კორონავირუსი გართულებებს საშუალო სიმძიმით მიმდინარეობის დროსაც ტოვებს

-„ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ გვყავს, არც არავინ გამოჯანმრთელებულა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 37 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არსად შეინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში მძიმე პაციენტები ჰყავთ. მათი მდგომარეობა მძიმეა, ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან. ვერ ვიტყვით იმას, რომ დაავადება გამსუბუქდა. რაც პერიოდი გავა, შეიძლება, ვირუსის ინვაზიურობის ხარისხი და ინფიცირების ინტენსივობა გარკვეულწილად შემცირდეს, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო, არ ვიცით, ეს ვირუსი იქნება თუ არა როგორც გრიპი. იმის თქმა, რომ დღეს კლინიკაში არ წვანან მძიმე პაციენტები, სწორი არ იქნება. ეს დაავადება გართულებებს ტოვებს არა მხოლოდ მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში, არამედ, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება დაავადება იყოს საშუალო სიმძიმის. ამიტომ ვსაუბრობთ, –  ამ დაავადებას, მის პნევმონიას ახასიათებს ცოტა რთული, განსხვავებული მიმდინარეობა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ კორონავირუსი არ დაგვემართოს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 182 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები