კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

13 იანვარს, ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანის პროცესი დაიწყო.

11 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის დასრულება გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანას 10 დღე დასჭირდება.

10 იანვარს, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, – ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო.   კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

კომენტარები