ლევან ვასაძე – არავითარი უკანონო ფორმირება არ შემიქმნია, თუ ესენი ასე თვლიან, რაც უნდათ ქნან
არავითარი უკანონო ფორმირება არ შემიქმნია, თუ ესენი ასე თვლიან, რაც უნდათ ქნან, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, სადაც ის გამოკითხვაზეა დაბარებული.
როგორც ვასაძემ განმარტა, ის კანონმორჩილი მოქალაქეა და მზად არის, საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
“მოვედი, რომ გავაგრძელო ჩემი სრული კანონმორჩილი თანამშრომლობა ამ ჩვენს ნახევარ სახელმწიფოსთან, მივცე ნებისმიერი ჩვენება, გავცე პასუხი ყველა შეკითხვას, რასაც დამისვამენ, არაფერი დასამალი არ მაქვს. წამოვედი ვერის ბაღიდან იმიტომ, რომ იყოს სიმშვიდე. ვიცოდი, უარი რომ მეთქვა მოსვლაზე, მოვარდებოდნენ და ატყდებოდა ერთი ამბავი. ჩვენს თანამოქალაქეებს ავუხსენი, რაც მოხდა რუსი დეპუტატის გარშემო დადგმული პროვოკაციის შესახებ, მოვუწოდე ყველას, ვინც წინააღმდეგია ე.წ. პრაიდის ჩატარების, ვერის ბაღში მოვიდეს, იყოს მშვიდად, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამის მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ დაუპირსპირდეს იმ ქართველებს იქ, ვინც იქ სამართლიანად აპროტესტებენ ამ პროვოკაციას გაბრილოვის ქმედების გარშემო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, დადგეს გლობალისტებმა და დაადგმევინა ბიძინამ, თორემ რომ არ სდომებოდა, რატომ დაადგმევინებდა. ერთი თხოვნა მაქვს, ქართველ ჟურნალისტებთან, ქართველ საზოგადოებასთან, ნუ ავყვებით ემოციებს, ვიყოთ მშვიდად, წყნარად”, – განაცხადა ვასაძემ.
ის კითხვას, იცოდა თუ არა, რომ კანონს არღვევდა, როცა ე.წ. რაზმების შექმნაზე საუბრობდა, პასუხობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.
“ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, არაფერი კანონი არ დამირღვევია, კანონს არღვევს ის, ვინც არ ემორჩილება შსს-ს განცხადებას, რომ პრაიდი არ ჩატარდება. კანონს დაარღვევს ის უცხოელი, მათ შორის ელჩი, ვინც არ დაემორჩილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ დაეტიონ თავიანთ საელჩოებში, არ გამოიწვიონ ქართველი ხალხი აგრესიაზე და ვინც ამას არ გააკეთებს, ის თვითონ გავა კანონს გარეთ, ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის ინტერესებს მიღმა. თუ ამათ, ამ ნახევარ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მე დავარღვიე კანონი, მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
თეთრი ხელსახოცი არის მშვიდობის სიმბოლო, კომბლები დევს სხვენში, იმ წამსვე, როცა პოლიციამ გვითხრა, რომ არ ჩაგვქოლავს და პრაიდი არ ჩატარდება, მოვუწოდეთ ჩვენს მომხრეებს, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. ეს კომბლები იმისთვის იყო, რომ პოლიციელების ძალადობისგან დაგვეცვა თავი, თუკი ისინი პროვოკატორებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაში დაეხმარებოდნენ. კომბლები არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური ხალხის დასაფრთხობად. ვიღაც ტყეში, ან სარდაფში რაღაცას იზამს, ეს არ არის პრაიდი”, – განაცხადა ვასაძემ.
ცნობისთვის, ლევან ვასაძე უკანონო ფორმირებების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.