„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით ჯაშუშები დაინტერესდნენ“ – ბიბისი“

აშშ-ის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით უცხოელი ჯაშუშები დაინტერესდნენ.

ამ ინფორმაციას  გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი „ბიბისი“ ავრცელებს.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობს.

აშშ-ის კონტრდაზვერვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, უილიამ ევანინას განცხადებით:

„აშშ-ის ხელისუფლება მსგავსი რისკების შესახებ გაფრთხილებულია. ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან და მთავრობასთანაც. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა კვლევების მონაცემების საუკეთესოდ იყოს დაცული“.

მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა სამეცნიერო კვლევების შესახებ მონაცემების მოპარვის მცდელობა.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გააქტიურება დაადასტურეს ბრიტანეთის დაზვერვაშიც.

აპრილში აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ კორონავირუსის კვლევით დაკავებული ორგანიზაციების კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის მცდელობა დაფიქსირდა.

აშშ-ის პროკურორის მოადგილე, ჯონ დემერსმა განაცხადა:

„აბსურდული იქნებოდა, რომ ვაქცინის კვლევებით ჩინეთი არ დაინტერესებულიყო“.

აპრილში კიბერდამნაშავეების სამიზნე ასევე გახდა ორი საავადმყოფო ჩეხეთში. ამას აშშ-ის სახელმწიფო მდვნის, მაიკ პომპეოს კრიტიკული განცხადება მოჰყვა.

კომენტარები