კორონავირუსის საფრთხის გამო, კომპანია Twitter-ი თავის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე კომპანია Twitter-ი თავის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ BBC წერს.

„დაწყებული დღევანდელი დღიდან ჩვენ დაჟინებით ვურჩევთ ყველა ჩვენს თანამშრომელს მსოფლიოს მასშტაბით სახლიდან იმუშაონ, თუ ეს შესაძლებელია. ჩვენი მიზანია კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირება.

ოფისში მუშაობა ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვისაც ამის აუცილებლობა ან სურვილი აქვს“.

„Twitter-ის თანამშრომლები ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ვალდებულნი არიან სახლიდან იმუშაონ“, – აღნიშნეს კომპანიაში.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს.  გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.  ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დადასტურა,  რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

კომენტარები