მამა დავითი (ისაკაძე): თანამედროვე „უძღები შვილის“ დაბრუნება ჯერჯერობით ვერ შედგა!

 

ქართველი მართლმადიდებელი საზოგადოება მირქმის დღესასწაულზე კიდევ ერთხელ გაკვირდა ერთის მხრივ დიდსულოვნად მიმტევებლობის და მეორეს მხრივ – უმადურობის ზენიტის გამო. პატრიარქმა ჯერ კიდევ ეპისკოპოსის ხარისხში მყოფ პეტრე ცაავას სიყვარულით მიმართა, სინანულისა და ეკლესიის ერთიან  წიაღში დაბრუნებისკენ საჯაროდ მოუწოდა, თუმცა შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო. 

პატრიარქი:

„ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალა, მადლიც ეძლევა.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს. ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ. დღეს არის განწმენდის დღე; დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავიანთ მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ“, – ბრძანა პატრიარქმა.

 

ეპისკოპოსი პეტრე ცაავა:

„ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და საშიშროება არსებობს, რომ ეს კერპი დაინგრეს. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილის მისამართით არის გაკეთებული ეს განცხადება და არა იმისათვის, რომ ის მოწყალე მამაა. მოწყალე მამა საპატიმროში არ ჩატოვებს მის შვილს და ყველაფერი რა განსაცდელშიც დღეს ეკლესიაა და რამაც განაპირობა მეუფე პეტრეს მიერ ხმის ამაღლება, ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში ბინძური დაკვეთით.“

 

ეპისკოპოსი პეტრე უფრო მეტად უძღები აღმოჩნდა, ვიდრე სახარებისეული იგავის პერსონაჟი უძღები შვილი… სახარებისეული „უძღები შვილის დაბრუნების“ თანამედროვე ინტერპრეტაცია ვერ შედგა. ვესაუბრებით სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ისაკაძეს:

 

– „უძრები შვილის“ იგავში ჩანს ღმერთის უკიდეგანო კაცთმოყვარეობა, მოლოდინი – ადამიანის გადარჩენისა. უძღებ შვილში ყველა ის ადამიანი იგულისხმება, ვინც მოვლენათა გამო განეშორა ეკლესიას, ღმერთს, მოყვასს და ცოდვათა ჭაობში შეტოპა. მაგრამ ღმერთი მაინც ზრუნავს მათზე, მათგან გონზე მოსვლას და ცოდვების მონანიებას ელოდება.

 

  • ყოველთვის მიკვირდა, ცოდვილი შვილი რატომ უნდა დაეფასებინა მამას იმ შვილზე მეტად, რომელიც მას ერთგულად ემსახურება…                                   

 

  • ამ კითხვას ღნიშნულ იგავში მამას უსვამს განაწყენებული ერთგული შვილი და შესჩივის, რომ „აჰა, ამდენი წელია გემსახურები შენ და არასდროს გადავსულვარ შენს მცნებას და ჩემთვის არასდროს მოგიცია თიკანი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა; ხოლო როცა ეს შენი ძე მოვიდა, რომელმაც შეჭამა შენი საცხოვრებელი მეძავებთან, დაუკალი მას ნასუქი ხბო და მის დაბრუნებას ლხინით ზეიმობო.» მამა პასუხობს: «შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ჩემი ყველაფერი შენია; ხოლო ახლა მხიარულება და სიხარული გვმართებს, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა» (ლუკა, 15:11-32).

 

  • სად არის გარანტია, რომ დაბრუნებული უძღები შვილი კვლავ არ გაფლანგავს მამის ქონებას და უძღებ ცხოვრებას არ დაუბრუნდება?

 

  • სახარებისეულ იგავში ჩანს, რომ მას თავისი ცოდვების გამო სინანული მართლაც გაუჩნდა. იგავის არსი ამაში მდგომარეობს. გარანტია მართლაც არ არის, რომ ყოველი უძღები ბოლომდე შეინანებს, მაგრამ ჩვენ ხომ იმედით ვუყურებთ უძღების დაბრუნებას! ღმერთმა კი, წინასწარ იცის თვითოეული ადამიანის მომავალი, მაგრამ ხარობს, როცა ადამიანი შეიცნობს თავის დაცემულ მდგომარეობას. მოგეხსენებათ, მამაში იგულისხმება ღმერთი, ხოლო უძღებ შვილში – ღმერთს განშორებული ადამიანი, რომელიც ღმერთს სინანულით უბრუნდება! ყოველ უძღებ შვილს ელოდება უფალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპისკოპოს პეტრეს მოუწევს ეკლესიიდან განკვეთა. ეს თავის მხრივ, არის მძიმე სასჯელი, მაგრამ იმავდროულად, კიდევ ერთი შანსი, გონს მოგებისა და გულწრფელი სინანულისა, ისევ და ისევ მის საკეთილდღეოდ, რათა სული წარწყმედისგან გადაირჩინოს.

