ლევან თარხნიშვილი – არჩილ თალაკვაძემ თავის საქმეს მიხედოს, განცხადებები განიხილოს, ოპოზიციისა და საზოგადოების დიალოგს კი როგორმე თავად დავალაგებთ

„ევროპულმა საქართველომ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი ხნის წინ დავაფიქსირეთ პოზიცია, როდესაც ჩვენმა დეპუტატებმა დაწერეს განცხადება და არავის ეს განცხადებები უკან არ გამოუწვევია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, ეს პოზიცია კიდევ ერთხელ განამტკიცეს. როგორც თარხნიშვილი ამბობს, მთავარ მოთხოვნად კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება.

ამასთან, ლევან თარხნიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონი დროულად აღასრულონ.

„რაც შეეხება ამ პოზიციის გამაგრებას, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა პოლიტიკური პარტიების განცხადება. მათ შორის ევროპული საქართველოსი“, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები. ეს არ არის რაღაცა ახირება, მივიჩნევთ, რომ იმ ღრმა კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში, თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით. პლუს აქედან განდგომილად ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის გიორგი რურუას გამოშვებას და მათი საქმეების შეწყვეტას. შესაბამისად, ჩევნი პოზიცია არ შეცვლილა, აქედან გამომდინარე, ბატონი თალაკვაძის განცხადება ღია კარის მტვრევაა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ. დროა მათ აღასრულონ კანონი, რომელსაც არღვევენ ამ ხნის განმავლობაში, როდესაც არ განიხილავენ ამ 51 განცხადებას. პირიქით, ოთხი განცხადება, რომელიც შემდეგ შევიდა, იმის გამო, რომ უბრალოდ აწყობდათ ასე და უნდა შეეთრიათ ე.წ. ოპოზიცია „ევროპული სოციალისტების“ სახით, განიხილეს ბევრად ადრე. მოვუწოდებ მათ, რომ აღასრულონ კანონი, განიხილონ ეს განცხადებები და შეწყვიტონ მასკარადი, რომელიც ამდენი ხანია, გრძელდება“, – განაცხადა ლევნ თარხნიშვილმა.

ასევე, თარხნიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თალაკვაძეს თავისი საქმე აქვს და მას უნდა მიხედოს.

„მოდით, ბატონმა თალაკვაძემ მიხედოს თავის საქმეს. გააკეთოს ის, რაც მას ევალება, განიხილოს ეს განცხადებები. ოპოზიციისა და საზოგადოების დიალოგს როგორმე ჩვენთ თვითონ დავალაგებთ. სწორედ საზოგადოების მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების დაკანონება. გარდა ამისა, სწორედ საზოგადოების შეურაცხყოფა არის ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში. ის, რაც 31 ოქტომბერს გააკეთა, ხალხს წაართვა არჩევანი და საშუალება, რომ არჩევნების გზით შეეცვალათ ხელისუფლება. აი, ეს არის ადამიანების, საზოგადოების შეურაცხყოფა და ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, საზოგადოება ჰყავს ჩკეტილი უაზრო რეგულაციებით, თვითონ კი ყველაფერი მშვენივრად შეირგეს“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარებ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოილების შეწყვეტის თაობაზე განაცხადა, რომ პარლამენტის კარი ღიაა ორ თებერვლამდე. მისივე თქმით, საკითხის განხილვა არ გადაიდება.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები