„ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს – თქვენი ლოცვით მე გამოვკეთდი და გამოვჯანმრთელდი”- მიტროპოლიტი იობი

მიტროპოლიტმა იობმა დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია.

-„მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, – კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა”,-განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრი  ინფორმაციას ავრცელებს:

-„ქრისტეს შობის დღესასწაულზე მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი,  მღვდელმთავარმა მიიღო და დალოცა.

-,,დღეს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათზე, რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო საზეიმო საღმრთი ლიტურგია, რომელიც აღასრულა მისმა ყოვლადსამღვდელო მეუფებამ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.

წირვის განსრულების შემდგომ, მღვდელმთავარმა იქადაგა შობის წმიდა დღესასწაულთან დაკავშირებით და დალოცა ჩვენს ეპარქიაში სტუმრად მყოფი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად.

მღვდელმთავარმა მადლობა გადაუხადა ეპარქიის მრევლსა და ჩამოსულ სტუმრებს

-„,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს წმიდა ლოცვებში მოხსენიებისათვის. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მე მჯერა, რომ სწორედ თქვენი ლოცვით მე გამოვკეთდი და გამოვჯანმრთელდი და ასევე დღევანდელ დღეს ჩვენ ძალიან გვახარებს იმ საავადმყოფოს დირექტორის ჩვენთან ყოფნა, ბატონ ლევან რატიანის, რომლის ძალისხმევითაც მე მჯერა, რამეთუ ექიმებიც ღვთისაგან არიან, მე გამოვჯანმრთელდი…

და მე ვმადლობ ასევე უფალს, რომ ბატონი ლევანი დღეს ჩვენთან ერთად არის, ესწრება შობის წმიდა ლიტურგიას. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და შობის მადლი და სიხარული მიჰფინოს მას და თავის ოჯახს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!” – ამონარიდი მიტროპოლიტ იობის ქადაგებიდან.

 

 

კომენტარები