კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე, ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი დაწესდება

-„ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად. ამ გვერდით მოვლენებზე ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.

იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა, დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, ეს  იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ჩვენ გვაქვს ანგარიშგების ვალდებულება  გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ.

შეიძლება, გვერდითი რეაქცია იყოს ალერგიული რეაქცია მაშინვე ან მოგვიანებით. არის მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები, რაც ვაქცინას თან ახლავს. ეს აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რაც ჩვენთან ვაქცინასთან ერთად მოდის. უმრავლეს შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოვლინებები. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს, არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის  ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

კომენტარები