კოჯორში რესტორან-ატრაქციონი „ვახშამი ცაში“ გაიხსნა
საქართველოში პირველი რესტორან-ატრაქციონი Dinner in the Sky კოჯორში უკვე გაიხსნა.
რესტორანი კურორტ Bioli-ს ტერიტორიაზე მდებარეობს და პოპულარული კონცეფციის „ვახშამი ცაში” ანალოგია, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
საქართველო 71-ე ქვეყანაა, სადაც მსგავსი რესტორანი გაჩნდა.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ივახშმონ 50 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც თბილისის ლამაზი ხედი იშლება. 7-ტონიან ჩამოკიდებულ კონსტრუქციებზე სტუმრებს, რომლებსაც უსაფრთხოების ქამრები ექნებათ შეკრული, სპეციალური ამწე ზემოთ აიყვანს. პლატფორმა 22 ადგილზეა გათვლილი.
დაწესებულება მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში იმუშავებს. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს, დაკიდული რესტორანი ბათუმშიც გაიხსნას.
პირველი რესტორანი „ვახშამი ცაში” ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.