ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევა – „იქ ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, სიტუაცია ძალიან გართულდეს“ – პაატა იმნაძე
-„ტურისტები იქედან ვერ შემოდიან, იქედან შემოდიან საქართველოს მოქალაქეები, ძალიან ბევრი, ასევე ტრაილერის მძღოლები. მოგეხსენებათ, დღემდე 110-ზე მეტი ტრაილერის მძღოლია დაინფიცირებული. ძალიან ბევრი სწორედ ამ გზითაა შემოსული, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთიდან შემოდის საქართველოში. მოგეხსენებათ, კარანტინებიდან 300-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ასე რომ, ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ.
რადგან ეს ადამიანები, პროფესიულად მაღალი რისკია, პერიოდულად იტესტებიან, ასე რომ, იქ ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, სიტუაცია ძალიან გართულდეს. იქ ჩვეულებრივი სამუშაოები ჩატარდება, დადგინდება კონტაქტები, რომ მოხდეს მათი იზოლირება, გამოკვლევა.
შემთხვევები აბსოლუტურად კონტროლირებადია. ყველა ის ადამიანი გადაყვანილი იყო თვითიზოლაციაში, ასე რომ, იქ პრობლემები ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ყაზბეგის რაიონში, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კორონავირუსით ინფიცირების ხუთ შემთხვევაზე საუბრისას.
ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.