მამა გიორგის (პავლოვი) ხილვები: წინ დიდი განსაცდელები გველოდება და ნურავინ იტყვის მერე – რად დაუშვა ასე ღმერთმაო!

მამა გიორგის (პავლოვი) ხილვები: წინ დიდი განსაცდელები გველოდება და ნურავინ იტყვის მერე – რად დაუშვა ასე ღმერთმაო!

 აპოკალიფსური მოვლენები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში – კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ეს სახარებაში და მოციქულ იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი. საქართველოში, კონკრეტულად, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მოღვაწეობს ბერი გიორგი პავლოვი, რომელიც უფალმა მომავლის განჭვრეტის უნარით დააჯილდოვა. პერიოდულად, ხილვებში კინოკადრებივით ხედავს მოსალოდნელ მოვლენებს. გთავაზობთ 2013 წელს მისი საუბრის ჩანაწერს, სადაც მოძღვარი თავის ხილვებზე მოგვითხრობს და დიდი სიზუსტით იმ მოვლენებს აღწერს, რაც მსოფლიოში ახლა ხდება:

მამა გიორგი (პავლოვი):

– ახალგაზრდობაშიც რამდენჯერმე მქონდა გამოცხადება, მაგრამ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდი. როცა 1993 წელს სასულიერო სემინარიაში ვაბარებდი, ასეთი ხილვა მქონდა:

ზამთარი დგას. დიდი თოვლია. ლტოლვილების კოლონა მიდის და წინ ტანკი მიუძღვის, ოღონდ, ტანკს ლულა მოჭრილი აქვს მთლიანად! ეტყობა, ეს ტანკი ლტოლვილებს წინ ღრმა თოვლიან გზას უტკეპნის, რომ ხალხს სიარული გაუადვილდეს. კოლონა ძალიან დიდია, თავი და ბოლო არ უჩანს. როცა გაოცებული შევცქერი ამ მსვლელობას, ანაზდად ხმა ისმის – ესენი სომხები არიან!

მას მერე 4 წელი გავიდა. უკვე 1997 წელია. ფონიჭალაში ვცხოვრობ და ჩემი აივნიდან კარგად ჩანს რუსთავი-თბილისის გზატკეცილი. ხილვაში ვხედავ:

ისევ ზამთარია. ცოტათი მოსაღამოვებული, დაბნელებული დღე დგას, გაუთავებლად თოვს. ეტყობა, ძლიერად ყინავს კიდეც. ვიდეოს კადრებივით ისევ მსგავს სურათს ვხედავ – რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიემართება უზარმაზარი ისეთი კოლონა, რომლის თავი და ბოლო ისევ არ ჩანს. რაც მთავარია, ეს გაუთავებელი კოლონა ცოცხალ მდინარეს ჰგავს, ხალხი აჩქარებულად მოძრაობს, ფაქტობრივად, მორბიან. შუა კოლონაში პერიოდულად, ავტობუსებს ვხედავ – ეტყობა იქ ბავშვები და ქალები სხედან. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კოლონაში ყველა ადამიანს ზურგჩანთა აქვს აკიდებული, რომლის მაღლაც, ზოგიერთს (ყოველ მეათეს) მცირე სატელიტური ანტენა აქვს მიმაგრებული. მაქვს შეგრძნება, რომ სასტიკ ყინვაში ეს ხალხი დიდ საფრთხეს გაურბის. ჩემს პირველ ხილვაში ხალხი ჩრდილოეთისკენ მიდიოდა, შეიძლება ვივარაუდო, რომ რუსეთისკენ. ამჯერად კი, თბილისისკენ მოემართებიან…

3 წლის განმავლობაში დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დიაკვნად ვმსახურობდი, 1997 წელს იქ ვნახე ასეთი ხილვა: დავინახე იერუსალიმი, რომლის გარშემო ომი მიმდინარეობს – ცეცხლი, კვამლი, სროლის ხმები. როდესაც ამას ვხედავდი, ჩამესმა უფლის ხმა: „გადასახლებულ იქნება ისრაელი!“

ბიბლიაში ებრაელების გადასახლების ამსახველი არაერთი აღწერა გვხდება. მერე მე ამ საკითხით დავინტერესდი და ისრაელი ხალხის ამ უკანასკნელ გადასახლებაზე განმარტება ბიბლიაში, წმიდა წერილში ვიპოვნე – ეს არის იეზეკიელ წინასწარმეტყველის 39-ე თავი. მასთან კავშირშია იოანე მოციქულის გამოცხადება (აპოკალიფსი), სადაც მოციქული ისრაელის 12 ტომიდან 144 ათას ცხონებულ ადამიანზე (12 ათასი თითოეული ტომიდან) მიანიშნებს. გასაგებია, რომ იოანეს გამოცხადებაში ის ებრაელებიც იგულისხმებიან, რომლებიც, ბოლო ჟამს ქრისტიანები გახდებიან. ეს ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ როცა დიდი განსაცდელი მოაწევს (გოგში და მაგოგში მუსულმანური ქვეყნები იგულისხმებიან, რომელთაც მთელი ისტორიის განმავლობაში ებრაელებთან ომი აქვთ), ეს განსაცდელი უფლისგან იქნება დაშვებული. ცხადია, მასშტაბურ საომარ მოქმედებებს თან ახლავს ლტოლვილთა გადასახლებაც. ამ დროს, ებრაელ ხალხზე გადმოვა ღვთის მადლი, დიდი ნაწილი გაქრისტიანდება!

უნდა გავიხსენოთ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვერ იხილავთ ჩემს სახეს, ვიდრე არ მოვა დრო, როცა იტყვით – კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

ყურადღებით წაიკითხეთ იეზეკიელ წინასწარმეტყველის 39-ე თავი ბიბლიაში, სადაც უფალი მოუწოდებს – ამიერიდან აღარ დავფარავ თქვენგან ჩემს სახეს და მსოფლიო გაიგებს, რომ თქვენ გადასახლებულნი იყავით უსამართლობის გამოო… (უსამართლობაში იგულისხმება, რომ გარკვეულ ჟამამდე ებრაელი ხალხის დიდი ნაწილი ქრისტიანობაზე უარს ამბობს.)

შეგიძლიათ, დანიელის წინასწარმეტყველებასაც გადაავლოთ თვალი, სადაც ასევე მინიშნებულია, რომ ბოლო ჟამს ცხონდებიან ისინი (144 ათასი), ვინც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში…

ებრაელი ხალხის დიდი ნაწილის გაქრისტიანება, ბოლო ჟამის და უფლის მეორედ მოსვლის სიახლოვის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანი იქნება.

2001 წელს ასეთი ხილვა მქონდა:

მზიანი დღე იდგა, ჩრდილოეთით ვიმზირებოდი. ვხედავდი მანათობელ მზეს და ცაზე ღრუბლებს. ანაზდად შევამჩნიე, რომ დასავლეთიდან უზარმაზარი, თეთრი ფერის საბრძოლო რაკეტა მოფრინავს, რომელიც ჩემი მზერის მიმართულებით, ჩრდილოეთის შორეულ მთებზე უნდა დაეცეს. აი, რაკეტა მთების მწვერვალებს უახლოვდება. როცა შეშინებული ვკითხულობ, ვისია იგი? ჩემს კითხვაზე რაღაც ძალა მაჩვენებს რაკეტის უკანა ნაწილზე დიდი ასოებით გამოსახულ წარწერას – “Made In USA” – დამზადებულია შეერთებულ შტატებში! უკვე შემიძლია ვივარაუდო, რა მოხდება საქართველოდან ჩრდილოეთ მიმართულებით…

ისევ იქ დავბრუნდები, სადაც ხილვაში თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ლტოლვილთა ნაკადი ვნახე და მახსენდება მაცხოვრის სიტყვები, მათეს სახარების 24-ე თავიდან: „…ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები…“

ისტორია კანონზომიერად ვითარდება. როგორც მამა გიორგი ბასილაძემ ბრძანა, არის განსხვავება, ჯვარცმულ და ჯვარმცმელ ერებს შორის! ასევე მახსენდება ცნობილი გამოთქმა: უყურე ღმერთსა – რა უყოს მტერსა?!

მე ღმერთმა დამანახა მე-20 საუკუნის უკანასკნელი ანტიქრისტე. ეს იყო გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი, რიჩარდ ჰოლბრუკი. მქონდა ხილვა: ცხოველების ჯოგი მიდის, ცხოველთა შორის არიან ბეჰემოთები, ჟირაფები, ხარები და მსუქანი ცხვრები. ეს ალბათ განასახიერებდა ამპარტავან და გარყვნილ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ამაზე, ამქვეყნიურ ნეტარებაზე და გარყვნილებაზე ფიქრობენ… ამ ჯოგიდან გამოვიდა ის კაცი, რიჩარდ ჰოლბრუკი – განრისხებული და ხელაწეული მოიწევდა ჩემკენ, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდა, ჩემდა გასაკვირად, უსულოდ დაეცა. მაგრამ უფრო მეტად განვცვიფრდი, როცა გარდაცვლილი გაცოცხლდა და წამოდგა. რეალურად, ჰოლბრუკი 1910 წელს გარდაიცვალა. უფალმა გვიხსნა მისი გამეფებისგან და დაღუპვისგან. მე ღმერთმა დამანახვა, რომ ეს კაცი იყო ანტიქრისტე, თუმცა, არა უკანასკნელი! თბილისში მისი სახელობის ქუჩაც არსებობს. ქარიშხალი მძვინვარებდა, როცა თბილისში ჩამოვიდა. სტიქია მისი გამგზავრებისთანავე დაწყნარდა. აღშფოთდა მაშინდელი ქართული პოლიტიკური ელიტა, თავადაც ანტიქრისტეს სისტემის წევრები  – როგორ გაბედა ამ მღვდელმა და იმ პატიოსან კაცს ანტიქრისტე უწოდაო. დიახ, დავასახელე და, ყველამ იცოდეს, უკანასკნელი, მთავარი ანტიქრისტეც, საქართველოდან იქნება მხილებული!

ნურავის ჰგონია, რომ ანტიქრისტე ერთადერთია და მხოლოდ ის არის, ვინც ბოლო ჟამს სამწელიწადნახევრის განმავლობაში უნდა გამეფდეს. ვინც ასე ფიქრობს, არ ესმის წმიდა წერილი და ვერ ერკვევა საეკლესიო გადმოცემებში. ყველა ეპოქას და საუკუნეს თავისი ანტიქრისტეები ჰყავს, ხანდახან, არაერთიც! მე-20 საუკუნეში ანტიქრისტეები იყვნენ ლენინი, ჰიტლერი და… ჰოლბრუკი! ლენინზე იმდროინდელი წმიდა მამები და განსაკუთრებით წმიდა მამა ბარსანოფი ოპტინელი პირდაპირ ამბობდა, რომ ის იყო ანტიქრისტე!

ვიცით, რომ ანტიქრისტეს სახელი რიცხოვნობით უნდა ესაბამებოდეს ექვსასამოცდაექვსს. ვიცით, რომ ანტიქრისტე შესაძლოა, იყოს პოლიტიკოსი, რომელიც მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდეს, თავისი მეფობის პირველ პერიოდში იქნება მშვიდი, კეთილი, დიდი გამოცდილების ადამიანი, როგორც ეფრემ ასური აღწერს…

რთული დრო მოდის. მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია და თანდათან, მთავარ ფაზაში შევა. საბოლოოდ ყველაფერი რუსეთ-თურქეთის ომში გადაიზრდება, როგორც ეს წმიდა მამებმაც იწინასწარმეტყველეს. ამ ომის შედეგად თურქეთი მსოფლიოს რუკიდან გაქრება და მართლმადიდებელი სამყარო გაიმარჯვებს, ხოლო საქართველო თავის დაკარგულ, ძირძველ მიწებს, მათ შორის, ტაო-კლარჯეთსაც დაიბრუნებს! საქართველოშიც და რუსეთშიც მონარქიული მმართველობა აღდგება. ეს აუცილებლად მოხდება!

არაერთხელ, ხილვაში მაქვს ნანახი, რომ მსოფლიოს ომი მოედება და საომარი მობილიზაცია საქართველოშიც გამოცხადდება. ბევრი სასულიერო პირიც კი, საომრად წავა. რამდენიმე წლის წინ ხილვაში ვნახე: ზეციდან ჩამოდის უზარმაზარი, ჯვრიანი ბეჭედი, იმგვარი, როგორიც სებისკვერზე არის ხოლმე გამოსახული. მე ხელში იგივე ფორმის, ოღონდ მცირე ზომის ორი ბეჭედი მიჭირავს და იმ დიდ ბეჭედს ვეხები… მერე კი, ამ ბეჭდებით ძველი ეკლესიების კედლებს ვბეჭდავ. ამ დროს ისმის ხმა – „ცხუმ-აფხაზეთი!“ ასე რომ, წინ ბრძოლა გველის, ოღონდ მისი შედეგი – ქართველების გამარჯვება – წინასწარ ვიცით! აუცილებლად, ჩვენი სამღვდელოებაც შევა აფხაზეთში, საქართველო თავისი ძველი საზღვრებით აღდგება!

საზღვართან დაკავშირებით, ასეთი ხილვაც მქონდა: შემოვდივარ ეკლესიაში და მარჯვენა კედელზე ვხედავ საქართველოს რუკას. რუკის საზღვრები მთლიანად, ცეცხლმოდებულია. როცა მეკითხებიან – ვისთან გვექნება ომი?  – ვპასუხობ შემაგებებელი კითხვით – თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისთან ექნებათ ომი რუსებს, ბერძნებს და ქართველებს? – დიახ, მათთან, ვისთანაც საუკუნეების განმავლობაში გვიომია, მაგრამ, ეს ომი არა მხოლოდ ქართველთა, მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყაროს დიდი გამარჯვებით და გაბრწყინებით დასრულდება!

ბევრი რამ, რაც გამოცხადებაში მინახავს, პირადად მე მეხება და ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა მეუწყა, ვინც ვარ და, ღვთის განგებით, რა ადგილი უნდა დავიკავო მართლმადიდებელ ეკლესიაში. მე ღვთის განგებას ვემორჩილები.

ვიდრე საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმიდაში ჩამოვიდოდი (სადაც მღვდლად მაკურთხეს), ხილვაში ვნახე: გორაზე ვდგავარ. ჩემს წინაშე პატარა, ულამაზესი ბაზილიკის ტაძარია, სამრეკლოთი, საყვავილეებით…  ვიკითხე – სად ვარ?  – პასუხად მივიღე – ეს ის ადგილია, სადაც იღვაწებ! ფაქტობრივად, სოფელ გიორგიწმიდას ტაძარი, რა სახითაც ახლა არის – ხილვაში ფოტოსურათივით ვიხილე და როცა აქ ჩამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ეს ადგილია, რაც ხილვაში ვნახე!

ხილვაში შუა ტაძარში პატარა სანათლავ ემბაზს ვხედავ, რომელშიც გედის ჭუჭულები დაცურავენ. შესვლისთანავე ჩემკენ გამოცურდნენ და 5 წლის ბავშვების ხმით მომაძახეს – ჩვენ ნათლობა გვჭირდება! კვება გვჭირდება! ქადაგებებში ხშირად ვამბობ, რომ ადამიანის ირგვლივ შემთხვევით არაფერი ხდება. არც ერის, მითუფრო, მართლმორწმუნე ერის ირგვლივ არ ხდება შემთხვევითი მოვლენა, არამედ, ყველაფერი ღვთის განგებითაა, ღმერთს უნდა მივენდოთ, მთავარია, სინანული გვქონდეს და ვლოცულობდეთ, თორემ, მალე კოშმარები დაიწყება მსოფლიოში და არცერთი ერი არ დარჩება დაუსჯელი. ნურც ჩვენ გვექნება იმედი, რომ დაუსჯელები დავრჩებით.

გაგახსენებთ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამოცხადებას. ღვთისმშობელი ბრძანებს – მესამე მსოფლიო ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის და გადმოუვლის! წინ დიდი განსაცდელები გველოდება და ნურავინ იტყვის მერე – რად დაუშვა ასე ღმერთმაო!

