მამა დავითი (ისაკაძე): პირდაპირ ვაცხადებ, რომ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდში ვართ!

ახლახან ფეისბუქის ადმინისტრაციამ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული ტროლი გვერდები გააუქმა და მათ შორის აღმოჩნდა „საპატრიარქოს შავრაზმელთა ბანდა.“  იგი ერთდროულად საპატრიარქოს და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“ უტევდა. ანაზდად გაცხადდა, რომ ეკლესიას ტროლები სწორედ ნაციონალური მოძრაობის მითითებით ებრძვიან.

– „მსოფლიოში მეორედ მოსვლის წინა ჟამი დადგა! – ასეთი სკანდალური განცხადებით დაიწყო ჩვენთან საუბარი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრმა, სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ: 

 – მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომელიც პირველ საუკუნეში  ჩამოყალიბდა, დღემდე უცვლელია. მართლმადიდებელ ეკლესიას ყველა ეპოქაში ჰყავდა მოწინააღმდეგენი, რომლებიც ეკლესიის სწავლებას ებრძოდნენ, ვინაიდან ეს სწავლება ამხელდა მათ არასწორ და უზნეო ქმედებებს. ბუნებრივია, რომ თანამედროვე საქართველოში ასეთი ბრძოლა გამართეს ისეთმა დაჯგუფებებმა, როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“ ისინი ფაშისტური და კრიმინალური ორგანიზაციებია, რაზეც უკვე თვით ევროპული სასამართლოები ალაპარაკდნენ. ამ დაჯგუფებებში ერთიანდებიან ღმერთისგან, ადამიანობისგან და ზნეობისგან განდგომილი პირები, ამიტომ, სულაც არ გაგვკვირვებია, როცა გამჟღავნდა, რომ თავს სწორედ ისინი გვესხმოდნენ. მაგრამ, ეკლესიას ამ ტროლების შემოტევები აინუნშიც არასოდეს ჩაუგდია. სახარება ღაღადებს, რომ „არ შეიძლება ღორებს  მარგალიტი დაუყარო“ და ისინი სწორედ ასეთი კატეგორიას წარმოადგენენ. მარგალიტი კი, სიწმინდეა, რომელსაც ისინი ვერაფერს გაუგებენ! ეკლესია სიწმინდეს და სამართლიანობას ქადაგებს, ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთი ჯგუფები უპირისპირდებიან. არც ეროვნულობა, ქართველობა და არც სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა არ გააჩნიათ. სადაც პატრონი დასვამს, იქ შეასრულებენ მითითებებს, იმის მიუხედავად, საქართველოში იქნებიან თუ უკრაინაში. 

 -როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი, როცა ფეისბუქზე ღვთისმგმობელ პოსტებს წააწყდება? 

 – ამხილოს და შემდეგ ზურგი აქციოს! როცა სააკაშვილის რეჟიმი მძვინვარებდა, მისი ერთ-ერთი  მამხილებელი ძალა სწორედ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ გახლდათ, რომლის წევრები მღვდელმსახურებიც ვართ. ვიღწვით ისეთი გარემოსთვის, სადაც ჩვენი შვილები ზნეობრივად, რწმენით და ეროვნული ცნობიერების შეგრძნებით აღიზრდებიან.  შვილებზე ყველგან ზრუნავენ – ასეთი კავშირები ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპასა და ამერიკაშიც მოქმედებენ. სკანდინავიაში „ვიკინგ მშობელთა კავშირიც“ კი არსებობს. იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვინც ეროვნებას და სარწმუნოებას ზურგს აქცევს – შვილებიც არ ეყვარება! ჩვენ კი, ვცდილობთ, სამშობლოს სიყვარულით სავსე, ზნეობრივი თაობა გაიზარდოს საქართველოში. 

 – ამასობაში, პლანეტის მოსახლეობა სახლებში გამოკეტეს, მასობრივ ვაქცინაციაზე და დაჩიპვაზე მიდის საუბრები… რაღაც, მნიშვნელოვანი ხდება, აშკარად! როგორ აფასებთ ამ მოვლენებს? 

 – არ ვაპირებ, ფანტასტიკის სფეროდან ვისაუბრო, არამედ, არგუმენტებს წარმოვადგენ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდში ვართ! ის საკითხები, რომლებიც COVID-19 – ს ახლავს, არის საზოგადოების შემზადების გარკვეული მიზანსცენა. ფაქტია, რომ იკვეთება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მძლავრი შეტევა, ცდილობენ მართლმადიდებლები გამოიყვანონ უმეცრებად, ინფექციის გამავრცელებლად და პლანეტის მოსახლეობის რისხვა მათკენ მიმართონ. როგორც ვნახეთ, აღდგომას კათოლიკეებმა პეტრეს მოედანზე პაპი საცოდავად, მარტო დატოვეს. ჩვენთან კი, ყველა ეკლესიაში წირვა ჩატარდა, ტაძრები და ეზოებიც კი სავსე იყო, თუმცა დისტანციით და ორგანიზებულად ლოცულობდა მრევლი. ანუ, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ სწორედ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტების მქადაგებელი და მაცხონებელი სარწმუნოება. ჩვენ ამ რწმენით ვცხოვრობთ, ამიტომ, სწორედ ჩვენს ამ შემართებას უპირისპირდებიან მთელი მსოფლიოს ბოროტი ძალები! კანონი გამოსცეს მანქანით გადაადგილების აკრძალვაზე და მართლმადიდებლები ამანაც  ვერ შეაჩერა. 2 დღის მანძილზე მე და ჩემმა მეუღლემ ტაძრამდე და უკან 30 კილომეტრზე მეტი ფეხით ვიარეთ. მე მქონდა იმის პრივილეგია, მანქანით მემოძრავა, მაგრამ ჩვენი ეკლესია იმიტომ არის დიდი, საერთო ოჯახი, რომ თუ მრევლი ფეხით ივლის, არც ეკლესია დაიკეტება და მათი მოძღვარიც მათ გვერდით იქნება. ჩვენი ეკლესია სწორედ მაშინ ძლიერდება, როცა ებრძვიან! 

– როცა დაინფიცირებული ადამიანი საზოგადოებასთან კონტაქტშია, ეპიდემიის გავრცელების დიდი ალბათობაა. იქნებ, გამართლებულიც იყოს იზოლაციის მასშტაბები, რაც მსოფლიომ კორონავირუსისგან თავდასაცავად დააწესა? 

 – ჩემი ოჯახის წევრთა დიდი ნაწილი – ექიმები არიან, ისინი არა მხოლოდ საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოღვაწეობენ. არც მე მაკლია სამედიცინო განათლება. დიახ, COVID-19 საშიში ინფექციაა, თუმცა არც ისეთი, როგორიც იყო გრიპი „ესპანურა,“ ქოლერა, შავი ჭირი. შესაძლოა, ძალზე ბევრ ადამიანს ეს ინფექცია ფეხზე აქვს გადატანილი ისე, რომ არც კი შეუტყვია თავისი ავადმყოფობის შესახებ! რაც ახლა ხდება მსოფლიოში, ეს ინფექციისგან თავის დაცვას კი არა, მასობრივი ფსიქოზის და პანიკის დანერგვას ემსახურება, იმ მიზნით, რომ საზოგადოების ტესტირება მოახდინონ,  მოწყვიტონ ოჯახს და მართულ მდგომარეობაში გადაიყვანონ პლანეტის მოსახლეობა. ამას თან სდევს დიდი ოდენობით ფულის გათეთრება, მოსახლეობის განათლების დონის მკვეთრი დაცემა, სწავლების ონლაინ რეჟიმში გადაყვანით; რაც მთავარია, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აუცხოებენ და სიყვარულს უკლავენ. ეს დიდი ტყუილი და მიზანმიმართულად მართული პროცესია.

  – რა მიზნით? 

