენოლოგიურად, რადიოლოგიურად და კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოხატული „დაბურული მინის სინდრომი“ (ანთების მანიშნებელი ადგილები) – მიანიშნებდა საგანგაშო მდგომარეობაზე. ამის მერე პაციენტები ხვდებოდნენ ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციაში, იწყებოდა მექანიკური ვენტილაცია, მართვითი სუნთქვა, პარალელურ რეჟიმში ზიანდებოდა გულ-სისხლძარღვთა და აბსოლუტურად, ყველა სისტემის დაზიანება, არ დარჩენილა არც ერთი ორგანო, რომელსაც არ შეხებოდა კოვიდ-19 და, სამწუხაროდ, მაღალი იყო სიკვდილიანობა.

 – ვინც კოვიდის ინფექცია გადაიტანა, ფილტვებზე რა გართულებები დარჩათ?

– ყველაზე ხშირი დაზიანება არის ფიბროზები. თუმცა არის ისეთი გართულებებიც, როგორიცაა სპონტანური პნევმოთორაქსი, ბაქტერიული და ვირუსული პნევმონიები, ფიბროზები, პლევრის ღრუში ცალმხრივი ან ორმხრივი გამონაჟონი, ჰიდროთორაქსები და პნევმოთორაქსები  (ჰაერის დაგროვებას პლევრის ღრუში), პნევმომედიასტინუმები (ჰაერი გულმკერდის ცენტრში). ისინი განაპირობებენ სუნთქვის მწვავე უკმარისობას, რომელიც შეიძლება ქრონიკულში გადავიდეს. გადარჩენილ პაციენტებში მთავარი ნარჩენი მოვლენა მაინც ფიბროზებია (ორგანოს ქსოვილის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით), რაც თავისთავად ამცირებს ფილტვის ელასტიურობას და შესაბამისად, მის ძირითად ფუნქციას – გარემოდან მოახდინოს ჟანგბადის ათვისება. რაც მეტია ფილტვის ფიბროზული დაზიანება, მით მეტია პნევმოთორაქსი. მრავალი პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, ბევრი დარჩა ჟანგბად დამოკიდებული. ვინც ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა – აღენიშნება დაბალი სატურაცია, ანუ პერიფერიულ სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა.

 – ნარჩენ მოვლენებს რა დროში უმკლავდება პაციენტი?

– დროთა განმავლობაში სითხე გაიწოვება, მაგრამ შემაერთებელი ქსოვილი რჩება და შესაბამისად, სიცოცხლის ბოლომდე რჩება შესაბამისი პრობლემები, ადამიანები ფიბროზთან ერთად აგრძელებენ სიცოცხლეს, რაც სუნთქვის უკმარისობის გამო მნიშვნელოვან დისკომფორტს უკავშირდება და სასუნთქი სისტემა ვეღარასოდეს დაუბრუნდება საწყის პოზიციებს, რაც პაციენტს კოვიდამდე ჰქონდა.

 – განა ნებისმიერი პნევმონია იგივე შედეგებს არ ტოვებს?

– არავითარ შემთხვევაში. ეს არის რადიკალურად განსხვავებული შემთხვევა. კოვიდამდე პრაქტიკაში არ გვქონია მსგავსი ვირუსული ინფექციის აფეთქება, შესაბამისად, მისი მომყოლი მორფოლოგიური ცვლილებები. კორონა ვირუსებით ჩვენ მუდამ ვინფიცირდებოდით, მაგრამ კოვიდ-19-ს სულ სხვა დინამიკა გააჩნია, ჯერ ბოლომდე არც არის შესწავლილი ეს დაავადება. ის იძლევა რადიკალურად განსხვავებულ დაზიანებებს, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციები. ფიბროზი ყველა პროცესს ახლავს, მაგრამ ასეთი მასიური ფიბროზები აქამდე ექიმებს არ გვახსოვს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ფილტვის პათოლოგიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის თამბაქო ან მისი ისეთი შემცვლელები, როგორიც გახლავთ ელექტრონული სიგარეტი და აიქოსი.

 – არადა, საზოგადოებას ჰგონია, რომ ელექტრონული სიგარეტი ნაკლებად მავნებელია.

– ელექტრონული სიგარეტი და აიქოსი მხოლოდ შენიღბულია ამგვარად, თუმცა იგივე სამედიცინო პრობლემებს, შეჩვევას და დამოკიდებულებასაც იწვევს, რასაც თამბაქო. მე მოვუწოდებ მკითხველებს, ნუ მოიტყუებენ თავს – თამბაქოსმიერი გართულებებს ელექტრონული სიგარეტსა და აიქოსზე გადასვლით ვერ აირიდებენ. გვახსოვდეს მსოფლიო სტატისტიკა: მსოფლიოში ყოველი მერვე ადამიანი (მილიარდამდე) არის მწეველი. მათგან ყოველ 8-10 წამში ერთი ადამიანი იღუპება. საქართველოში მოწევის მაჩვენებელი მაღალია – 28 პროცენტი, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში მწეველთა რაოდენობა 12-15 პროცენტს არ აღემატება. ქართველები ევროპაში ლიდერები ვართ თამბაქოს მოხმარების მხრივ. თამბაქოს მოხმარება ფილტვის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად რჩება.

 – რა უნდა იღონოს ადამიანმა, ფილტვის კიბო რომ არ გამორჩეს?

