კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა – „არ იყო შაქრიანი დიაბეტი მართული სათანადოდ“
მხატვარ, რატი თორდიას, შვილი 19 წლის, თეკლა თორდია კორონავირუსით გარდაიცვალა. გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა. ის თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობას.
ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გოგონა დაავადების მეექვსე დღემდე სახლში მკურნალობდა, მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ძლიერი ხველა დაეწყო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, შაქრის მაჩვენებელი უმართავი გახდა.
ოჯახმა მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, ადგილების უქონლობის გამო უარი უთხრეს და პაციენტი კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. იქ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. სასტუმროში მკურნალობას გადიოდა “გერმანული ჰოსპიტალის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, სწორედ მისი დახმარებით მოხეხრდა გოგონას “გერმანულ ჰოსპიტალში” გადაყვანა, ის მკურნალობის მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
– „არ იყო შაქრიანი დიაბეტი მართული სათანადოდ…“, – აცხადებს მკურნალი ექიმი.
პაციენტი მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს. ემერჯენსში მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველად დახმარების ჩატარება. CPAP ვარჯიშების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს და გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსით ინფიცირების მძიმე მდგომარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ, 29 რიცხვში გარდაიცვალა”, — განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ეკატერინე ლორიამ.
-„კლინიკაში რომ გადაეყვანა, არ დამძიმდებოდა! ეს არ მოხდებოდა“, – აცხადებენ ოჯახის წევრები.
შესაძლოა, ოჯახმა სასამართლოს მიმართოს.
გარდაცვლილი პაციენტის დედა ტელეკომპანია „მთავრთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს:
-„შვილის ჰოპსიტალიზაციას თავიდანვე ითხოვდა, რადგან თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. ამის ნაცვლად კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.
მოვიდა სასწრაფო, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და უკან გამოგვიშვეს. ვრეკავდი, ვითხოვდი, ჰოსპიტალში წაგვიყვანეთ-მეთქი. წაგვიყვანეს კოვიდსასტუმროში. დამძიმდა, იქ წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, ექიმს მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. სასწრაფო ჯანდაცვაში მამისამართებდა, ჯანდაცვა — სასწრაფოში. ამ ამბავს შეესწრო „გერმანული ჰოსპიტლის“ თანამშრომელი, იქ სასტუმროში მკურნალობდა თვითონაც. მან დარეკა ჰოსპიტალში, ხვეწნა-მუდარის მერე გადაიყვანეს. რომ ვუთხარი, იქნებ, რემდესივირი ჩაურთოთ და მკურნალობა დაიწყოთ-მეთქი, უკუჩვენებები აქვსო და არ გაუკეთეს”.