„კახეთში 263 ტონა ყურძენი გადამუშავდა. რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეღვინეებს შეხვდა.

„წლევანდელი რთველი არ იყო მარტივი, ამიტომ საჭიროა შეიქმნას ახალი ფორმატი, რათა გვქონდეს პირდაპირი კავშირი მეღვინეებთან.

ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრების ხარისხზე და დივერსიფიკაციაზე მუშაობა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცხრა მილიონ ლარზე მეტი არის ჩადებული მარკეტინგული პროგრამებისთვის.

ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, როგორც ჩანს, არ იყო მარტივი რთველი… მეღვინეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა, ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად არის პრობლემები, სად გჭირდებათ დახმარება და შემდეგ მე გეტყვით, სად ვხედავთ გარღვევების საშუალებას და სად შეიძლება, ცოტა უფრო ეფექტურებიც ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია ეკონომიკაში, არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, არამედ ქართული ბაზრის გასაძლიერებლად, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია მევენახეობა-მეღვინეობა, რომელიც ავითარებს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვა სექტორებზე.

კახეთში რთელი დასასრულს უახლოვდება, რაჭაში კი ახლა იწყება. 9 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში დაახლოებით 263 ტონა ყურძენი გადამუშავდა.

წელს რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ამ ყურძნის ჯიშებიდან განთქმულ ხვანჭკარას ამზადებენ.

ამბროლაურში რთელის საკოორდინაციო შტაბი უკვე გაიხსნა და სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

კომენტარები