კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმე – „ექიმს, ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა

კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმეზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

-„კლინიკამ თავის თავზე აიღო ცირეკიძის ჯანმრთელობის საკითხის უზრუნველყოფა. მოთხოვნაში შედის ასევე სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება და პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა“, – განაცხადა ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანემ.

-„ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მას შემდეგ დათანხმდა, რაც კლინიკამ საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღო.

ჩვენ წინაშე წარმოდგენილი იქნა დამცველი ადვოკატების მიერ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, ასევე უშუალოდ დაზარალებულთან გასაუბრების შემდეგ  დავადგინეთ, – კლინიკა თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო მკურნალობას გაუწევს პაციენტს, ასევე ის მატერიალური ზიანი, რაც გააჩნდა ოჯახს მთელი ამ 2 წლის განმავლობაში მათი მხრიდან სრულად იქნა ანაზღაურება. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა სრულად იზიარებს დაზარალებულის პოზიციას, მხოლოდ ამ მოცემულობით დავეთანხმეთ აღკვეთი ღონისძიების შეცვლას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

 თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო, ვახტანგ ყიფიანს 50 000-ლარიანი გირაო, მაგდა ხოჭოლავას კი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები