ლალი კიკნაველიძე: ნაყიდი მზესუმზირიდან რამდენიმე მარცვალი მაინც ჩარჩებოდა ხოლმე ჯიბის კუთხეში და იმ შარვალს, ან ქურთუკს მეორედ რომ ჩაიცმევდი, იპოვიდი ამ მარცვლებს და რაღაცნაირად გიხაროდა დარბილებული მზესუმზირის ჭამა

-“ნოსტალგია

ბავშვობაში, ბნელსა და ტკბილ 90-იან წლებში “მესემიჩკესთან” რომ მიხვიდოდი და 20 თეთრიანს გაუწოდებდი, გამოგართმევდა და ამოაძრობდა გაზეთის ქაღალდისაგან გაკეთებულ პატარა აბგას ე.წ “კულოკს” ერთმანეთში რომ ჰქონდათ ხოლმე კოხტად ჩადებული. მზესუმზირის ამოღებისას, ჭიქას სპეციალურად ორჯერ, ან სამჯერ ამოავლებდნენ ხოლმე მზესუმზირაში, რომ პირთამდე კი არა, იმაზე მეტად ყოფილიყო გავსებული და ჩაყრის შემდეგ იმ ჭიქით კიდევ ცოტას გიყრიდნენ ზემოდან – გიმატებდნენ. მერე უმეტესწილად ჯიბეში ვიყრიდით იმ მზესუმზირას, ქაღალდის აბგას კი, ვუბრუნებდით  გამოგებერებოდა ჯიბე ამდენი მზესუმზირისგან და ასე 5 წუთში თავდებოდა, ყველა გთხოვდა უბანში – დამიყარე! დამიყარე! მეც დამიყარე! თან, ყველა ჰყავდა თავისი ფავორიტი “მესემიჩკე”, ყველა უბანს! ნაყიდი მზესუმზირიდან რამდენიმე მარცვალი მაინც ჩარჩებოდა ხოლმე ჯიბის კუთხეში და იმ შარვალს, ან ქურთუკს მეორედ რომ ჩაიცმევდი, იპოვიდი ამ მარცვლებს და რაღაცნაირად გიხაროდა დარბილებული მზესუმზირის ჭამა. “დასპეცებულ” მესემიჩკეებს განსაკუთრებული ჭიქები ჰქონდათ, დიდი ჩანდა შუშის სისქის გამო, მაგრამ შიგნით ცოტა ეტეოდა.

ქაღალდში გახვეულ მზესუმზირას, სულ სხვა სურნელი და გემო ჰქონდა  6-7 წლის რომ ვიყავი, გულში ვამბობდი, ნეტაი ამათ, ამათზე ბედნიერი არავინაა დუნიაზე, რამდენიც მოესურვებათ, იმდენი “სემიჩკა” აქვთ, ამათთვის ყოფილა წუთისოფელი-მეთქი და მშურდა კიდეც მათი. ” – წერს ლალი კიკნაველიძე

კომენტარები