მაია ბითაძე – „ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ“
-„დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება. წლების განმავლობაში მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისად, ყიდულობდნენ ხელმისაწვდომ, იაფ ავტომობილებს. ვფიქრობ, ჩვენი მუშაობის შედეგად, ორ წელში ის შედეგები გვექნება, რაზეც წლებია ვოცნებობთ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი არის მთელი ჩვენი ქალაქი. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მთავარ მიზნამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება და ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, სადაც ქუჩა თანაბრად არის ყველასთვის გადანაწილებული, ტრანსპორტი ლოგიკურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ა.შ. როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, რეფორმის დასრულების შემდეგ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ, ეს არის ორმაგი რაოდენობა. სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება.
ყველა უბანს, მათ შორის თბილისს შემოერთებულ სოფლებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა ექნება. გარდა ამისა, ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირდება. საშუალოდ, 7-15 წუთი იქნება.
ავტობუსები საკუთარ ზოლში ივლიან. მათი სიჩქარე პრაქტიკულად, გაორმაგდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება. გამონაბოლქვი, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას აზიანებს, იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა თბილისში დაინერგება, ეს არის იმის პირველწყარო, რომ შუქნიშნებმა ერთმანეთი დაინახონ და ნაკადები ავტომატურად გაატარონ. , „ჭკვიან“ შუქნიშნებს ასევე შეეძლებათ, ავტომობილები გაატარონ, იმ შემთხვევაში, თუ CO-ს გამონაბოლქვი თითოეულ კვანძზე ნორმაზე მაღალი იქნება.
რეფორმის ფარგლებში, , მნიშვნელოვანია ასევე ქუჩების დიზაინის გათვალისწინება. თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქაოტურად გადაადგილდება, ამის გამომწვევი მიზეზიც ძალიან მარტივია: ხაზები არის დუბლირებული. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კიკეთში შეიძლება ერთი ავტობუსი დადიოდეს, ან საერთოდ არ დადიოდეს, სამაგიეროდ, რუსთაველის გამზირზე ერთად დადის ექვსი სამარშრუტო ტაქსი, შვიდი ავტობუსი, ერთმანეთს ასწრებენ, მეტროც გადის. შესაბამისად, ის პრობლემები, რასაც დღეს ვაწყდებით, სწორედ დუბლირებული ხაზებით იყო გამოწვეული.
დედაქალაქის ძირითად გამზირებსა და ქუჩებზე ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. გარდა ამისა, დამატებით, განისაზღვრება დასახლებული პუნქტიდან გაჩერებამდე მაქსიმალური დაშორების მანძილები: ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, საუბნო ხაზებთან – 200-250 მეტრი“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.