
მამა დავითი (ისაკაძე): მეუფენო! აცალეთ სააკაშვილს, ამ ქვეყნად ღირსეული სასჯელი განიცადოს, რათა ღვთის სამსაჯავროზე კიდევ უფრო მძიმედ არ დაისაჯოს!
– „მსოფლიომ გადაუხვია დემოკრატიულ პრინციპებს, დიქტატის, ადამიანზე ძალადობის და ფაშიზმის გზას დაადგა! ადამიანის უფლებების აქამდე არნახული დარღვევების ფონზე ხდება ადამიანების დახარისხება. ვინც მეორეხარისხოვანი ადამიანების სიაში მოხვდება, მათ არც მეტი, არც ნაკლები – სიკვდილი ემუქრებათ!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის წინამძღვარმა,
დეკანოზმა დავით ისაკაძემ:
– პლანეტაზე გამალებით მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესი. კოვიდ -19 ვირუსის ხელოვნურად შექმნა და მისი გავრცელება; მისგან „თავის დასაცავად“ ე.წ. ვაქცინაციის დანერგვა; მოსახლეობის იზოლირება, ტესტირების შემოღება და ნიღბის ტარების დაძალება – რამაც პლანეტის თითქმის მთელი მოსახლეობა ნიღბოსნებად აქცია; კოვიდ პასპორტების დარიგება; გადაადგილების შეზღუდვა, ახალ-ახალი ლოკდაუნები, მაგალითად ავსტრიაში, სადაც 1 დეკემბრიდან შედის რეგულაცია, რომლის მიხედვით აუცრელ მოქალაქეებს 10-10 დღით შინაპატიმრობა ემუქრებათ და სახლიდან გარეთ გამოსვლა აეკრძალებათ – ეს ყოველივე მკაფიო და ნათელი მინიშნებაა იმაზე, რომ ევროპაში ამჯერად არა ჰიტლერული რაიხის, არამედ უკვე ევროკავშირის ფაშისტური დიქტატურა მყარდება! ევროპაში ასეთი უმძიმესი მდგომარეობა საქართველოზეც აისახება. ამირან გამყრელიძის და მისი თანამზრახველების ეგიდით, რომლებიც უშუალოდ ჯანმოს დირექტორატიდან იღებენ მითითებებს და მათგან გამოგზავნილი მკვლელი ჰაიდლაინებით ხელმძღვანელობენ, საქართველოში ადამიანის უფლებების აქამდე არნახული დარღვევების ფონზე ხდება ადამიანების დახარისხება. ვინც მეორეხარისხოვანი ადამიანების სიაში მოხვდება, მათ არც მეტი, არც ნაკლები – სიკვდილი ემუქრებათ!
– რაში გამოიხატება დახარისხება?
– დღითიდღე, საჯარო სამსახურების გარდა, უკვე კერძო სტრუქტურებშიც ინერგება პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აიძულებენ ხელშეკრულების დადებას, სადაც წერია რომ დასაქმებული ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით თვეში რამდენჯერმე იტარებდეს PSR Tტესტს, რაც უბრალო ადამიანისთვის საკმაოდ ძვირი – 70 ლარი ჯდება. უმაღლეს სასწავლებლებში, მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტში – სტუდენტებს აიძულებენ, კვირაში ერთხელ ფასიანი, 70 ლარიანი ტესტი ჩაიტარონ. ეს არის არა მხოლოდ იძულებითი ვაქცინაციისკენ მინიშნება, არამედ, ჩვეულებრივი ყაჩაღობაა საშუალო ფენის წარმომადგენელი მოქალაქეების მიმართ. ხალხმა ამ ყაჩაღებს უკვე შეარქვა „კოვიდ ფაშისტები,“ რომლებმაც სამუდამოდ დაკარგეს არა მხოლოდ ექიმის სახე, არამედ უკვე გადაიქცნენ მოძალადეებად და მოსახლეობის ჯალათებად, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ნებისმიერ დემოკრატიულ ნორმას, ადამიანის უმთავრეს უფლებებს და თავისუფლებებს. ვინც ამ რეგულაციებს არ ემორჩილება, მათ უმოწყალოდ ითხოვენ სამსახურებიდან, რის შედეგადაც ეს ადამიანები ელემენტარული შემოსავლის და შიმშილით სიკვდილის საფრთხის ქვეშ დგებიან. ჩვენს თვალწინ, მსოფლიო იცვლება და აქამდე აღიარებული დემოკრატიული ინსტიტუტები ორმაგი სტანდარტებით იწყებენ მოქმედებას. განცვიფრდებით, რომ ნახოთ, ევროკავშირს თუნდაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით როგორი მკვეთრი რეგულაციები აქვს მიღებული, რომლის თანახმად, არ შეიძლება ვაქცინაცია იყოს იძულებითი! მაგრამ რეალობაში ყველაფერი უგულებელყოფილია. ადამიანებს გამოსავალს არ უტოვებენ, სხვადასხვა მექანიზმებით აიძულებენ ვაქცინაციის ჩასატარებლად. დიახ, მსოფლიომ გადაუხვია დემოკრატიულ პრინციპებს, დიქტატის, ადამიანზე ძალადობის და ფაშიზმის გზას დაადგა!
