კონსტანტინე შავიშვილი: თურქი ოკუპანტების წინააღმდეგ ვაშნარის ბრძოლაში დაღუპული ჭაბუკები საქართველოს მომავალზე დაფიქრებისთვის მოგვიწოდებენ!

 “გურიაში ბრძოლის ყიჟინა გაისმა. თურქმა დამპყრობლებმა ოზურგეთი დაიკავეს და მოსახლეობა პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. ლანჩხუთში მაცნემ ჩამოიარა და ოსმალების წინააღმდეგ საომრად ქუდზე კაცს უხმო. სახელდახელო ლაშქარიც უმალ შეიკრიბა – 42 თავდადებული ლანჩხუთელი ყმაწვილი, რომელთა უმეტესობა ჯერ სრულიად ბავშვი იყო! ოჯახებიდან მოიტანეს იარაღი – ზოგმა, მამა-პაპისეული ფილთა თოფი, ზოგმა ხმალი და ხანჯალი, ვისაც არაფერი ებადა, ფიწალს წაავლეს ხელი და წარბშეუხრელად ეტაკნენ მძვინვარე მტერს. საარაკო გმირობა ჩაიდინეს – რაზმის უმრავლესობა ბრძოლაში გმირულად დაეცა, მაგრამ დამპყრობლები სიცოცხლის ფასად განდევნეს მშობლიური მიწიდან, თავად კი, საძმო საფლავში მარადიული ძილით დაიძინეს…  სოფელ გურიანთაში 1918 წლის 11 აპრილს თურქი ოკუპანტების წინააღმდეგ სამამულო ომში დაღუპული ყრმების საძმო საფლავი ისტორიის მწარე გაკვეთილებს შეგვახსენებს!”

 – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკმა, კონსტანტინე შავიშვილმა:

 

– ტოპონიმი „გურია“ სათავეს მე-8 საუკუნიდან, საქართველოში მურვან ყრუს ლაშქრობის პერიოდიდან იღებს, როცა ანაყოფიის ციხესთან ქართულ-აფხაზურმა არმიამ არაბებს სასტიკი მარცხი აგემა. შუა საუკუნეებში გურია 140 წლის განმავლობაში გმირულად ეომებოდა ოსმალებს, რის შედეგადაც ამ მხარეში მამაკაცები თითქმის გაწყდნენ. ამის გამო გურიის მთავარი მამია გურიელი იძულებული გამხდარა, 1614 წელს სტამბულში სულთანს ხლებოდა და მშვიდობის სანაცვლოდ ხარკი შეეთავაზებინა. ამ ნაბიჯით, თურმე მოსახლეობა გათათრებისგან გადაურჩენია და ეროვნული თვითმყოფადობა შეუნარჩუნებია. გურია მთელ საქართველოში საუკეთესო მეომრული ტრადიციებით გამოირჩეოდა. 2 ათას გურულ მოლაშქრეს პასკევიჩის არმიაშიც გამოუჩენია თავი, როცა მხედართმთავარი ლიმანასთან საქართველოს და სომხეთის ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძოდა. თურმე ამ ომში განსაკუთრებით უაქტიურია ვახტანგ გურიელის ქვრივს, მარიამ ორბელიანს, რომელიც გურულ ქალთა რაზმს მეთაურობდა. დაუნდობელ თურქ დამპყრობლებთან გურულების ერთ-ერთი უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირება კი, ოზურგეთის მახლობლად, სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ველზე მოხდა, სადაც გურულმა ყმაწვილებმა საარაკო გმირობა ჩაიდინეს და მტერი საკუთარი სიცოცხლის ფასად უკუაქციეს, თუმცა რატომღაც, მათი გმირობა მივიწყებულია, ხოლო თურქეთი „მეგობარ ქვეყნად“ არის გამოცხადებული.

 

  • რა ვითარებაში დაესხა საქართველოს თურქეთის არმია?

