მამა დავითი (ისაკაძე): ეს პროცესი არის კაცობრიობის შემზადება ანტიქრისტეს ტვიფარის მისაღებად!

პანდემიამ კაცობრიობა შეცვალა და სულიერად გამოფიტა. ადამიანები ორ დაპირისპირებულ ბანაკად – აცრილებად და აუცრელებად დაიყვნენ. ვითარება თანდათან სახიფათო ფაზაში გადადის. არის თუ არა წმიდა წერილში მინიშნება დღევანდელ მოვლენებზე? ნიშნავს თუ არა ვაქცინაცია ანტიქრისტეს ტვიფარის მიღებას და მის მიმართ მორჩილებას? ვესაუბრებით სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს,

დეკანოზ დავით ისაკაძეს:

– უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოვიდ-19 პლანეტის მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. ბილ გეითსს არაერთხელ განუცხადებია კაცობრიობის რაოდენობის შემცირების აუცილებლობის შესახებ. დღითიდღე ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მომსწრეები ვხდებით, რომლის მთავარი დანიშნულება გახლავთ პლანეტის მოსახლეობის უსიტყვო მორჩილების მდგომარეობაში გადაყვანა. მბრძანებელი არც ბილ გეითსია და არც ჯანმო, არც მსოფლიოს მასშტაბით მათი ადეპტები, არამედ არიან დემონური, სატანური ძალები, რომლებიც დედამიწაზე ანტიქრისტეს გამეფებისთვის იღწვიან. უვიცებს და ბრიყვებს მითი ჰგონიათ, მაგრამ ეს არის სწორედ ის მიმდინარეობა, რის შესახებაც წმიდა წერილი მოგვითხრობს! ადამიანებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ანტიქრისტეს მიმართ მორჩილებას აიძულებენ. ამ ეტაპზე ადამიანებს უკვე აჩვევენ მორჩილებას: შეაჩვიეს ნიღბის ტარებას, ტესტირების ჩატარებას, თანდათან აიძულებენ ვაქცინაციას; პარალელურად, ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირეს: ვაქცინირებულები მუდმივად ავიწროვებენ აუცრელებს და უკიჟინებენ, რომ ისინი სახიფათონი არიან სხვებისთვის. მიმდინარეობს უფლებრივი თვალსაზრისით საზოგადოების დაყოფა.

 – ეკლესიაში არ ხდება ასეთი დაყოფა?

 – ეკლესია და სასულიერო პირები ადამიანებს აცრის ფარგლებში არ ვყოფთ, განურჩევლად ყველას ეკლესიის შვილებად განვიხილავთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ვაქცინირებული ადამიანები ახალი მსოფლიო წესრიგის მსხვერპლნი არიან. მათი უმრავლესობა ხომ, საკუთარი ნებით არ აცრილა, არამედ ფსიქოლოგიურ წნეხში მოაქციეს, აიძულეს სამსახურის დაკარგვის მუქარით. ახალგაზრდებს ემუქრებიან, რომ ვაქცინაციის გარეშე სასწავლებლებში არ მიიღებენ – ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, არაფრით განსხვავებული იმ ბოლშევიკური და ფაშისტური სისტემებისგან, რომელიც მე-20 საუკუნეში მსოფლიოს თავისი სისასტიკით თრგუნავდა. უკვე ნობელიანტი მეცნიერები საუბრობენ, რომ რომ ვაქცინას ქმნიან იგივე ჯგუფები, ვინც ვირუსი შექმნა, რომ ვირუსის მსგავსად, ვაქცინაც კაცობრიობის განადგურების მიზნით არის შექმნილი. ყველა სეგმენტში ცრუობენ – მანიპულირებენ გარდაცვლილთა რაოდენობით და უკვე მონსტრებად იქცნენ, ვინც საყოველთაო ვაქცინაციის პროპაგანდაში მონაწილეობენ, ტელეეკრანებზე მათი გამოჩენა მტანჯველი შიშის განცდას იწვევს. უკადრისი ფორმებით ძალადობენ ყველაზე მთავარ ფასეულობაზე – თავისუფალ ნებაზე, რაც საერთაშორისო სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებშია განსაზღვრული, რომელიც თვით უფალმა უბოძა ადამიანებს! რაც მთავარია, ეს მოვლენები ზედმიწევნით არის ნაწინასწარმეტყველევი წმიდა წერილში!