– ამას რა კავშირი აქვს სარწმუნოებასთან?
– ასეთი ვითარება ხომ, ხელოვნურად არის გამოწვეული. ნელ-ნელა ხდება ადამიანების მომზადება, ანტიქრისტეს გამოჩინებისათვის და მის მისაღებად! ჩვენ არ ვიცით ეს ზუსტად როდის მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში ყველგან ერთნაირი ხელწერა შეინიშნება – ადამიანების მიჩვევა ახალ წესრიგთან! ვინც ამ წესრიგს არ ემორჩილება, დგება ფაქტის წინაშე, რომ ვეღარ მუშაობს, ვეღარ იკვებება, ვეღარ გადაადგილდება, ფაქტობრივად, ხდება დევნული, ჯერ მიწიერი თვალსაზრისით, შემდეგ კი, როგორც წმიდა წერილი ღაღადებს და წმიდა წერილის კომენტატორი წმიდა მამები ქადაგებენ – ამ ახალი წესრიგის ფარგლებში ნებისმიერ ჩვენთაგანს პირდაპირ, ქრისტეს უარყოფას მოგვთხოვენ! როგორც ახლა, დაუცველი ადამიანების დევნა მიმდინარეობს, როცა მათ სამსახურებიდან ათავისუფლებენ, სასწავლებლებში არ უშვებენ, პირბადის გარეშე მყოფთ ტრანსპორტიდან და მარკეტებიდან აძევებენ, სკოლებში მცირეწლოვან ბავშვებსაც კი პირბადის გაკეთებას აიძულებენ – ზუსტად ასეთივე პრინციპით, დევნას გამოაცხადებენ მოქალაქეებზე, რომელიც ქრისტიანად დარჩება! ჯერჯერობით კი, მთელ მსოფლიოში ადამიანებს ამ მომენტისთვის ამზადებენ და მათ სხვადასხვა მეთოდით – მორჩილებას აჩვევენ, რაც მომავალში ანტიქრისტეს მიმართ მორჩილებაში უნდა გადაიზარდოს! ამიტომ, აუცილებელია დაუმორჩილებლობა! მთელ მსოფლიოში უკვე იქმნება ასეთ „წესრიგთან“ დაუმორჩილებლობის კერები. ისინი თავიანთი უფლებების შეზღუდვას აპროტესტებენ; მართლმადიდებელი ერები კი, ხვდებიან, რომ სახეზეა ანტიქრისტეს გამეფებისთვის გარემოების შემზადება და მათი პროტესტი პირდაპირ, სარწმუნოების და ქრისტეს ერთგულებით არის ნაკარნახევი!
– სხვა საკითხებსაც შევეხოთ. ამას წინათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს „გირჩის“ მიერ სტამბოლიდან ჩამოყვანილმა მჩხიბავმა სტელამ საჯაროდ, ჯადო გაუკეთა. როგორ აფასებთ ამ მოვლენას?
– „გირჩზე“ და მათ მენტალობაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. რაც შეეხება ჯადოს კეთებას, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ღმერთიც და ეშმაკიც, შესაბამისად, ადამიანთა შორის არსებობენ როგორც ღვთის, ასევე დემონების და სატანის მსახურებიც. დიახ, ჯადოქრობა რეალობაა. ეს არის ენერგეტიკული ზემოქმედება, რაც ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან, ეკლესიის მხრიდან უმძიმეს ცოდვად არის შეფასებული. ყოველი გრძნეული, მჩხიბავი, ეშმაკეული ადამიანი ეკლესიიდან უმძიმესი საეკლესიო სასჯელით იყვნენ მსჯავრდებულნი. უნდა ვიცოდეთ, რომ ჯადოს თავისი მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მხოლოდ უსჯულოდ მცხოვრებ ადამიანზე, ვინც არ ცხოვრობს ეკლესიურად, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება. ასეთი ადამიანი ჯადოს გავლენით შეიძლება ფიზიკურადაც დაიღუპოს და სულიერადაც.
– რა მექანიზმით მოქმედებს ჯადო?
