ლევან რატიანი: „მალე საქართველო კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა გადარჩება“ – ახალი პროტოკოლი – ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში? –

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და კლინიკური ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს. მათ ქართველ კოლეგებს ქვეყანაში COVID19-ის მართვის შესახებ დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მოისმინეს.

-„კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, რადგან ჯერჯერობით ვირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური და არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები არ არსებობს. იმედია, საქართველო კორონავირუსს მალე დაამარცხებს და ყველა გადარჩება.

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რა მეთოდოლოგიით ვმართავთ. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული შენიშვნები, ეს შენიშვნები შეიძლება იყოს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებთან დაკავშირებული. მათთან ერთად ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება ახალი პროტოკოლი მიღებული, ვთქვათ, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან ერთად, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან.

რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება. ამ ეტაპზე, ეს არც ჩვენთან მოხდება, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, სამწუხაროდ, არ არსებობს კორონასთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები. მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს სიმპტომური თერაპია. შესაძლოა, პაციენტების 80 პროცენტი უსიმპტომოდ ატარებდეს ინფექციას. ასეთი პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან.

ვიდრე არ იყო დაავადების გავრცელება ასეთი მასშტაბური, ყველა მათგანი ეს იყო მცირე სიმპტომიანი, საშუალო, მძიმე თუ კრიტიკული, ერთნაირად ხორციელდებოდა მათი ჰოსპიტალიზაცია,  სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში პროგრესულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი, ექიმის მეთვალყურეობით, შინ მკურნალობას გააგრძელებს. მუდმივად ვაცხადებდი, – კორონავირუსთან ბრძოლა, რასაც ახორციელებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამის პანელი არ შეცვლილა. შესაძლოა, პაციენტების 80 პროცენტი იყოს ინფექციის მატარებელი და არ ჰქონდეთ არანაირი სიმპტომი გამოვლენილი. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ასეთი პაციენტები (ჭარბი ინფიცირებულთა რაოდნეობაა) ვერ მოხვდებიან კლინიკაში, ისინი იქნებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ 20 პროცენტს, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი  გამოჯანმრთელდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

2 კოვიდინფიცირებული თბილისში გარდაიცვალა, ორი კი – ბათუმში.

958 გამოვლენილი კოვიდინფიცირებიდან 400-მდე შემთხვევა თბილისში დადასტურდა, აჭარაში – 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 332 ახალი შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში 20, შიდა ქართლში – 14, მცხეთა-მთიანეთში 15 ახალი შემთხვევაა, კახეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში 8 და ყველაზე ცოტა, 6 შემთხვევაა გურიაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7827 ადამიანი, გარდაიცვალა 128 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები