17 დეკემბერს, კლინიკა ვივამედის შენობაში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა დაცვის წევრი დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუატრდა.

დაჭრილი კლინიკის უსაფრთხოების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პაციენტი, რომლის ახლობლებმაც კლინიკის თანამშრომელი დაჭრეს, ვივამედში 8 დეკემბერს შეიყვანეს ჰიპოვოლემიური შოკით, ის 17 დეკემბერს დილით გარდაიცვალა.

-„პაციენტი  გამთენიისას გარდაიცვალა, მისი ოჯახის წევრების მიერ მოხდა თავდასხმა ჩვენი კლინიკის დაცვის თანამშრომლებზე. გაანადგურეს ინვენტარი, რეგისტრატურა, მინები ჩაიმსხვრა, შემოსასვლელი, ფანჯრები, კარები, სკამები, ძალიან მძიმედ არის დაჭრილი დაცვის თანამშრომელი. სავარაუდოდ, დაჭრილია ცივი იარაღით.

გარდაცვლილი პაციენტი ყოფილი პატიმარია, მანამდე კლინიკაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და თვითდაზიანების გამო რამდენჯერმე აქვს ოპერაცია გაკეთებული.

იყო უმძიმესი პაციენტი,  8 დეკემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა. უკვე გათავისუფლებული საპატიმროდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, –  განაცხადა  ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ

-„მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კლინიკა ვივამედის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავა. 1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, 1995 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს კი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება.

-„გამოძიებით დადგინდა,  ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა ვივამედის უსაფრთხოების თანამშრომელს – 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებს შსს.