– დაიწყო პლანეტის მოსახლეობის მიზანმიმართულად შემცირების საზარელი პროცესი. პირველ რიგში, ხანდაზმულ მოსახლეობას იშორებენ – მათთვის პენსიების სახით მისაცემი უზარმაზარი მატერიალური სახსრები თავისუფლდება. მოგვდის ინფორმაციები, როგორ ქმნიდნენ ევროპაში პანიკას – გადაადგილდებოდნენ თითქმის ცარიელი, თითოოროლა კუბოთი დატვირთული მანქანები, მაგრამ ცხადდებოდა, თითქოსდა, ასობით მიცვალებული გადაჰქონდათ. ადამიანები უკვე ელდით და პანიკის შედეგად იხოცებიან. ამ პროცესს ჩვენი ეკლესია და მართლმადიდებელი სამყარო ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ხვდება. 

 – საუბარი ჩამოვარდა კანქვეშ ჩიპების გადანერგვაზე, რომელმაც პირადი საბუთები უნდა შეცვალოს და ადამიანებს კომუნიკაცია გაუმარტივოს.  

– დიახ, აქეთკენ მიყავთ ყველაფერი, მაგრამ მანამდე მასობრივი და საყოველთაო, სავალდებულო ვაქცინაციის კამპანია იქნება. ათიოდე წლის წინ ბილ გეიტსმა შექმნა კლუბი, რომელშიც შედის როკფელერი, მორგანების შთამომავლები, სოროსი და სხვა ანგაჟირებული პირები. მათ ძალიან დიდი ფული გაიღეს იმ მიზნით, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი პროცესი დაწყებულიყო. იქმნება პლანეტაზე თითოეულ ადამიანზე ტოტალური თვალთვალის მექანიზმები, 5G ტექნოლოგიაც, ამ მიზნით ინერგება, თუმცა კლუბის შემქნელები საკუთარ ოჯახებში პირდაპირი მნიშვნელობით, კრძალავენ თანამედროვე აიფონების და სმარტფონების ტარებას, იციან რა, სინამდვილეში როგორი საფრთხეების შემცველია. საყოველთაო ვაქცინაციით კი, დედამიწაზე ადამიანების შობადობის შემცირებას აპირებენ. მიზნად აქვთ დასახული, პლანეტაზე დარჩეს 100 მილიონი ელიტარული წარმოშობის ადამიანი, რომელთაც 1 მილიარდამდე მოსამსახურე პერსონალი ეყოლება. პლანეტის დანარჩენი მოსახლეობა უნდა განადგურდეს – ამის შესახებ ბილ გეიტსი აცხადებს. სახეზეა შეთქმულება კაცობრიობის, ეკლესიისა და ღმერთის წინააღმდეგ. უარესი წინ არის! 

– ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს? 

 – მომავალში მოხდება ის, რაც ნაწინასწარმეტყველევია მოციქულ იოანეს გამოცხადებაში – იქნება ანტიქრისტეს მოსვლა, საზარელი განსაცდელი, რასაც მაცხოვრის მიწაზე მეორედ მოსვლა მოყვება! მაგრამ როდის გამეფდება ანტიქრისტე – ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუ ხალხი რწმენაში მტკიცე იქნება, ეს მთავარი განსაცდელი გადავადდება, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ზუსტად ისე მოხდება, რასაც წმინდა წერილი გვასწავლის. 

 – არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად, ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს საქართველოში. არადა, საქართველოში საპირისპირო პროცესი – რწმენისგან განდგომა და ზნეობის დეგრადაცია მიმდინარეობს…

– წმიდა წერილში არსად წერია, რომ ანტიქრისტე საქართველოში  პოზიციას ვერ მოიმაგრებს. მაგრამ, საქართველო – ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, დედა ღვთისა განსაკუთრებით ლოცულობს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. ასეთი მეოხი გადარჩენის რწმენით გვავსებს, მაგრამ მფარველობა ვერ გვიშველის, თუ სათანადოდ არ ვიცხოვრებთ. რაც უფრო დიდი რწმენით ვიქნებით, მით მეტი იქნება შეწევნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან და უფლისგან! 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“

კომენტარები