 

  • 1918 წლის გაზაფხული იდგა. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე ჯერ არავინ ფიქრობდა, ახლად გასაბჭოებული რუსეთისგან ამიერკავკასიის გამოყოფის იურიდიული გაფორმების მიზნით, თბილისში ამიერკავკასიის სეიმი მუშაობდა, რომელიც შედგებოდა ამიერკავკასიიდან არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრებისგან. სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე ბრძანდებოდა. 31 მარტს ამიერკავკასიაში ოსმალეთის სამი არმია შემოიჭრა, ერთ-ერთმა – გალიპოლის დივიზიამ ბათუმი თითქმის უბრძოლველად დაიკავა. ქართულმა ლეგიონებმა უკან დაიხიეს და ქობულეთსა და ოზურგეთში გამაგრდნენ. ოზურგეთამდე თურქებს 24 ვერსი (დაახლოებით, 25 კილომეტრი) უნდა ევლოთ. შეტევაზე ლიანდაგების გასწვრივ წამოვიდნენ და პირველი შეტაკება ჩოლოქთან მოხდა. თურქულ არმიას გენერალ მაზნიაშვილის და იმ დროს საქართველოში ერთადერთი ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურის, ვალოდი გოგუაძის რაზმები დაუპირისპირდნენ, პირველი მარცხიც აგემეს, მაგრამ 6 აპრილს ოზურგეთი მაინც დაეცა – ქალაქი სხვა მხრიდან მოსულმა მეორე თურქულმა შენაერთმა დაიკავა.
    ვალოდი გოგუაძე
    გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

    რამდენიმე დღის განმავლობაში უმოწყალოდ ძარცვავდნენ, მოსახლეობას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა – ხოცავდნენ, დანარჩენებს კი შეურაცხყოფდნენ. ნატანებში ქართველების სამხედრო კრება გაიმართა, რომელსაც ნოე ჟორდანია, ვალოდი გოგუაძე და გენერალი მაზნიაშვილიც ესწრებოდნენ. კრებაზე ოზურგეთის დაბრუნების გეგმა შეიმუშავეს და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიზანული ბრძოლისკენ მოუწოდეს. ლანჩხუთში უმალ, 42 კაციანი პარტიზანული ახალგაზრდული რაზმი ჩამოყალიბდა, ძმების – აქვსენტი და იაგორ გურგენიძეების მეთაურობით. აქედან 21 მეომარი გვარად, გურგენიძეები იყვნენ. ყველაზე უფროსი 25 წლის იყო, რაზმის უმეტესობა კი 14-15 წლის ყმაწვილებისგან შედგებოდა. აი, ამ ბავშვებმა მაშინ სიცოცხლე გაწირეს და სამშობლო გათურქებისგან გადაარჩინეს!

 

  • სად და როდის მოხდა თურქებთან გადამწყვეტი შეტაკება?

 

  • თუ სამართალია, ამ ბრძოლის შესახებ ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ეწეროს, მაგრამ ფართო საზოგადოებამ ნაკლებად იცის… ის სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ველზე 11 აპრილს გაიმართა. ქართულ რეგულარულ ჯართან და რუსი პოდპოლკოვნიკის, კოსტილის ცხენოსან არტილერიასთან ერთად, ამ ბრძოლაში გურული ჭაბუკების პარტიზანული რაზმიც მონაწილეობდა. 42 ახალგაზრდიდან 37 – აგრესორს ბრძოლის ველზე გმირულად შეაკვდა! შთამომავლობამ მათი ვინაობა უნდა იცოდეს:

 

აქვსენტი და იაგორ (რაზმის მეთაურები), მელიტონ, დათიკო, კასიანე, გიორგი, დემური, ვანო, ნესტორ, ივტიხი, სერგო, ვასო, ვლადიმერ, ვალია, ბართლომე, ასალო, ძმები – ვლასი და მოსე (დიმიტრის ძენი), ლავრენტი, სიმონი, გაბრიელი, ნესტორი

გურგენიძეები;

 

ივანე, სოლომონ, კლიმენტი, მოსე

გუჯაბიძეები;

 

პლატონ, კალისტრატე, ნესტორ, ვიქტორი

ჩხარტიშვილები;

 

კოლია და ლადიკო

ტუღუშები;

 

გრიგოლ სარჯველაძე, იაკინთე როყვა, მოჰამედ (მიხაკო) ფიროლი, დიმიტრი ხომერიკი, სოლომონ მშვიდობაძე.