გეტყვით, რის გამოც ვისჯებით და უფრო მეტადაც დავისჯებით მომავალში – ამაზრზენი გარყვნილება, სექტანტურ-იეღოველური მოძრაობა, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მამათმავლობის პროპაგანდა, „მეგობრობა“ თურქებთან და სხვა ზნედაცემულ, მტრულ ქვეყნებთან… დიახ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა! დასასჯელს ღმერთი აუცილებლად დასჯის… მაგრამ მერე გაგვახარებს კიდეც… ისტორიაში ხშირად ხდება, როცა მწუხარებას სიხარული ცვლის! მაგრამ ვიცით, რომ ბოლო იქნება კარგი და ჩვენ გავიმარჯვებთ!

ხილვაში ნანახი მაქვს დიდი უსიამოვნება ჩვენს ეკლესიაში. მაქვს ნანახი ხალხმრავალი და სამწუხარო სურათი საქართველოს საპატრიარქოში, რაზეც  დაწვრილებით საუბარი არ მსურს. მოვლენამდე ერთი თვით ადრე, ვიდეოფირის მსგავსად, ხილვაში ვნახე 2007 წლის 7 ნოემბრის ამბები. ამის შესახებ ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარს ვაუწყე და მრევლსაც ვაფრთხილებდი. მეუფემ მაშინ მიპასუხა – ამათგან (სააკაშვილის რეჟიმისგან) ყველაფერია მოსალოდნელიო.

ჩემი ხილვების უმეტესი ნაწილი ცუდ მოვლენებს და მოსალოდნელ განსაცდელს ასახავს, მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რის გამო ვართ დასასჯელები. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ  ღმერთი შვილებს სჯის, რადგან ისინი უყვარს და გამოსწორების გზაზე დააყენოს!

ხილვაში წინასწარ ვნახე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკაში. დავინახე ცათამბჯენი, რომლის შესასვლელთან მარცხნივ და მარჯვნივ მუსულმანი სასულიერო პირები იდგნენ თავიანთ რიტუალს ასრულებდნენ. მეც იქვე ვიდექი. მაღლიდან გავიგონე შეჯახების მძლავრი, ისეთი ხმა, რომ ყურებზე ხელები დავიფარე. რის გამო მოხდა ეს ტერაქტი? გავიხსენოთ ახალი აღთქმა, როცა მაცხოვარს უთხრეს, რომ სილოამის გოდოლი დაეცა და 18 კაცი იმსხვერპლა. მან უპასუხა –  იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? არა, გეუბნებით თქვენ! მაგრამ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!

ეს ამბავი სიმბოლურად, ამერიკის დასასრულის დასაწყისია!

გავიხსენოთ გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთისგან გვაშორებს! ამ დღეშია ამჟამად, მთელი კაცობრიობა! ჩვენ კი, რა გვევალება, როგორც რჩეულ, მართლმორწმუნე ერს? გვიკიჟინებენ – ნუ ეძახით თავს რჩეულ ერს, შეეგუეთ მოვლენებსო. მტერია, ვინც ამას დაგვძახის! რჩეულობა იმდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც არის. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მოჰგავს 3 ათასი წლის წინანდელი ისრაელის მდგომარეობას: დაშლილი ქვეყანა, დაფანტული ერი, ომები და ეკლესიაში კრიზისი. მღვდელმთავარი ილია, რომელსაც გარყვნილი შვილების გამო სამუელმა უსაყვედურა: შენი შვილების გამო ეკლესია დაისჯებაო. მართლაც, ომი დაიწყო, მღვდელმსახურები დაიღუპნენ, თუმცა ღმერთმა უმძიმეს მდგომარეობაშიც არ მიატოვა ერი. უფალი ამბობს – სადაც ცოდვა გამრავლდება, იქ ღვთის მადლიც გაძლიერდებაო. ჰოდა, სწორედ იმ ჟამს აკურთხა სამუელმა ისრაელის მეფედ დავითი! საქართველოსა და რუსეთშიც ანალოგიურად მოხდება! ვიღაცის წარდგინებით კი არა, წინასწარმეტყველის მითითებით ეკურთხება მეფე!

ღმერთმა დაგლოცოთ. ყველაფერი კარგად იქნება!

 

მოამზადა

ზაზა დავითაიამ

კომენტარები