კახა კალაძე: „ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება – გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს“

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

-„ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგების და განვითარების პროექტი ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება მერიის და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით. მოგეხსენებათ, აღნიშნული ობიექტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა, სადაც მრავალი მეწარმე ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა, მისი მოწყობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და იმ სტანდარტებს, რომელიც სურს დედაქალაქის მოსახლეობას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შევიმუშავეთ. ეს იქნება ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში ტერიტორიის მესაკუთრეები თავად განახორციელებენ.

ჩვენ ძირითადი კონცეფცია მათთან შეთანხმებით შევადგინეთ, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულთან დავდეთ გეგმარების თაობაზე ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს.

მის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა, ეს იქნება საფუძველი ამ ტერიტორიის მოწესრიგებისა და სწორად განვითარების“.

კომენტარები