კახა კალაძე: „არის ქუჩები, სადაც იყიდება აალებადი მასალები, საბურავები და ისინი ინახება სახლების სარდაფებში – ღმერთმა დაგვიფაროს, ცეცხლის კერა გაჩნდეს, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის“

დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციის მიმართულებით სრული კატასტროფა გვაქვს.

მერიის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონში შეტანილი იყო მუხლი, რომელიც მერიას ავალდებულებდა ამ მიმართულებით კანონქვემდებარე აქტის მიღებასა და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას.

ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. ამ რეგულაციის მიხედვით, ასეთი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში. მაგალითად, როგორიცაა: რეკრეაციული ზონები, საცხოვრებელი ზონები და სხვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობში დაიშვება, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.

დღეს არის კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც ხდება, მაგალითად, აალებადი მასალების გაყიდვა. ყველაფერი ეს შენახულია კონკრეტული საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, ასევე, საბურავები, რაც არის უსერიოზულესი პრობლემა. ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის. ეს იქნება სრული კატასტროფა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა დარეგულირდეს.

შესაბამის სამსახურებს ვავალებ, ხვალიდანვე დაიწყონ კომუნიკაცია ყველა ადამიანთან, ვინც მსგავსი მასალებით ვაჭრობს, მიეწოდოთ მათ მერიის ხედვა და გეგმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მიეცეთ გონივრული ვადა და მითითებები,  სად უნდა განახორციელონ შემდეგ საქმიანობა.

კანონი, რომელიც გვავალდებულებს რეგულაციების მიღებასა და საკრებულოში გაგზავნას, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ და რეგულაციები ამოქმედდეს პირველი იანვრიდან, რათა ადამიანებს ჰქონდეთ გონივრული ვადა და დრო, მოახერხონ თავისი საქმიანობის უკვე სხვა კონკრეტულ ადგილზე, იმ ზონებში გაგრძელება, სადაც კანონმდებლობით დაშვებული იქნება. ეს არის სერიოზული გამოწვევა, სერიოზული პრობლემა. ამას აუცილებლად მოვაგვარებთ და მოვაწესრიგებთ, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, მათი, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული და ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანებულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოება.  საცხოვრებელი ზონებში ასეთი საქმიანობა აიკრძალება“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები