კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების წარმოება, ვანდალიზმია – არქიმანდრიტი კირიონი
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, საქართველოს ხელისუფლებას, არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. როგორც ის „პირველ რადიოსთან“ საუბარში აცხადებს, სახელმწიფოს რეალურად აქვს ხელთ უამრავი ინსტრუმენტი, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანელების მიერ დაწყებული სამუშაოები შეაჩეროს.
არქიმანდრიტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააგებინოს, რომ დავით გარეჯი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ტერიტორიაზე ბულდოზერებით მუშაობა არ შეიძლება.
„სრულ გაუგებრობაში ვართ, ეს პროცესი არ მოითხოვს მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტებზე საუბარს. სახელმწიფოსგან არის უამრავი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს, ანუ გააგებინოს საერთშორისო საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანი ყოველგვარ სტანდარტს არღვევს ურთიერთობის, რომ სასაზღვრო ზონაში ახორციელებს ამგვარ სამუშაოებს, რომ ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომ ამგვარი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლზე არ შეიძლება და ვანდალიზმია, არ შეიძლება ასევე მათი კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ ნაკრძალი, მუზეუმ ნაკრძალში როგორ შეიძლება ბულდოზერებით თხრა, თავის თავსაც ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელები ამ შემთხვევაში.
მე იმათი საკანონმდებლო დანაშაული არ მაინტერესებს, მაგრამ მე ჩვენს მხარეს ვიძახი, რომ ადეკვატური არ არის, არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებებია ადეკვატური, რა თქმა უნდა,“-ამბობს მამა კირიონი.
დავით გარეჯში აზერბაიჯანელები, უკვე მეორე დღეა, გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებენ. ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ, მობილიზებული ტექნიკა შეუჩერებლად მუშაობს.
მომლოცველებს და ადგილობრივებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ.