„მაგალითად მინდა, მოვიყვანო შვედეთი, –  მსგავსი პროექტების შემთხვევაში პროექტის ინვესტორს მიწა არა თუ 99 წლით, არამედ უვადოდ“-მერაბ ლომინაძე

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა:

-„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება. ეს პროექტი წლების განმავლობაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

კომპანია „ენკა“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება.

რაც შეეხება ამ კომპანიაში დასაქმებულ პირებს, მე ალბათ, ერთ-ერთი მაგალითი ვარ იმისა, –  ამ კომპანიაში დასაქმებული ვართ ქართველები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

კომპანია მზად არის ნებისმიერი სახის დიალოგისთვის, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩართული მხარე ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესით მოქმედებს. მსგავსი პროექტების შემთხვევაში, მიწა პროექტის ინვესტორს არა თუ 99 წლით, არამედ სამუდამოდ გადაეცემოდა.

მაგალითად მინდა, მოვიყვანო შვედეთი, –  მსგავსი პროექტების შემთხვევაში პროექტის ინვესტორს მიწა არა თუ 99 წლით, არამედ უვადოდ გადაეცემოდა. მინდა, მოგიყვანოთ ასევე ავსტრიის მაგალითი, სადაც მიწა, რომელიც ამა თუ იმ პროექტისთვისაა აუცილებელი, ინვესტორებს 90 წლით გადაეცემა“.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე,-  მზად არის თუ არა კომპანია მიწასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვისთვის, რადგან აქტივისტებისთვის მიწის ინვესტორზე 99 წლით გადაცემა კატეგორიულად მიუღებელია და ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მათ ძალიან რთულად ესახებათ?

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა:

-„კომპანია ღიაა ნებისმიერი საკითხის განსახილველად, დახურული საკითხი არ არსებობს. ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი გახლავთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც თავის მხრივ, კერძო საკუთრებას ეფუძნება და მისი ხელყოფა არ შეიძლება, რამეთუ ამით დავაზიანებთ დემოკრატიულ წყობას, რომელსაც უკანასკნელი 30 წელია ასე სათუთად ვაშენებთ, რომლისთვისაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ. არ არსებობს დახურული საკითხი. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მზად ვართ, მოვისმინოთ კითხვები, საგნობრივად გავიაროთ ამა თუ იმ მიმართულებით ნებისმიერი ანგარიში თუ კითხვა, რომელიც შეიძლება, საზოგადოებას, მედიას, არასამთავრობო სექტორს თუ სხვა დაინტერესებულ პირს აწუხებდეს..

ვთვლი, რომ ჩვენ მივაღწევთ ერთიან კონსენსუსს და შეთანხმებულად ავაშენებთ და განვახორციელებთ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ტოლი არ ჰქონია; რომელიც განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და იქნება ფუნდამენტი და პირველი ნაბიჯი სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის.

პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, მოხარული ვარ და მივესალმები, – დიალოგი დაიწყო, დაიწყო კომუნიკაცია მხარეებს შორის, რისი ნაკლებობაც ცალსახად სახეზე გვქონდა.

დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე მხარე ამ პროცესში გახლავთ მომართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი გამოინახება, შეჯერდება აზრები, მოხდება პოზიციების თანხვედრა ისეთ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, როგორიც „ნამახვანია“. არაერთხელ განვაცხადე, –  ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველა სახის დიალოგისთვის, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესი. მგონია, კონსენსუსის და შეთანხმების გარეშე მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, ნებისმიერ პროცესში, რომ შევთანხმდეთ, შევჯერდეთ, როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს დახურული საკითხი, ღია ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მზად ვართ მოვისმინოთ კითხვები, საგნობრივად გავიაროთ ნებისმიერი ანგარიში თუ კითხვა ამა თუ იმ მიმართულებით, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეს საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას თუ სხვა დაინტერესებულ პირს. მიმაჩნია, მივაღწევთ ერთიან კონსენსუსს და შეთანხმებულად ავაშენებთ, განვახორციელებთ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც ტოლი არ ჰქონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რომელიც განამტკიცებს და გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას“.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

კომენტარები