კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს – „რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება“

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეოჩართვაში განაცხადა:

-„თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლადრეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. არის სრული მზადყოფნა, ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დავიწყოთ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქში და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე ამინდიც იძლევა საშუალებას და ქალაქში იწყება გზების დახაზვის სამუშაოები. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და დახაზვა ვერ მოესწრო ზამთრის გამო. ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ დავიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება.

საჭიროების შემთხვევაში, „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით.  სპეციალური ტექნიკის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

შესაძლოა, ტექნიკის თვალსაზრისით, სახარბიელო მდგომარეობა არ გვქონდეს, თუმცა, გამოცხადებულია ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით. გვინდა შევიძინოთ სპეციალური ტექნიკა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქუჩების მორეცხვის სამუშაოები და დასუფთავება უმაღლესი ხარისხის სპეციალური ტექნიკით იყოს განხორციელებული.

ქუჩის მორეცხვის სამუშაოები დილით ადრე განხორციელდება, რათა ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს“.

კომენტარები