„კორონავირუსისგან განიკურნა, დამძიმდა ქრონიკული დაავადებებით, გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ“

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთორმეტე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განთავსდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი 81 წლის იყო.

-„პაციენტი 81 წლის იყო.  პაციენტი კორონავირუსისგან 29 აპრილს განიკურნა, თუმცა ვირუსმა ქრონიკული დაავადებები დაამძიმა.

ქალბატონი  კლინიკაში შემოვიდა 12 აპრილს „ქართულ-გერმანული“ კლინიკიდან, აპარატულ სუნთქვაზე იყო. უმძიმესი პაციენტი იყო,  მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 29 აპრილს, 14 დღის შემდეგ მას ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა. ქრონიკული დაავადებებით იყო უმძიმესი. ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის ნაკლოვანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, ორმხრივი დისტრესი, სეფსისი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ანემია და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.  პაციენტი გარდაიცვალა 13 მაისს, გუშინ, საღამოს 22:00 საათზე. 29 აპრილს კორონავირუსი პაციენტს აღარ ჰქონდა, მაგრამ იმდენად დამძიმდა თავისი ქრონიკული დაავადებებით, რომ გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ. კორონავირუსმა დაამძიმა პაციენტის ქრონიკული დაავადებები“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 394.

კომენტარები