კობა კუპრაშვილი: ციფრული ვალუტა – ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დამყარების მექანიზმია!
კობა კუპრაშვილი: ციფრული ვალუტა შემოდის არა როგორც გაცვლის საშუალება… არამედ როგორც ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დამყარების მექანიზმი!
რა საფრთხე ელის კაცობრიობას, თუ ადამიანებს ხელზე აღარ ექნებათ ნაღდი ფულის ნომინალები და ანგარიშსწორება ციფრულ სისტემაზე გადავა? მიგვანიშნებენ, რომ ახლო მომავალში ეს აუცილებლად მოხდება. ციფრული ვალუტა დღითიდღე მკვიდრდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი, მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაასრულა ციფრული ლარის პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი და მეორე ნაწილზე გადავიდა. მივესალმოთ ციფრულ ლარს თუ დავუპირისპირდეთ მის დამკვიდრებას? –„ფრთხილად, მოქალაქენო! თქვენს თავისუფლებას დიდი დღე აღარ უწერია, სრული მონობისკენ მიგვაქანებენ!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პოლიტოლოგმა და გერმანისტმა, “საერთაშორისო ურთიერთობათა გერმანულ-ქართული ცენტრის” მდივანმა
კობა კუპრაშვილმა:
– ნაღდი ფულის სრული გაქრობა ერთბაშად არ მოხდება და მანამდე მისი ელექტრონული ფულით ჩანაცვლება განხორციელდება, რომელიც უკვე დიდი ხანია, ისედაც არსებობს. ელექტრონული ფულის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში შემოღებულ იქნება ციფრული ვალუტა, მაგალითად, საქართველოში გაჩნდება ციფრული ლარი. რამდენიმე ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი, მათ შორის, უკრაინაში, რომელმაც, ერთ-ერთმა პირველმა, 2018 წელს შემოიღო ციფრული გრივნა, როგორც ნაღდი ფულის ალტერნატივა, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო მასობრივად მოიხმარება, გარკვეული ფირმები ამ წამოწყების პოპულარიზაციაში თავად მონაწილეობენ, რომლებიც გაცვლას ციფრული გრივნით ახდენენ, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს თავიანთ სმარტფონებზე უკვე გააჩნიათ შესაბამისი აპლიკაცია და მას ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. ციფრული ფულის შემოღების ავანგარდი ქვეყანაა ჩინეთიც. ამ ეტაპზე ციფრულ ვალუტას მოსახლეობას თავს ძალით არავინ ახვევს და შეთავაზებად რჩება, როგორც ვაქცინაცია, რომელიც თავიდან ნებაყოფლობითი იყო, ხოლო შემდეგ ეტაპზე არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები დაწესდა. ბანკებიც, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას, ოღონდ ციფრულ ფულს სახავენ გამართლებულ სერვისად, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს „უფრო მოქნილს ხდის,“ ვიდრე ნაღდი ან ელექტრონული ფულია. ეს მხოლოდდამხოლოდ, სიახლესთან შეგუების ეტაპია, რომლის მოსამზადებელი სამუშაოების მიმართ ფართო მასების ინტერესი პანდემიის ისტერიით გადაფარეს. როდესაც კოვიდ აფერის კრიტიკოსები აგრესიული ფორმით საყოველთაო ვაქცინაციის მცდელობას და აუცრელი ადამიანების დისკრიმინაციას მძაფრად ვაპროტესტებდით, იქვე აღვნიშნავდით, რომ ეს იმავდროულად, იყო ციფრული ვალუტის შემოსაპარებელი პროცესის დასაწყისიც! მხილების პასუხად ფეისბუქის ცენზორი „ფაქტჩექერები“ შეთქმულების თეორიის განვრცობას გვაბრალებდნენ, შესაბამისად, გვზღუდავდნენ და გვბლოკავდნენ, ამჟამად კი, როგორც ხედავთ, ბანკის მესვეურები ღიად აცხადებენ, რომ უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში იწყება ციფრული ლარის დანერგვის პროცესი. ისინი ვერ ასაბუთებენ საქართველოში ამ ნოვაციის საჭიროებას და მათი ერთადერთი არგუმენტია, „თუ ვინმე ფულს საზღვრებს გარედან იხდის, რატომაც არა?!“
– ვთქვათ, მაქვს 100 ლარი ნაღდი ფული. განა რას ვკარგავ, თუ ეს ფული ციფრული ფორმით მექნება?
