კომპანია „გრინვეიმ“ თბილისში ელექტრომობილების დამტენები განათავსა

კომპანია „გრინვეიმ“ თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ადგილი გამოყო და ელექტრომობილების დამტენები განათავსა. ამის შესახებ „გრინვეი საქართველოდან“ იუწყებიან.
პროექტი ხორციელდება კომპანია „ისფეისის“ და „მ2“ თანამშრომლობით. მათი მიზანია შექმნან უკეთესი ეკოლოგიური გარემო და ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ქვეყანაში.
„გრინვეი“ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 სერვის ცენტრს ფლობს.
„დღეიდან ელექტრომობილების უფასო დამტენები ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის თბილისში მდებარე გრინვეის ხუთ სერვის ცენტრში, კონკრეტულად კი – გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ და დიღომში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ელექტრომობილების დამტენები გრინვეის რეგიონულ სერვის ცენტრებშიც განთავსდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები