მაია ცქიტიშვილი: „არანაირი სახის ლოკდაუნს არ ვგეგმავთ – წერტილოვანი შეზღუდვები“

მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

-„არანაირ სახის სისტემურ ლოკდაუნს არ ვგეგმავთ. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს.

მხოლოდ ოდნავ ვცვლით შეზღუდვების მუშაობის რეჟიმს, თუ რესტორნების მუშაობის საათები რამდენიმე ქალაქში იყო შეზღუდული, ამ ქალაქების რაოდენობა ფართოვდება, ეს არ ნიშნავს, რომ რესტორნებს ვხურავთ. ასევე სკოლებზე საუბარია გარკვეულ ქალაქებზე და სწავლის გაჩერებას არ ნიშნავს ეს. ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, ეს ძალიან ეფექტურია, გვეხმარება ბალანსი შევინარჩუნოთ ეკონომიკასა და მოქალაქეების ჯანმრთელობას შორის.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს. თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან.  იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, – რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკოორდინაციო საბჭოს დისტანციურად უხელმძღვანელა.

კომენტარები