– საბანკო ბარათზე რიცხული ელექტრონული ფულით სარგებლობა მართლაც, გაცილებით კომფორტულია, ვიდრე ქეშით და, მრავალს მიაჩნია, რომ ციფრული ვალუტა ელექტრონული ფულის გაუმჯობესებული ვარიანტია, მაგრამ გვმართებს გააზრება, რომ ციფრული ფული მთლიანად ცენტრალური ბანკების მიერ კონტროლირებადი იქნება; შესაბამისად, ეს სახელმწიფოებისთვის იქცევა მოქალაქეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების და მათზე კონტროლის მექანიზმად. ციფრული ვალუტის შემოღება უცილობლად გამოიწვევს ხელისუფლების სამ შტოზე (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) დამატებით, მეოთხეს – ცენტრალური ბანკის ხელისუფლების გაჩენას. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ანგარიშის გახსნა ცენტრალურ ბანკში და წვდომა ექნება ციფრულ ვალუტაზე, ოღონდ, სახელმწიფოც, შესაბამისად, წვდომას მოიპოვებს უკლებლივ ყველა ტრანზაქციაზე, რასაც მოქალაქე ციფრული ფულით განახორციელებს. ნაღდი ფული არის თავისუფლების დიდი დოზა, რადგან, თუ ჩემი პატიოსანი შრომით გამოვიმუშავებ, მაქვს იმისი უფლება და ფუნდამენტური თავისუფლება, ეს ფული დავხარჯო უკონტროლოდ იქ – სადაც მინდა, როცა მინდა და რამდენიც მინდა! ციფრული ფული კი, ნიშნავს, რომ თეორიულად გაქვს ფული, მაგრამ პრაქტიკულად არ გაქვს, რადგან მასზე წვდომას და მოხმარებას სხვა გიკონტროლებს. ამის გასაგებად ჯერ უნდა გავიგოთ, რა არის “ციფრული იდენტობა” და ადამიანის “გაციფრულება,” რადგან ციფრული ვალუტა ციფრულ იდენტობაზე იქნება მიბმული. არ გაქვს საკუთარი „ქიუ-არ“ კოდი? ბოდიშით, ვერც რამეს იყიდით, ვერც რამეს გაყიდით! როგორ უნდა მიიღოთ ქიუ-არ კოდი? 2021-22 წლებში უკვე გვითხრეს, როგორაც. ეს კოდი ჯერ მობილურებში შეტენეს ხალხს, “კოვიდპასპორტის” სახით, რომ მიეჩვიონ. რაც უკვე ნაცნობია, ის ხომ, უკვე მისაღებია. საუბარი ჩამოაგდეს მოსახლეობის სმარტფონიზაციაზე – სმარტფონმა იცის ყველაფერი შენზე, ვინ ხარ, სად ხარ, რას აკეთებ; დღეს ფეისბუქზე რა დადე ან რა დაალაიქე. თუ ჭკუით არ იქნები, გაგიწითლებენ ქიუ-არ კოდს, ანუ შეგზღუდავენ, როგორც კოვიდის დროს ხდებოდა და მოგიყვანენ ჭკუაზე. ანონიმურად ვერაფერს ვერ იყიდი და ვერც გაყიდი, ვერც გადაადგილდები. სწორედ ანონიმურობაშია ის თავისუფლება, რასაც ნაღდი ფული იძლევა. ამიტომ არის ციფრული “ფული” აბსოლუტური მონობა, ნეო-ფაშიზმის დასაყრდენი! ციფრულ ფულს აუცილებლად მიაბამენ ხელოვნურ ინტელექტს, რაც გააკონტროლებს ყველაფერს, ვინ რა იყიდა თუ რა გაყიდა! ვიცით, რომ მრავალი ოჯახი წლობით მალავდა და არჩენდა ფაშისტებისგან დევნილ ებრაელებს და რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ეს ტექნოლოგიები რომ ჰქონოდა ჰიტლერს, მისი რეჟიმი აუცილებლად მიაგნებდა მათ სამყოფელს, იმ მარტივი მეთოდით, რომ ზუსტად ეცოდინებოდა, როცა კონკრეტული ოჯახი იმაზე მეტ პროდუქტს შეიძენდა, ვიდრე ამ ოჯახს სჭირდებოდა! მოსალოდნელია, რომ რომელიმე ნეო ფაშისტური რეჟიმი ამ მეთოდით იმოქმედებს!
– დაგვიკონკრეტეთ, ციფრული ვალუტით მოქალაქის დამონების მექანიზმები.
