კორონავირუსის ინდური შტამი იტალიაში – იტალიაში ინდოეთიდან შესვლა შეიზღუდა

იტალიაში, ვენეტოს რეგიონში, სოფელ ბასანოში, კორონავირუსის ე. წ. ინდური შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ დღეს განაცხადა.

ინფიცირებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, მამა და მისი ქალიშვილი ცოტა ხნის წინათ დაბრუნდნენ ინდოეთიდან.

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.

ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 323 144-ით გაიზარდა.ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 2 771 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.

კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია ინდოეთში მიმდინარეობს.

უკვე 20 ქვეყანაშია გავრცელებული ინდური შტამი.

25 აპრილს იტალიაში ინდოეთიდან შესვლა შეიზღუდა –არ შეუშვებენ უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში იმყოფებოდნენ, ინდოეთიდან დაბრუნებულ იტალიის მოქალაქეებს ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 8444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (დადებითობის მაჩვენებელია 5,8%), გარდაიცვალა 301 პაციენტი (გუშინ – 217).

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 3 971114 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 398 763 ადამიანი, გარდაიცვალა 119 539 პაციენტი. ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 452 812-ს უდრის, მათგან კრიტიკულად მძიმეა 2849 პაციენტი.

დღეიდან, 26 აპრილიდან იტალიაში მკაცრი კარანტინი მოიხსნა და რეგიონების უმეტესობა „ყვითელ ზონად“ გამოცხადდა, მათ შორის, კამპანიაც. დეკემბრიდან მოყოლებული, პირველად აღდგა რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილება ნებისმიერი საბაბით, მათ შორის, ტურისტულითაც. საუბარია მხოლოდ „ყვითელი ზონის“ რეგიონებს შორის თავისუფალ მიმოსვლაზე. ნარინჯისფერი და წითელი (სარდინია) ეპიდემიოლოგიური ფერის მქონე რეგიონებში მოგზაურობისთვის კი შეზღუდვა ისევ ძალაშია.

კომენტარები