 – სხვადასხვა ფორმით ვაქცინაციის იძულება გაქვთ მხედველობაში?

– 2021 წლის 27 იანვარს ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც კრძალავს სავალდებულო ვაქცინაციას და ვაქცინაციაზე უარის მთქმელი პირების დისკრიმინაციას. კერძოდ, რეზოლუციის მე-7 პუნქტში ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და რომ არავინ ექვემდებარება პოლიტიკურ, სოციალურ ან სხვა სახის ზეწოლას, თუ აცრა თავად არ სურს! სხვა საკითხია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ვაქცინა, რომელიც აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს შეიცავს, რაც ანოტაციაშიც არის მითითებული. ახლახან გავრცელდა სახალხო დამცველის განცხადება, რომ ყველა სახელმწიფო უწყებაში უნდა მოხდეს ვაქცინაცია. ასევე, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აუცრელი სტუდენტები აუდიტორიებში არ დაიშვებიან. ეს იძულებაა! როგორც ხედავთ, წარბშეუხრელად არღვევენ დემოკრატიის პრინციპებს და კონსტიტუციას! დისკრიმინაციაა, როცა ნიღბის გარეშე გადაადგილებას უკრძალავ ადამიანს, როცა ტესტის ჩატარებას აიძულებ! ეს არის ადამიანის თავისუფალი ნების წინააღმდეგ გალაშქრება! ხოლო როცა აუცრელ ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებ – ეს უკვე ფაშიზმია! მით უფრო, როცა უკვე მეცნიერები იმაზე ალაპარკდნენ, რომ ვაქცინაცია კი არ შველის, არამედ პირიქით – აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და ხშირად უფრო მეტი რისკია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თავად ვირუსი! გვერდითი მოვლენების შესახებ აცრის მსურველებს არ აფრთხილებენ, არც ვაქცინის მწარმოებელი კომპანია და არც ექიმები არ იღებენ პასუხისმგებლობას მოსალოდნელ უკუჩვენებებზე.

 – პირდაპირ უნდა გკითხოთ – ეს ვაქცინა არის თუ არა ანტიქრისტეს ტვიფარი, რომლის არიდებას წმიდა წერილი ღვთის ერთგულ ადამიანებს მოუწოდებს?

– ეს პროცესი არის კაცობრიობის შემზადება ანტიქრისტეს ტვიფარის მისაღებად! მიმაჩნია, რომ ის ადამინები, ვინც მიკიჟინებენ არ მივეკარო, რადგან არ ამიცრია, ხვალ მეტყვიან – ჩემს გვერდით არ დადგე, რადგან ხარ ქრისტიანი!

ზუსტად ეს იქნება შემდეგი მოთხოვნა, რადგან ანტიქრისტეს მამხილებელი იქნება ქრისტეს ეკლესია! დემონს ხომ, ყველაზე მეტად ღმერთის და მისი ერთგული მსახურების ეშინია. ნახეთ, რა ხდება – ადამიანების დიდმა ნაწილმა დღეს იცის, რომ ეს ვაქცინა საზიანოა! მაგრამ სამსახურის თუ განათლების უფლების დაკარგვის შიშით იცრებიან! ხვალ კი, სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას მიიყვანენ ანტიქრისტეს ტვიფარის მისაღებად! ფაქტობრივად, დღეს მიმდინარეობს გადარჩევა, ვინ არის მიდრეკილი ტვიფარის მისაღებად და ვინ – მოწინააღმდეგე! მინდა შეგახსენოთ, რომ პანდემიის გამოცხადებისთანავე ერთმა ქართველმა ეპისკოპოსმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს – ჯვარს და ხატს ნუღარ ემთხვევითო! ზოგმა წინამძღვარმა ეკლესია დაკეტა, როგორც ვირუსის გავრცელების წყარო! წარმოიდგინეთ, ანტიქრისტეს პერიოდში რა მოხდება?! ასეთები ხელს უწყობენ, რათა ადამიანები ჯერ ერთმანეთს, მერე ღმერთსაც დააშორონ! აი, ეს გახლავთ განდგომის ნიშანი, რაზეც წმიდა წერილში წერია! მთელს მსოფლიოში დაიკეტა ტაძრები. მადლობა უფალს, რომ პატრიარქის თავდადებით, საქართველოში ეს არ მოხდა!

