მამა ანდრია (ჯაღმაიძე): ვინმესთან შესაპირისპირებლად კი არა, ადამიანები ღვთის სადიდებლად უნდა გაერთიანდნენ!

მამა ანდრია (ჯაღმაიძე): ვინმესთან შესაპირისპირებლად კი არა, ადამიანები ღვთის სადიდებლად უნდა გაერთიანდნენ!

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლემ ლიბერალურ პოზიციებზე მყოფ არასამთავრობო სექტორში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებით განარისხა ის ნაწილი, რომლებიც აქამდეც გამოირჩეოდნენ ანტიეკლესიური გამოხდომებით, მაგრამ ამჯერად ეკლესიის და მისი   საჭეთმპყრობლის წინააღმდეგ ქილიკი,ზიზღის ენით საუბარი და პირდაპირ გინება იწყეს. დაძაბულობის პიკი 17 მაისს არის მოსალოდნელი, ამ დღეს შესაძლოა, ერთმანეთს კონსერვატორი და ლიბერალი საზოგადოება პირდაპირ ქუჩაში დაუპირისპირდნენ. რას ურჩევს საპატრიარქო მრევლს? ვესაუბრებით საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, კიკეთის ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს:

– ეპისტოლე მართლაც მტკივნეული აღმოჩნდა ადამიანთა გარკვეული ნაწილისათვის. ხშირად, სიკეთე არ მოდის ტკივილის გარეშე, ამას ვადარებთ ხოლმე ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც მტკივნეულია, მაგრამ განკურნებისთვის აუცილებელი. ასეთი ოპერაციით გადარჩება ადამიანი, თუმცა, უიმედო ავადმყოფს შეიძლება ვერც უშველოს. ეპისტოლის იმ ნაწილმა სადაც სოდომურ ცოდვასა და ათეიზმზეა საუბარი – ეგზორცისზმის ლოცვის ეფექტი მოახდინა. ქრისტიანული სწავლების და ღვთის გმობაში მყოფი ადამიანებისაგან გაუგონარმა ხმებმა ამოხეთქა. ბოროტ ძალას აშკარად ეხამუშა ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ქრისტიანული შეგონება და ასეთი შმაგობით უპასუხა.

სოდომის და გომორას განადგურების მაგალითის აუცილებლობა რამ განაპირობა? პატრიარქმა მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროზეც ისაუბრა. ამით ხომ არ მიგვანიშნა, რომ ჟამი ახლოა?  

– ეპისტოლეშივე წერია, რომ ჟამი მეორედ მოსვლისა არავინ იცის, ზოგადად ეკლესია ამაზე ხშირად საუბრობს. შეიძლება ახლოსაა, შეიძლება ჯერ კიდევ არის დრო. იქვე სოდომ-გომორის აღსასრულის მაგალითია მოყვანილი და  ნათქვამია, 10 მართალი, რომ აღმოჩენილიყო ქალაქი გადარჩებოდა ამ ათის გამოო. დრო რომელზედაც ეხლა ვსაუბრობთ ბიბლიური სწავლებით დამოკიდებული არის ჩვენზეც, იმაზეც თუ რამდენად ფხიზლად ვართ საღვთო განგებულების მიმართ.

 

– სააღდგომო ეპისტოლეში ვრცელი ადგილი დაეთმო მსოფლიოს მასშტაბით ათეიზმის მოძლიერების პრობლემას. რატომ არის ათეიზმი საშიში მოვლენა და რით განსხვავდება ”ათეისტური თავისუფლება” – ქრისტიანული თავისუფლებისგან?

– ქრისტიანული სწავლება თვისუფლების შესახებ გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, დაიბრუნოს ის, რაც ადამში დაკარგა, ანუ – ღმერთთან ერთობა და სრულყოფილება. დაცემული ბუნების გამო, ადამიანს ხშირად აქვს საკუთარი თავის დამღუპველი მიდრეკილებები – ნარაკომანია, ალკოჰოლიზმი, აზარტული თამაშები, შური , ვერცლისმოყვარეობა და სხვა. ქრისტიანული თავისუფლება ამ მიდრეკილებებისაგან გათავისუფლებას გულისხმობს, მაშინ როდესაც უღმერთო თავისუფლება პირიქით – ამ მოთხოვნილებების შეუფერხებელ დაკმაყოფილებას ქადაგებს.

ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში სიზარმაცისა და კომფორტისკენაა მიდრეკილი. კომფორტისაკენ სწრაფვა და სიკვდილის შიში – ეს ის ორი ძირითადი მიდრეკილებაა ადამიანისა, რომელთა საშუალებითაც, თუ ღმერთს არ ეძებს, მისი ცხოვრება იმართება, ეს მისი მთავარი მოტივაციაა.

  • ნუთუ, სიკვდილის შიში მიუღებელია?

– ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა და ქრისტეს მაძიებელი ადამიანი სიკვდილის შიშისაგან გათავისუფლებულია, ისევე როგორც, მოყვასისადმი კონკურენტული, შურიანი დამოკიდებულებისა და კომფორტის ძებნისაგანაც. მისი ცხოვრების ამოსავალი მოტივი აღარ არის სიკვდილის შიში, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული თავისუფლებაა, ვიდრე უღმერთო თავისუფლება, რომელიც სიკვდილის საერთოდ დავიწყებას ურჩევს ადამიანს. ის ადამიანებს აჩვევეს ცხოვრებას, ისე თითქოს სიკვდილი არ არსებობს, მასზე დაფიქრებას არც კი ურჩევს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ სიკვდილი ყველასთან მივა.

დალაი ლამას სიტყვებს გავიხსენებ:  „ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას სწირავს ფულის შოვნას, შემდგომ ამ ფულს ხარჯავს ჯანმრთელობის აღსადგენად, იმდენად ზრუნავს მომავალზე, რომ არასოდეს ტკბება აწმყოთი, საბოლოოდ ის არც აწმყოთი ცხოვრობს და არც მომავლით. ის ცხოვრობს ისე თითქოს არასოდეს მოკვდება, და რომ მოკვდება წუხს იმის გამო, რომ არ იცხოვრა“.

– ახლოვდება 17 მაისი. ლგბტ საზოგადოება აღლუმს აპირებს, ეკლესია კი, ოჯახის სიწმინდის დღეს ზეიმობს… რა ქნას ერმა? რა ფორმით შეეწინააღმდეგოს უზნეობის დემონსტრაციას, არც კანონი რომ არ დაირღვეს და,მავდროულად, მოქალაქეები ღმერთის და ზნეობის წინაშეც მართლებად გამოჩნდნენ?

– ქრისტიანობა იდეაში არ ებრძვის რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს… არამედ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა გახლავთ. ოჯახის სიწმინდის იდეა ქრისტიანობაში მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადამიანის ზნეობა და სწორი მსოფლმხედველობა სწორედ ოჯახურ გარემოში ყალიბდება. ვინც ცხოვრების ასეთ წესს იზიარებს, ის ეკლესიასთან ერთად აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს. გამოწვევებით სავსე თანამედროვე გარემოში ეს ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იქნება. თითოეულმა ადამიანმა  უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რომელ იდეას ემსახურება, ვინმეს წინააღმდეგ კი არა, ღვთის ცნებების და ზნეობის ერთგულების ფარგლებში იმოქმედოს, ვინმესთან შესაპირისპირებლად კი არა, ადამიანები ღვთის სადიდებლად უნდა გაერთიანდნენ! აი, ეს იქნება სწორი და ღვთივსათნო საქციელი, უფალი ასეთი დამოკიდებულების გამო გაგვიმარჯვებს!

 

კომენტარები