“კიდევ რამდენი რეგიონიდან უნდა გამოგვრეკონ, რომ მივხვდეთ,ძალა არ არის ჩვენი პრიორიტეტი!”- ვალერი კვარაცხელია
“რუსული და თურქული აგრესიისგან თავს ვერ დავიცავთ, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება, რომ თავს ვერც სომხური და აზერბაიჯანული აგრესიისგან დავიცავთ. საქმე ისაა, რომ ერთსაც და მეორესაც ნამდვილი მოკავშირეები ჰყავთ რუსეთისა და თურქეთის სახით”,- ამის შესახებ პოლიტიკოსი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოთხივე მეზობელი სახელმწიფო ტერიტორიებს გვედავება, თუმცა, ჩვენს მოკავშირე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს გამო, რისკზე წასვლა არ უღირთ:
“საქართველო სრული კატასტროფისკენ მიექანება. ოთხი მეზობელი სახელმწიფო გვყავს და ოთხივე ტერიტორიებს გვედავება. რუსეთმა თავისი წასაღები წაიღო; თურქეთმა თავისი წასაღები თითქმის წაიღო; სომხები ღიად გვეუბნებიან, რომ თქვენ “ნატოში” წასვლას თუ აპირებთ, ჩვენ, ჩვენი ჯავახეთით სომხეთში წავალთო; აზერბაიჯანმა დავით გარეჯის მისაკუთრების ოპერაცია უკვე წამოიწყო, რასაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთული პროცესები მოჰყვება; პანკისის ხეობა წკიპზეა.
ყველასთვის ნათელია, რომ რუსული და თურქული აგრესიისგან თავს ვერ დავიცავთ, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება, რომ თავს ვერც სომხური და აზერბაიჯანული აგრესიისგან დავიცავთ. საქმე ისაა, რომ ერთსაც და მეორესაც ნამდვილი მოკავშირეები ჰყავთ რუსეთისა და თურქეთის სახით, ჩვენ კი რეალური მოკავშირე არ გვყავს.
ვინც ჩვენ მოკავშირეებად მიგვაჩნია (აშშ და ევროპა), სინამდვილეში ისინიც მტერები არიან, იმიტომ, რომ მათთვის საზარბაზნე ხორცი, იაფი მუშახელი და გამოსაყენებელი ტერიტორია ვართ, რომლითაც ივაჭრებენ ან პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სპეკულაციას გასწევენ, მაგრამ, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, რეალურად არ დაიცავენ, იმიტომ, რომ საქართველო მათთვის სერიოზული რისკის გაწევად არ ღირს.
ჩვენთვის დამღუპველი ვითარება მწიფდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს დაშლა-გადანაწილებით ამ უმძიმეს რეგიონში შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური კარტის გათამაშება, რომელიც, ერთდროულად, ოთხივე მეზობელი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი იქნება. მეტიც, ეს ვითარება შესაძლებელია თვით დასავლეთისთვისაც ხელსაყრელი აღმოჩნდეს, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით გაჩაღებულ ვაჭრობაში, ისინიც რაღაცას აუცილებლად გამოჰკრავენ ხელს.
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში რამდენი უბედურება გამოვიარეთ, მაგრამ ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა, როგორც ჩანს, აქედან ვერანაირი დასკვნა ვერ გააკეთა.
რაც მთავარია, ვერ გააკეთა უმთავრესი დასკვნა, რომ ნამდვილი მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის გარეშე, დიდი თუ პატარა მტერი, უსათუოდ მოგვერევა და გვაჯობებს – დიდი თავისი დიდობით, პატარა თავისი დიდი მოკავშირეებით.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს ЦРУ- ს მორაობა (დღემდე ეროვნულ მოძრაობას რომ უწოდებენ) ორმოცი ავტობუსით რომ მიადგა ცხინვალს, იქიდან მოყოლებული, ყველა ომი წავაგეთ. იმიტომ კი არა, რომ ყველგან მტყუანი ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ ყველგან უთავბოლოდ და გეოპოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნილად ვიომეთ. ყველა ამ სისხლიან ბატალიებში ჩვენ რუსეთს ვუპირისპირდებოდით და დასავლეთის ინტერესებს ვიცავდით, მაგრამ დასავლეთს ჩვენი ინტერესები, სიტყვიერი ფარისევლობის გარდა, რეალურად არსად დაუცავს, რის გამოც ყველგან დავმარცხდით.
ვითარება ახლაც უცვლელია.
ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, პანკისის ხეობით დაწყებული და დავით გარეჯითა და ჯავახეთით დამთავრებული, დღესაც ყველა დაპირისპირებას წავაგებთ, იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან დღესაც ისევე (და უფრო მეტადაც) ვართ ამოვარდნილი, როგორც აქამდე ვიყავით, დღესაც ისევე არ გვყავს მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, როგორც აქამდე არ გვყავდა და დღესაც ისეთივე (და უფრო მეტადაც) სულელი ხელისუფლება გვყავს, როგორიც მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში გვყავდა.
ჩვენს ირგვლივ უბედურების რკალი შეიკრა და თანდათანობით ვიწროვდება.
ახლაც ისმის მოწოდებები:
– გავრეკოთ ესენი!
– გავრეკოთ ისინი!
ოთხმოციანი წლების მიწურული ხომ გახსოვთ:
– გავრეკოთ ოსები!
– გავრეკოთ აფხაზები!
დღეს ცხინვალიდანაც გამორეკილები ვართ და აფხაზეთიდანაც. კიდევ რამდენი რეგიონიდან უნდა გამოგვრეკონ, რომ მივხვდეთ:
ძალა არ არის და არც შეიძლება იყოს ჩვენი პრიორიტეტი!
ჩვენი პრიორიტეტი ჭკუა და გონება უნდა იყოს!
ჩვენი პრიორიტეტი გეოპოლიტიკური ვითარების სწორად შეფასება უნდა იყოს!
ჩვენი პრიორიტეტი რეალური მოკავშირის დანახვა უნდა იყოს!
ახლა, შესაძლებელია, დაგვიანდა კიდეც.
სამწუხაროდ, არაა გამორიცხული, რომ უკვე ისეთივე ამაო იყოს ჩვენი ფართხალი, როგორიც აფთრების გარემოცვაში აღმოჩენილი შვლის ნუკრისა, “- წერს ვალერი კვარაცხელია.