 

  • ეპისკოპოს პეტრეს აქამდე არაფერი უნანია. პატრიარქმა თავად მოიდრიკა ქედი და სეკლესიის წიაღში დაბრუნება სთხოვა, თუმცა, მორიგი შეურცხმყოფელი პასუხი მიიღო. რით ახსნით, რომ თანამედროვე უძღები შვილის დაბრუნება ვერ შედგა?

 

  • ეშმაკის მიზანია, უმძიმესი ცილისწამება გაჟღერდეს პატრიარქის, ანუ იმ პიროვნების მიმართ, რომელიც დიდი რუდუნებით, გულმხურვალედ შრომობს, რათა ჩვენი ერი ღვთისმოსავი და სამშობლოს მოყვარული იყოს. ეშმაკი გაცოფებულია, როდესაც პატრიარქის ამ ღვაწლს ხედავს. მან კარგად იცის, თუ მწყემსი დაეცემა, მისი ცხვარი დაიფანტება. ამიტომ თავის სამიზნედ პატრიარქი ამოარჩია, ხოლო ვინ იქნება ეშმაკის ხელში იარაღი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში იარაღი – ეპისკოპოსი პეტრე აღმოჩნდა. ძალზე მიჭირს მისი ამ ხარისხით მოხსენიება, რომელიც ჯერჯერობით ისევ გააჩნია, იმის მიუხედავად, რომ ღვთისმსახურება შეჩერებული აქვს. რასაც მის წინაშე უწმინდესი დღემდე აკეთებს, გახლავთ როგორც მწყემსთავრული, ასევე მამა-შვილობის უდიდესი გამოვლინება. იმ ფონზე, როცა ყველანი გაღიზიანებულნი ვართ თავგასულობით, რასაც ეს ეპისკოპოსი სჩადის, პატრიარქი მთელ მრევლს საქმით აჩვენებს, თუ რას ნიშნავს მამა-შვილობა, როგორ ელოდება ამ ადამიანისგან სინანულს. პირადად ვიცი, რომ პატრიარქი მას შვილივით ზრდიდა. არაერთი მღვდელმსახური ჰყავს გზაზე დაყენებული, მაგრამ ეპისკოპოს პეტრეზე განსაკუთრებული ამაგი აქვს – ის ძალზე მძიმე და რთული ცხოვრებიდან გამოიყვანა პატრიარქის თანადგომამ.                                  
  • ამოიწურა ეპისკოპოს პეტრეს მიმართ მოწოდების ყველა რესურსი?

 

  • ღმერთმა მისცეს მას სინანული. მისი სულს ახლა მხოლოდ სინანული სჭირდება. ახლა თუნდაც საჯაროდ მოინანიოს პატრიარქის მიმართ ცილისმწამებლური ბრალდება, ჩემი აზრით, მან თავს უფლება აღარ უნდა მისცეს, ეპისკოპოსის ხარისხში დასარჩენად, არამედ როგორც უბრალო ბერი, რომელიმე მონასტერში წავიდეს და დარჩენილი მთელი ცხოვრება იქ გაატაროს. აი, ეს ჩაითვლება, მისგან სინანულის გულწრფელ გამოვლინებად! ძნელია შეფასება, რაც მან მოიმოქმედა. ეს შეიძლება შეედაროს მხოლოდ წიწამურთან ბერბიჭაშვილის მიერ ილია მართლის მკვლელობას, რადგან მაშინ იქ გასროლილმა ტყვიამ და ამჟამად ილია მეორე მიმართ გასროლილმა სიტყვამ ერთნაირი შედეგი დააყენეს! თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სახელი და საქმენი სათაყვანოდ აქცია, ზუსტად ამგვარად, ილია მეორის სახელს და საქმეებსაც სათაყვანოდ გაიხდის. ბერბიჭაშვილი – საქართველოს ისტორიის შავი ლაქაა! არ მინდა, პეტრე ცაავა ამავე სტატუსით დარჩეს ისტორიას. მას ჯერ კიდევ აქვს დროს, ბერბიჭაშვილის დამღა იმქვეყნად არ გაიყოლოს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

 

 

კომენტარები