– ჩვენ არაერთხელ გვსმენია რწმენის და ლოცვის ძალაზე. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებიც განკურნებულან მხურვალე ლოცვით და რწმენით. მედიცინაში „პლაცებოს“ ეფექტიც საყოველთაოდ ცნობილია. ამ ძალას, რომელიც ადამიანს კურნავს – უფალი იძლევა. მაგრამ ეშმაკზე დამონებული ადამიანი ძალას უფლისგან კი არა, ავი სულისგან იღებს და ეს ძალა ვრცელდება მხოლოდ არაეკლესიურ ადამიანებზე. ეშმაკი ძალას აძლევს მათ, ვინც მისგან ზემოქმედების უნარს გამოითხოვს. წმინდანთა ცხოვრებაში არის უამრავი შემთხვევა, როცა ამა თუ იმ ადამიანის ფიზიკურად დამორჩილების მიზნით მავანი ეშმაკისგან გამოითხოვდა ძალას, შეწევნას და ეს ეძლეოდა კიდეც. რაც უფრო მეტად ემონება ეშმაკს ადამიანი, მით მეტი უნარი ეძლევა დემონისგან, მაგრამ ამ ძალას ანგრევს რწმენა და ხშირად, მორწმუნეს პირჯვარის ერთხელ გადაწერითაც დაუმუხრუჭებია დემონური ენერგიის ზემოქმედება. მაგალითად, მე-4 საუკუნეში წმიდა მოწამე იუსტინაზე დემონის მეშვეობით ზეგავლენას ცდილობდა ერთი გრძნეული, რომელიც გახლდათ უმაღლესი რანგის ქურუმი, კვიპრიანე კართაგენელი. მას იმდროინდელი სპეციალური სასწავლებლებიც კი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ როდესაც იუსტინემ პირჯვარი გადაისახა, კვიპრიანემ, ამ უმაღლესი სტატუსის მქონე ეშმაკის მსახურმა ვერანაირი ზემოქმედება ვერ შეძლო და პირდაპირ მიმართა ეშმაკს: შენ მე მომეცი ყველანაირი ზემოქმედების ძალა, მაგრამ ერთმა უბრალო ქრისტიანმა გოგონამ მთელი შენი ძალა პირჯვარის ერთხელ გადაწერით შეზღუდაო. ამის შემდეგ კვიპრიანემ ზურგი აქცია ეშმაკს, მივიდა კართაგენის ცენტრალურ მოედანზე და დემონსტრაციულად დაწვა ყველა წიგნი, საიდანაც ჯადოქრობა ისწავლა და საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვები და გახდა ქრისტიანი! ხოლო შემდეგ მღვდელმთავრობას მიაღწია და სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა.
– წყევლა რაღა არის?
– ისიც ეშმაკისგან გამოთხოვილი ენერგიის გავრცელების მექანიზმია, ამიტომ უმძიმეს ცოდვად ითვლება. წყევლა მოქმედებს იმ ადამიანზე, ვისაც წყევლიან, მაგრამ დამღუპველი ენერგია დამაწყევარსაც უბრუნდება უკან. თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, მასზე ვერც ჯადო და ვერც წყევლა ვერ გამოიღებს მავნე შედეგს! ასეთია ეკლესიის სწავლება.
– ერთმა მიტროპოლიტმა (ნიკოლოზმა) სააკაშვილის ყალბი შიმშილობა „მარხვად“ შეაფასა, თავად სააკაშვილი კი წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულს შეადარა. მეორემ (იოსებმა) განაცხადა, რომ ციხეში მყოფი ადამიანის ზიარება მარხვის გარეშეც დასაშვებია. ნუთუ, ეკლესიის პოზიცია ასეთია?
– სამწუხაროდ, ზოგიერთ ეპისკოპოსს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და მისი ლიდერის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს. ავადმყოფებისთვის და საპყრობილეში მყოფთათვის ეკლესია მართლაც აწესებს მარხვის შემსუბუქებას, თუმცა ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილს არც უშიმშილია და მითუმეტეს, არც უმარხულია. თავად სააკაშვილს არასოდეს უთქვამს რომ მარხულობდა. ის ამტკიცებდა, რომ შიმშილობდა, თუმცა ხბოს ღვიძლის შემცველი დანამატებით კვებას ვერავინ უწოდებს შიმშილობას. ამას გარდა, რაც ყველაზე მთავარია, ზიარების წინაპირობა უნდა იყოს ადამიანის გულწრფელი სინანული, არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ერის და ეკლესიის წინაშე მის მიერ ჩადენილი ცოდვების გამო, რომელთა მონანიებას საჯარო სინანული სჭირდება! ამიტომ, მე ვეკითხები იმ მღვდელმთავრებს – განა როდის თქვა სააკაშვილმა, რომ ის სინანულშია, ლოცულობს ან მარხულობს? საჯაროდ როდის მოინანია მისი რეჟიმის პერიოდში ასობით ადამიანის წამება, გაუბედურება და სიკვდილი? მეუფენო! უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაუდგებით სააკაშვილს ადვოკატებად! თუ მისთვის სიკეთე მართლაც გინდათ, აცალეთ, ამ ქვეყნად ღირსეული სასჯელი განიცადოს, რათა ღვთის სამსაჯავროზე კიდევ უფრო მძიმედ არ დაისაჯოს!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”