კახა კალაძე: გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს სანიაღვრე სისტემები
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, გუშინდელმა ნალექმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ქუჩების სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ჩამოყვანილი უცხოელი სპეციალისტები დააკვირდებიან.
„ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, ატენის ქუჩამდე შეიზღუდება მოძრაობა. გვინდა, რომ სრულად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როდესაც ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. მხოლოდ მოასფალტება არ შველის საქმეს და ეს არ არის გაკეთებული საქმე.
გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს სანიაღვრე სისტემები. ამ მიმართულებით, ჭავჭავაძეზე გვაქვს მძიმე მდგომარეობა. საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოებს. იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძეს ვერ გადავკეტავდით, მოხდება ლოკაციების შერჩევა და ადგილების გადაკეტვა. პირველი ეტაპი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე გვაქვს. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.