ლადო კახაძე: დრო ვერ აჯობებს…

დრო ვერ აჯობებს ჩარლის,
დრო ვერ აჯობებს ბითლებს,
დრო ვერ აჯობებს შექმნილ
ლეგენდებსა და მითებს.
დრო ვერ აჯობებს წყენას,
დრო ვერ აჯობებს ტკივილს,
ვერც გაჭირვების თმენას
და ვერც ჯოკონდას ღიმილს.
დრო ფასს უმატებს ნახატს,
დრო ფასს უმატებს წიგნებს,
დრო სულ გამოსცდის ახალს
და აღმოჩენის მიმგნებს.
დრო გაზიარებს მართალს,
დრო გიწილადებს მისას,
დრო კაცს წამზომით გმართავს,
დრო დაგამიზნებს მიზანს.
დრო ხან აურევს წესრიგს,
ხან ყურს აუწევს ბროუნს,
დრო ცალ ხელთათმანს გესვრის
და ხსნას გთავაზობს დროულს . . .

კომენტარები