კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას სამახსოვრო ჩანაწერს აქვეყნებს:

 – „როდესაც 1989 წლის 9 აპრილის დარბევის შემდეგ საყოველთაო შოკმა გადაიარა, ხოლო აქციის დაკავებული ლიდერები 26 მაისისთვის გაანთავისუფლეს, 1989 წლის ივნისში ზვიად გამსახურდიამ სამახსოვრო ჩანაწერით მიმართა საქართველოს ეროვნულ პარტიებსა და ორგანიზაციებს. ეს “სამახსოვრო” არის ჯერ კიდევ სსრკ-ს პირობებში მომქმედი ეროვნული ოპოზიციის გაძღოლის ზოგადი სამოქმედო მონახაზი – წერს კონსტანტინე გამსახურდია და ამ ჩანაწერს ფეისბუქზე აქვეყნებს:

“ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმატებანი პირდაპირ არის დამოკიდებული მის მასობრივ ხასიათზე. ეს მოძრაობა კი საერთო სახალხოდ ვერ გადაიქცევა, თუ მასებმა არ დაინახეს მისი აუცილებლობა, თუ იგი მათ თავიანთ ღვიძლ საქმედ არ აქციეს.”

“ეროვნული მოძრაობა ყველა ქვეყანაში მასობრივი ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ალღოს აუღებდა ხალხის ინტერესებს, გადაეჯაჭვებოდა სოციალურ-ეკონომიკურ მოძრაობას.”

“ჩემი აზრით, ყველაზე რადიკალური იქნება ის პარტია ან ის ორგანიზაცია, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს მუშათა მოძრაობის ორგანიზებას, თავისუფალი პროფკავშირების ჩამოყალიბებას, გასდებს ხიდს პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტებსა და მუშებს შორის, შექმნის მუშათა მოძრაობას.”

“ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით როდი მოიპოვება, არამედ შრომითაც. შრომა, შრომა, თავისუფალი შრომა, აი რა გვმართებს დღეს.”

“ჩვენ უნდა ვიშრომოთ ერთობლივად, რათა ჩვენი მოძრაობა საერთო-სახალხო, საქმიან მოძრაობად გადაიქცეს, რითაც ჩვენ უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა”

“ჩვენ უნდა დავაწესოთ კონტროლი მიგრაციასა და ემიგრაციაზე, საქართველოს ინდუსტრიალიზაციაზე და აგრარულ პოლიტიკაზე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს აგრეთვე ეროვნული აღორძინების დაჩქარება ყველა სფეროში, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პრაქტიკული განხორციელება, ახალი კონსტიტუციისათვის ბრძოლა.”

“რაც შეეხება დიალოგს, მთავარია ჩვენ არ წავიდეთ მტერთან არავითარ კომპრომისებზე, ხოლო როდესაც მტერი თავად მოდის კომპრომისზე, მას უნდა შევუწყოთ ამაში ხელი.”

“პოლიტიკური რომანტიზმი დღეს ვერ გაიმარჯვებს, დღეს საჭიროა უკიდურესი რეალიზმი და პრაქტიკული ალღო პოლიტიკაში, რადიკალიზმთან ერთად. რაც შეეხება ხელისუფლებასთან საქმიან დიალოგს ძალის პოზიციიდან, იგი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა იმ შემთხვევაში, თუ იგი პრინციპულია და უკომპრომისო.”

“როდესაც ჩვენ შევძლებთ ფართო მასების ამოძრავებას, ავამაღლებთ მათ პოლიტიკურ ცნობიერებას, ცხადვყოფთ, რომ ეროვნული ხსნისთვის, ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია.”

“ვიბრძოლოთ ჩვენი მოძრაობის გაერთიანებისა და კოორდინირებისთვის. დავგმოთ ყოველგვარი პარტიული ეგოიზმი, პარტიკულარიზმი, განსაკუთრებულობისა და ელიტარულობის პრეტენზიები, თვითგანდიდება და თვითკმაყოფილება. მხოლოდ ამრიგად მივაღწევთ საბოლოო მიზანს, წინააღმდეგ შემთხვევაში გველის დაქსაქსვა და დაუძლურება.”

ეს სამახსოვრო მთელი მოცულობით გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველოს რესპუბლიკა” №124-125 (145),
1991 წლის 28 ივნისი”- წერს პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია

 

კომენტარები