– ზოგადად, რესპირაციული სისტემის დაავადების სიმპტომები ერთმანეთს გვანან: ქოშინი, ხველა, პერიოდულად – სისხლიანი ხველა, წონაში კლება, ტკივილი გულმკერდის არეში, იოლად დაღლა – ახასიათებს როგორც ფილტვის ობსტრუქციულ, ისე – ინფექციურ დაავადებებსაც. ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გამოგვრჩეს სახვადასხვა მძიმე პათოლოგია, მათ შორის – ტუბერკულოზი. აუცილებელია კვლევების იმ არსენალის გამოყენება, რაც მედიცინას დღემდე გააჩნია: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო რეზონანსული, რადიოლოგიური, რენტგენოგრაფიული, ენდოსკოპიური, ლაბორატორიული კვლევები – რაც საქართველოშიც კარგად არის განვითარებული.

 – რა ასაკიდან უნდა იზრუნოს ადამიანმა ასეთი კვლევების ჩასატარებლად?

– 30 წლიდან – ზევით. რაც მაღალია ასაკი, მით მეტია რისკი. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული სკრინინგ ცენტრები, სადაც ასეთი კვლევები ტარდება. შესაძლოა პაციენტმა ოჯახის ექიმსაც მიმართოს. ახალგაზრდა ასაკში ფილტვის კიბო იშვიათია, სამაგიეროდ გაახალგაზრდავდა ტუბერკულოზი. ადამიანები ხშირად ავადობენ პნევმონიებით, ბრონქოექსტაზებით, ფიბროზებით, ბრონქიტებით, სინუსიტებით და ა.შ. სიმპტომები მსგავსია, თუმცა დაავადების დიფერენციაცია იმ კვლევებით ხდება, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ფილტვების დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მწეველთა გარდა არიან ის ადამაინები, რომლებიც განიცდიან იმუნიტეტის დეფიციტს, აქვთ როგორც ინფექციური, ასევე ობსტრუქციული ქრონიკული სხვა დაავადებები, ფილტვის და ღვიძლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არიან ჭარბი ალკოჰოლის და ნარკოტიკების მომხმარებლებები, ის ადამიანები, ვისაც მავნე პირობებში უწევთ შრომა, შეხებაში არიან შხამ-ქიმიკატებთან, მედიკოსებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.

 – ტუბერკულოზი ისევ აქტუალურია? ის ხომ კაცობრიობას დამარცხების ზღვარზე ჰყავს?

– ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ტუბერკულოზის მიკო ბაქტერია. მსოფლიოში და საქართველოშიც მისი მაჩვენებელი თანდათან მცირდება, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაიმედოს, რადგან მატულობს რეზისტენტული შტამების რაოდენობა. საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე ტუბერკულოზის 70 შემთხვევა აღინიშნება. ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველ წელს 1,2-2 მილიონი ადამიანი იღუპება და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ტუბერკულოზი 10 წამყვან ინფექციურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა. ის არ რჩება სოციალურ დაავადებად. გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუბერკულოზის აქტიური, ღია ფორმით დაავადებული ერთი პაციენტი წელიწადში  15 ჯანმრთელ ადამიანს ასნეულებს! ყოველ 10 წამში მსოფლიოში ტუბერკულოზით 1 ადამიანი ინფიცირდება; ხოლო ყოველ 20 წამში – 1 ადამიანი ამ სენით იღუპება! წელიწადში ავადდება მილიონნახევარი ბავშვი; 10 მილიონი – მოზრდილი და რაც ყველაზე ცუდია – მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, ავად რომ არიან, ჩვენს შორის თავისუფლად გადაადგილდებიან და ამ ვერაგ სენს ავრცელებენ!

 – შესაძლებელია თუ არა ფილტვის გადანერგვა?

– დიფუზური ემფიზემის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ფილტვის გადანერგვაა. გადასანერგი ორგანოს აღება ძირითადად, გვამიდან არის შესაძლებელი, მაგრამ ასეთი ოპერაციები ძალზე რთულია და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.

 – ჯანმრთელი ფილტვების შესანარჩუნებლად რა რჩევებს მისცემთ ქართველ საზოგადოებას?

– ძალა ერთობაშია და როცა პაციენტი და ექიმი, სწორი ჰაიდლაინები, რეკომენდაციები და პროტოკოლები – ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ, დაავადების გამოსავალიც კეთილსაიმედოა. ახალი მედიკამენტები აღარ შემოდის და, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტოტალური რეზისტენტობის, ახალი გამომწვევი ფაქტორების და ვირუსების, გარემოს ტოტალურად დაბინძურების ეპოქაში საღი ფილტვების შესანარჩუნებლად ყველაზე საუკეთესო საშუალებად რჩება ჯანსაღად ცხოვრების წესი. გადარჩება ის, ვინც ძლიერია; ვისაც ძლიერი იმუნური სიტემა აქვს. ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ – უარი თქვან თამბაქოზე და სხვადასხვა ნარკოტიკის გამოყენებაზე; თამბაქოს სხვა მოწყობილობებით ჩანაცვლებაზე, ფიზიკურად იაქტიურონ, იმოძრაონ, მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აიმაღლონ იმუნიტეტი და შედეგსაც თვალსაჩინოდ დაინახავენ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები