ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი – დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი – დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის სამგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს:

-„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართული სპორტის ლეგენდის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ბატონი დავითის წვლილი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. დავით ხახალეიშვილი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს.

1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე, დავით ხახალეიშვილის გამარჯვების შედეგად პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა საქართველოს დროშა. დავით ხახალეიშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიასა და ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში“.

დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა.  გასულ თვეში, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

ხახალეიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

კომენტარები