– დასავლურ მედიასაშუალებებში უკვე აქტიურად გაისმის ასეთი კითხვები: ნაღდისგან განსხვავებით, იქნება კი, ციფრული ფული საპროცენტო განაკვეთისგან თავისუფალი? ხელფასის სახით ხელზე აღებულ ნაღდ ფულს ხომ, ორი მახასიათებელი გააჩნია: ნივთებზე და პროდუქტებზე ამ ფულის გაცვლის ფუნქცია; ასევე, მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენის იმედით ფულის დაგროვების ფუნქცია. ციფრული ფულის შემთხვევაში სად არის გარანტია, რომ სახელმწიფო არ დააწესებს საპროცენტო განაკვეთს? ქაღალდის ლარსა და ციფრულ ლარს შორის გაცვლითი კურსი დარჩება თუ არა ერთი/ერთზე? თუ არ დარჩება, ეს ხომ არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს ქაღალდის და ციფრული ლარის მომხმარებლებს? ანდა, რით ვართ დაზღვეული, რომ ცენტრალური ბანკი მოქალაქეს არ აიძულებს, თავისი დანაზოგი დახარჯოს არა სურვილისამებრ, არამედ, კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამ ფულის რაოდენობას ჰიპოთეტურად, 10 პროცენტი არ მოაკლდება? ანუ, მშრომელების ნებაზე აღარ იქნება დამოკიდებული, ნაოფლარი ჯამაგირის დახარჯვა! ეს კიდევ არაფერი… ხომ შესაძლებელია, დამსაქმებელმა ეს ფული დააპროგრამოს იმგვარად, რომ მის დახარჯვას მიაბას გარკვეული მოთხოვნები, ვთქვათ, ლიმიტი, რომლითაც მოქალაქეს განუსაზღვროს, მისი ნაოფლარით რა სახის და რა რაოდენობით პროდუქცია შეიძინოს, ან პირიქით – არ მისცეს გარკვეული პროდუქციის შეძენის საშუალება მოქალაქეს, ვიდრე ის არ აიცრება, ან სხვა მოთხოვნების შესრულებამდე?! სახელმწიფო დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდება, არ გამოიყენოს მოქალაქეებზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობა, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტაზე ჯერ კიდევ მრავლად არსებობს ავტორიტარული რეჟიმები! მოხდება თუ არა ამ მექანიზმით ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების სანქცირება, ან განხორციელდება თუ არა სოციალური ინჟინერია? სხვათა შორის, ჩინეთში შემოღებული ციფრული იუანი უკვე მიბმულია სოციალურ კრედიტ სისტემასთან… წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ცენტრალურ ბანკს მიეცემა შესაძლებლობა, აკონტროლოს შენი ყოველი ტრანზაქცია; უარყოფითი ან დადებითი ქულით შეაფასოს შენი ყოველი ნაბიჯი და თითოეული უარყოფითი ქულის მონიჭებით შენივე ნაოფლარი შეგიკვეცოს… თუნდაც, ნებისმიერ მომენტში აგიკრძალოს თამბაქოს ან ალკოჰოლური სასმელის შესყიდვა… უარეს პერსპექტივაზეც გეტყვით – დღეს მსოფლიოში გამალებული პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ შემცირდეს გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა და განა ცენტრალურ ბანკს ვინ დაუშლის, რომ მაგალითად მწეველებს დაუწესონ გადასახადი, იმის გამო, ჰაერს რომ აბინძურებენ; ან თვითმფრინავის გამონაბოლქვის გამო ადამიანს დაუწესონ უცხოეთში ფრენის ლიმიტი და გადაჭარბების შემთხვევაში დანაზოგიდან რესურსი ჩამოაჭრან – აქეთკენ მიდის ყველაფერი! თავიდან კონტროლის მექანიზმი იქნება სმარტფონების მეშვეობით. აქვე, ნათელი ხდება, რისთვის იყო საჭირო 5 G ინტერნეტის დანერგვა! რუსეთში 1 მაისიდან იგეგმება „ციფრული იდენტობის“ შემოღება, შეიქმნება ციფრული აიდი ბარათები, რომელიც მიემაგრება სმარტფონებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი სმარტფონების მფლობელთა გადაადგილების თითოეული ნაბიჯის შესახებ ეცოდინება ხელისუფლებას და ეს ხდება რუსული ციფრული ვალუტის, ციფრული რუბლის შემოღების პარალელურად.
– საქართველოში რა ხდება, ამ დროს?
– „საქართველოში სმარტფონიზაცია დაახლოებით 70%-ს აღწევს“ – აღნიშნა ერთ გადაცემაში „ფინტექ ასოციაციის“ თავჯდომარე დავით კიკვიძემ, თურმე ყოფილა რაღაც პროცესი, რასაც „სმარტფონიზაცია“ დაარქვეს, მაგრამ გაგვცენ პასუხი – განა ეს არ გამოიწვევს დარჩენილი 30 პროცენტის დისკრიმინაციას? შემდეგ ეტაპზე, იკვეთება პერსპექტივა და ტექნიკური შესაძლებლობები, რომ სმარტფონის ფუნქცია შეითავსოს სპეციალურმა ჩიპმა, რასაც ადამიანს სხეულში ჩაუნერგავენ და მასზე კონტროლის მექანიზმიც, მუდმივი გახდება! ჯამში პროცესი მივა ერთიან ცენტრალიზებულ ბანკამდე და ერთიან ცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტამდე, ხოლო სახელმწიფოები და მათი ეკონომიკურის სისტემები გაერთიანდება.
– ეს უკვე აპოკალიფსური პროცესია…
– დიდი ხნის წინ წავიკითხე წმინდა მამათა განმარტება, თუ რა იქნება ანტიქრისტეს გამეფების პირველი ნიშანი – ფულის გაქრობა! და სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რომ გარკვეული კოდის, ბეჭდის გარეშე აღარავის შეეძლება რაიმე იყიდოს ან გაყიდოს… დიახ, ციფრული ვალუტა შემოდის, არა როგორც გაცვლის საშუალება… არამედ როგორც ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დამყარების მექანიზმი, რადგან ციფრული ფული არის პროგრამირებადი და განახორციელებს იმ პროგრამას, რასაც მისი შემქმნელები ჩააქსოვენ!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”
კომენტარები