კახა კუჭავას თქმით, ოდირის წარმოამდგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს გზავნილი, რომ არჩევნები ნამდვილად კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა

დღეს ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ოდირისწარმომადგენლებთან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ „დღის ქრონიკაში“

მისი თქმით, მმართველ ძალას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ აქტორებს არჩევნებამდეც ჰქონდა შეხვედრები ოდირისწარმომადგენლებთან.

„ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა არჩევნების დღემდეც და რა თქმა უნდა, შემდეგაც იყო დაგეგმილი ასეთი შეხვედრა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ მათგან მოგვესმინა დეტალები. ერთია ჩანაწერი და მეორეა უფრო სიღრმისეულად საუბარი ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც იქ არის აღნიშნული, მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ის მთავარი გზავნილი, რაც ამ ანგარიშს ახლავს, რომ არჩევნები ნამდვილად კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა ყველა იმ ფუნდამენტური პრინციპის დაცვით, რომელიც აუცილებელია ასეთი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ მიღწევებზე, არამედ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებზეც აუცილებელია შემდეგი არჩევნებისთვის ვიმუშაოთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ისედაც მიღწეული მაღალი სტანდარტები. ეს არის ის პროცესი, რომელშიც ჩაერთვება ყველა აქტორი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამ საკითხებზე საუბარი იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელითაც შემოიფარგლა ჩვენი შეხვედრა. არც დასმულა და რა თქმა უნდა, არც დაისმებოდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ლეგიტიმური იყო თუ არა არჩევნები. ეს ის საკითხია, რომელიც ანგარიშის დასაწყისშივე ხაზგასმულია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები