მათიკო ფალავანდიშვილი მირანდად კონსტანტინემ მონათლა – ალბათ, შექსპირის მიხედვით

კონსტანტინე გამსახურდიამ ცოლად 23 წლით ახალგაზრდა მირანდა ფალავანდიშვილი შეირთო…
გამორჩეული სილამაზისა და ბუნების ასულს, მირანდას მათიკო ერქვა, იადასაც ეძახდნენ, მირანდად კონსტანტინემ მონათლა – ალბათ, შექსპირის მიხედვით. მწერალმა ის გერმანულ სკოლაში გაიცნო,  სადაც თავად ასწავლიდა.
მირანდა რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო, მამა, ნიკოლოზი, 1924 წელს დახვრიტეს, როგორც თავადი. დედაც მალე გარდაიცვალა. ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ძველი ტრადიციის მიხედვით, კონსტანტინე ხელის სათხოვნელად მირანდას ბებიას ეახლა, მაგრამ გაწბილებული დარჩა. შე წუწკო, ლამის ჩემი ასაკისა ხარ და ამ ანგელოზს როგორ გაგატანო, – მკაცრად უპასუხა ქალბატონმა და ოჯახის წევრებს მიმართა – სტუმარი გააცილეთო. 1935 წელს 44 წლის კონსტანტინე და მირანდა მაინც დაქორწინდნენ.
კონსტანტინეს თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ქალის განათლებაზე. არ მოსწონდა მირანდა რომ უნივერსიტეტში სწავლობდა, ეუბნებოდა – სჯობია, ოჯახს მიხედოო. მირანდამ ეკონომიკის ფაკულტეტი დაასრულა, მაგრამ არსად უმსახურია. მეუღლეს ლიტერატურულ მუშაობაში ეხმარებოდა, თარგმნიდა, უვლიდა ოჯახსა და შვილებს.
სწორედ მირანდა ფალავანდიშვილს ეძღვნება მწერლია მრავალწლიანი შრომის დიდებული ნაყოფი – “დავით აღმაშენებელი”.

 

კომენტარები