კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცეს

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცეს.

ონიანი 2009 წელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.  მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი მან ორენბურგის ციხეში მოიხადა.

ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა.

38-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 1995 წლიდან 2005 წლამდე ესპანეთში უკანონოდ საქმიანობდნენ. ყოფილი სსრკ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოძალვის, საწარმოების „გაკონტროლების“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით მიღებულ თანხებს ონიანი ესპანეთში ლეგალურ სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში აბანდებდა.

ონიანის დაკავებაზე პირველი ორდერი ესპანურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2005 წელს, ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს გასცა. მაშინ 30-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ონიანმა ესპანეთიდან გაქცევა რამდენიმე საათით ადრე მოასწრო.

Deutsche Welle-სთან საუბარში ესპანეთის პროკურატურაში განაცხადეს:

„ამჯერად რუსულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პრაქტიკულად არასდროს გადასცემს ესპანეთს ეჭვმიტანილებს. ტარიელ ონიანი უკვე დაკავებულია რუსეთში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, რომელიც ესპანეთმა რუსეთში ინტერპოლის ხაზით გააგზავნა“.

კომენტარები