 – თუ ვაქცინაცია ანტიქრისტეს ტვიფარის მისაღებად შემზადებაა, სინოდი რატომ არ იკავებს მკვეთრ პოზიციას? ან, როგორ გავიგოთ, რომ არა მხოლოდ მღვდლები, ეპისკოპოსებიც კი საჯაროდ იცრებიან და ვაქცინაციის პროპაგანდას ემსახურებიან?

– ადამიანმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს! ხოლო სინოდი ადამიანებს მოუწოდებს ტაძარში სიარულისკენ და ხშირი ზიარებისკენ. ჩვენი საერთო ტკივილია, რომ სინოდშიც არიან, ვინც პატრიარქს და ჩვენი ეკლესიის კურსს უპირისპირდება. სჯობს, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ თავად პატრიარქი არამც თუ არ აცრილა, ნიღბითაც კი არასოდეს გამოჩენილა! პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი პოზიციები სრულად ემთხვევა პატრიარქისას. ეკლესიის ერთიანი პოზიცია კი, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს არ უნდა წაერთვას თავისუფალი ნება; რომ ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრება თუ არ აიცრება! ადამიანის ნებისმიერი სახით იძულება მიუღებელია როგორც ეკლესიის, ისე საერო კანონებით! პერსპექტივა კი გვეუბნება, რომ თუ არ აიცრება, ადამიანი ვეღარ იქნება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ვერ დასაქმდება, ვერ იმგზავრებს ტრანსპორტით, ვერ იყიდის არსებობისთვის აუცილებელ საკვებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აეკრძალება დანარჩენ, ვაქცინირებულ საზოგადოებასთან ერთად ყოფნის უფლება… თანამედროვე სამართლის ენაზე ეს გახლავთ კლასიკური დისკრიმინაცია, საზოგადოებისგან ადამიანთა მოკვეთა. წმიდა წერილის მიხედვით კი, ეს არის ანტიქრისტეს მეფობის უტყუარი ნიშნები! აუცრელობით განპირობებულ ამ აკრძალვებს შემდეგ აუცილებლად მოყვება, რომ საზოგადოებისგან უნდა მოიკვეთო, საზოგადოებისთვის მიუღებელი ხარ, რადგან ხარ ქრისტიანი! აი, ამ შედეგისკენ მიდის დღევანდელი მოვლენები! ანტიქრისტე ჯერ არ გამეფებულა, მაგრამ მთელ მსოფლიოში ადამიანებს უკვე ამზადებენ მის წინაშე მორჩილებისთვის!

 – რა იღონონ მათ, ვინც უკვე აიცრა? იმედია, არ დაუკარგავთ ცხონების პერსპექტივა?

– ეს ადამიანებიც ჩვენი ეკლესიის წევრები არიან, თუ რა თქმა უნდა, აცრამდეც ეკლესიის წევრებად თვლიდნენ თავს. მე მათ ვურჩევ, რომ ბოლომდე დაიცვან თავიანთი თავისუფალი ნება და არ დაემორჩილონ პროპაგანდას, არ ცდუნდნენ, როცა საქმე ანტიქრისტეს ნიშანის მიღებაზე მიდგება, ვინაიდან, ვინც ტვიფარს მიიღებს, ის უკვე ვეღარ ცხონდება! მანამდე კი, ცხონების შანსი ეკლესიის ყველა წევრს აქვს და ეს შანსი სინანულზე, აღსარებაზე და ზიარებაზე გადის!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები