„მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, – გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

-„გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი.

სამწუხაროა, – ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ  მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე.

აშკარაა, მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე,  მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობა შესთავაზა. 

კომენტარები