 

  • სად განისვენებენ მამულს შეწირული გმირები?

 

  • თავიდან, მეომრები იქვე, ბრძოლის ველზე მიაბარეს მიწას. შემდეგ, მადლიერმა მოსახლეობამ ვაშნარის ველზე დაღუპული ყმაწვილთა ცხედრების ნაწილები შეაგროვა, სოფელ გურიანთაში გადაასვენა და საძმო საფლავში დაკრძალა.
    თურქ ოკუპანტებთან ომში დაღუპული გურული ჭაბუკების საძმო საფლავი სოფელ გურიანთაში

    60-იან წლებში კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფლავზე ის ეპიტაფია აღმართა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა თურქ ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდებს ჯეროვან პატივს მიაგებდა, სკოლის მოსწავლეები პერიოდულად, საძმო საფლავს ყვავილებით ამკობდნენ. მერე, ნელ-ნელა მათი გმირობის ამბავი დავიწყებას მიეცა. ახლახან, მე და ჩემმა მეგობრებმა კითხვა-კითხვით მივაგენით საძმო საფლავს. სოფელი ფეხზე დადგა, გმირთა განსასვენებელის შემოგარენი მოაწესრიგა. აღსანიშნავია, რომ ამ საძმო საფლავიდან 1 კილომეტრში, ერთ-ერთი მოსახლის ყანაში კიდევ ერთი საძმო საფლავი მდებარეობს, უფრო ძველი, ვიდრე ეს სამარეა. მასში იმავე ბრძოლაში დაღუპული 5 მეომარი განისვენებს. ვაპირებთ, მათი ნეშტებიც მთავარ საძმო საფლავზე გადმოვასვენოთ და შემდეგ, თურქ ოკუპანტებთან ომში დაღუპულთა მემორიალი აღვმართოთ. ამისთვის გურიანთას მოსახლეობა საგანგებოდ ემზადება.

 

ბოლოთქმა:

როცა პოლკოვნიკმა კონსტანტინე შავიშვილმა ამბის თხრობა დაასრულა, საგანგებოდ დასძინა, რომ იგი იმ ანტონ შავიშვილის ბადიში ბრძანდება, რომელმაც 1877-1878 წლებში თავი რუსეთ-თურქეთის ომში გამოიჩინა. აჭარა მაშინ თურქეთის შემადგენლობაში იყო, ხოლო ოზურგეთში რუსული არმიის პლაცდარმი გახლდათ. რუსეთ-თურქეთის იმ ომში თურმე, 30 ათასამდე ქართველი მოლაშქრე მონაწილეობდა, რომლებიც, ფაქტობრივად, თურქი დამპყრობლებისგან სამშობლოს გამოსახსნელად იბრძოდნენ. როცა ოკუპანტები უკუაქციეს, ბათუმის მოსახლეობა ზარ-ზეიმით შეეგება მოლაშქრეებს, ანტონ შავიშვილმა კი, ამ ომში მაღალი ჯილდო – წმიდა გიორგის ვერცხლის ჯვარი დაიმსახურა. სწორედ ეს ჯილდო აქვს დაბნეული ფოტოსურათზე, რომელიც ოჯახის გარემოცვაში გადაიღო.

გული მწყდება, როცა ვხედავ, ამ ყმაწვილების სიცოცხლის ფასად გამოსყიდულ მშობლიურ მიწებს ჩვენს დროში უბრძოლველად როგორ ეპატრონებიანო, თანამედროვე თურქი დამპყრობლები – ცრემლმორეულმა მითხრა პოლკოვნიკმა და მომეჩვენა, რომ მის სევდიან თვალებში ცრემლი ისე საბედისწეროდ დაგუბდა, როგორც სოფელ ნამოხვანში რიონი დაგუბდება, რათა შუაგულ საქართველოში ქართულ მიწაზე გამომუშავებული ელექტროენერგიით, ქართველების შევიწროვების ხარჯზე – ვაშნარის ბრძოლაში მონაწილე ოკუპანტი თურქების შთამომავლებს ცხოვრება გაულამაზოს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები