მამა დავითი (ისაკაძე): სირცხვილია, ამ ეპისკოპოსების საქციელი! მკვლელებს და ჯალათებს ძალაუფლების დაბრუნებაში ეხმარებიან!

ქართველი საზოგადოება ახლახან, 4 ეპისკოპოსის საქციელმა უკიდურესად აღაშფოთა: შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე), კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) და  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) სისხლის სამართლის დამნაშავე, ნაპრეზიდენტალ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერეს. მრევლის გასაკვირად, ეპისკოპოსები ითხოვენ ათასობით ადამიანის გამაუბედურებელი ჯალათის ციხიდან გამოშვებას, რომელიც მორიგი სისხლისღვრის გაჩაღების მიზნით მალულად ჩამოვიდა საქართველოში!

  ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას – 7 ოქტომბერს შეიქმნა. პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ „საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მიეცეს საშუალება, ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში.“

როგორ აფასებს მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა ნაწილი პეტიციაზე ხელმომწერი ეპისკოპოსების საქციელს? ვესაუბრებით სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს,

დეკანოზ დავით ისაკაძეს:

– ღმერთი ყოვლად მოწყალე და იმავდროულად, ყველა ცოდვასთან და ცოდვას დამონებულ ადამიანებთან მიმართებაში მკაცრი მართლმსაჯულია. როდესაც ადამიანის შეწყალებაზე და მის მიმართ მოწყალების გამოვლენაზეა საუბარი, არ შეიძლება საზოგადოება დავყოთ ფენებად და კატეგორიებად, მეფეებად და მოსამსახურეებად, პრეზიდენტებად და ჩვეულებრივ მოქალაქეებად, რადგან ღვთის წინაშე და ასევე კანონის წინაშე – ყველა ადამიანი თანაბარია! თუ სასულიერო პირი ითხოვს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას, ის აუცილებლად უნდა ითხოვდეს რიგითი პატიმრის შეწყალებასაც და არ უნდა აპელირებდეს იმაზე, რომ მისი ფავორიტი დიდი თანამდებობის პირი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნა იწვევს საზოგადოების სხვა, არაპრივილეგირებული ჯგუფების სამართლიან გაღიზიანებას, ხოლო სასულიერო პირი ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს ეკლესიის მიმართ უნდობლობას!

 – რით ამართლებენ თავიანთ პოზიციას, რომ სააკაშვილს ყველაფერი უნდა ეპატიოს?

– ეს ადამიანი – ყოფილი პრეზიდენტი და მასთან ერთად პირების ჯგუფი, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი სისტემური დანაშაულის იდეოლოგები და ორგანიზატორები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არა მხოლოდ პიროვნული დანაშაულები აქვთ ჩადენილი… არამედ, სისტემური, საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები! დიახ, ისინი მთელ ქვეყანას, მთელ საზოგადოებას ებრძოდნენ! ამის დასტურია მათ მიერ დანერგილი ელიტური კორუფცია; ბიზნესის დაყაჩაღების პრაქტიკა;  გუანტანამოს საპყრობილეში პატიმრების ტანჯვა-წამების ანალოგიური მეთოდების შემოღება საქართველოს ციხე-კოლონიებში, რაც ფაშისტებს და კომუნისტებსაც არ დასიზმრებიათ! პატიმრების არნახული რაოდენობა, როგორიც სტატისტიკურად ევროპის არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია! მათი უმრავლესობა „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ იყვნენ აღზევებულნი და შესაბამისად, მართლმადიდებლობის მტრები არიან… როგორც კი გაუჭირდა, ამის ჩამდენი ქვეყნიდან გაიქცა, დათმო ქართული პასპორტი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. არ მესმის, რანაირად შეიძლება ასეთი სისტემური დანაშაულების ჩამდენი პირის შეწყალებას ან გათავისუფლებას ითხოვდეს ვინმე, მითუფრო – ეპისკოპოსი! პირიქით, მათი სულებისთვის უმჯობესია, ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამო ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაისაჯონ, ვიდრე იმქვეყნად, ღვთისგან მათზე დაშვებული, მარადიული  სასჯელი დაიტეხონ! ასეთი უნდა იყოს ნამდვილი სასულიერო პირის დამოკიდებულება დამნაშავეს მიმართ და არა ამქვეყნიური სასჯელისგან მოუნანიებლად თავის დაღწევაში ხელშეწყობა, რის შემდეგაც კვლავ უსჯულო ცხოვრებას დაუბრუნდება და საზოგადოებას ახალ ზიანს მოუტანს!  ეპისკოპოსის პოზიცია უნდა იყოს ევდემოზ კათალიკოსის მსგავსი, რომელიც გარყვნილების და უსჯულოების მქადაგებელ, ეროვნულ ცნობიერებასთან დაპირისპირებულ როსტომ ხანს პირში ეუბნებოდა: შენ ქართველი ერის მამა კი არა, მამინაცვალი ხარო!

 – მაშ, რით ახსნით ამ ოთხი ეპისკოპოსის პოზიციას? რა მოტივაცია ამოძრავებთ მათ?

– არც მეშინია და არც ვერიდები! მაგრამ ამ კითხვას გვერდს ავუვლი, რათა განკითხვა არ გამომივიდეს. არ მინდა, საკუთარი თავი ცოდვაში ჩავაგდო. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სირცხვილია, ამ ეპისკოპოსების საქციელი! სირცხვილია, რადგან ყოფილი პრეზიდენტიც და მისი თანამოაზრეებიც დამნაშავენი არიან ქართველი ხალხის და მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, თან, არც ინანიებენ დანაშაულებს. როგორ შეიძლება, ამ ჯალათებს პოლიტიკაში დარჩენაში დაეხმარო?! სულხან მოლაშვილის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, სანდრო გირგვლიანის… სხვა უამრავი ცნობილი თუ რიგითი ადამიანების ხოცვას და წამებას „გადაცდომას“ უწოდებენ! მე მაოცებს მათი მხარდამჭერების აზროვნებაც – როგორ ახერხებენ მიემხრონ მათ, ვინც თავიანთი ცხოვრების წესით ღმერთს და სამშობლოს ებრძოდა და ახლაც ებრძვის! სინანულის შემთხვევაში კი, სულ სხვა გარემოება იქნებოდა, როცა სასულიერო პირის მიერ სახელმწიფოსგან დამნაშავესთვის პატიების გამოთხოვა დასაშვებია.

 – შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძემ) სიტყვა-სიტყვით, ასე განაცხადა: „ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილსო.“

– თუ ქვა უდანაშაულომ უნდა ისროლოს, მაშ, გავაუქმოთ, რაღა საჭიროა კანონი ან სასამართლო? ანდა, თავად ეპისკოპოსი იოსები კონკრეტული ცოდვის გამო საეკლესიო კანონს რა უფლებით ადებს ერის ადამიანს, ნუთუ, თავად უშეცდომოა? ყველა ადამიანი ცოდვილია! ცოდვას და შეცდომას არ უნდა დავუპირისპირდეთ? საეკლესიო კანონის დამრღვევს თუ საეკლესიო სამართლით მიეზღვება, სამოქალაქო კანონის დამრღვევი რად არ უნდა დაისაჯოს?! ერთსაც გეტყვით: მარტო სააკაშვილის გათავისუფლებას რომ მოითხოვენ, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი ჰქონდა… განა რომელიმე პატიმარს მასზე მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი?!

 – თვით სასჯელის არსი რაში მდგომარეობს? რა არის სასჯელი?

– გინდ სულიერი და გინდ საერო დანაშაულისთვის განსაზღვრულ სასჯელს ეკლესია სულის კურნებად აფასებს, რადგან სჯობს ყველა დანაშაულისთვის ადამიანმა ამქვეყნად ზღოს და იმქვეყნიურ სამსჯავროზე ნაკლები ტვირთით წარდგეს. ისეც ხდება, რომ ამქვეყნიური სასჯელი უსამართლოა, მაგრამ სწორად მიდგომის შემთხვევაში მაინც სულიერ კურნებას განაპირობებს. წმიდა მამა ეფრემ ასური უსამართლოდ დაიჭირეს და თავიდან ღმერთს შესჩიოდა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და საკუთარ თავთან აღიარა, რომ სასჯელი სხვა, ადრე ჩადენილი ცოდვების გამო მიიღო, რის გამოც თავის დროზე პასუხი არ უგია. ზოგს შეუძლია უსამართლო სასჯელს ამგვარად მიუდგეს. სხვა ამჯობინებს, ადვოკატების დახმარებით იბრძოლოს და უდანაშაულობა სასამართლოზე დაამტკიცოს. მაგრამ, როცა ათასობით მოწმე არსებობს, რეჟიმის დროს ადამიანებს როგორ ხოცავდნენ, როცა ათასობით ადამიანმა რეჟიმის პირობებში პირადად იწვნია ცილისწამება, უდანაშაულოდ დაპატიმრება, სასტიკი წამება, დაინვალიდება, ქონების ჩამორთმევა, ღირსების შელახვა,  სასულიერო პირმა რა პირით უნდა მოითხოვოს ამ რეჟიმის შემქმნელის ციხიდან გათავისუფლება?! „თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ის უკვე აღარ არის ქვეყანა! ხოლო, როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, მასთან შერიგება არ შეიძლება!“ – სავსებით მართებულად განაცხადა მეუფე იოანემ (გამრეკელმა).

 – რა შემთხვევაში შეიძლება დამნაშავეს ჩადენილი მიუტევო და აპატიო?

– ყველამ შეიძლება დამნაშავეს აპატიოს პირადად მის მიმართ ჩადენილი დანაშაული და უნდა შეეცადოს კიდეც, რომ ასე მოიქცეს, მაგრამ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მიტევებას მაშინ აქვს აზრი, როცა ცდომილი თავის შეცდომას და დანაშაულს ნანობს და აღიარებს. შეიძლება, კეთილშობილმა ადამიანმა სინანულის გარეშეც მიუტევოს პირადად მის მიმართ დანაშაულის ჩამდენს და ამით ისევ საკუთარ თავს ააცილოს სხვადასხვა ცოდვა, მაგრამ თავად დამნაშავეს სული განუკურნებელი დარჩება. ასეთ შემთხვევაში მიმტევებელი განკურნებაში კი არ ეხმარება, ახალი დანაშაულის ჩადენაში უწყობს ხელს დამნაშავეს, რომელიც დანაშაულის არსში ვერ გარკვეულა. სააკაშვილი და მისი ამფსონები დანაშაულს რომ ინანიებდნენ, იმ ძალაუფლების დაბრუნებას აღარ შეეცდებოდნენ, რაც თავის დროზე ადამიანების სიცოცხლის და ღირსების შემლახავ სასტიკ სინდიკატად აქციეს! ხელისუფლებაში დაბრუნება კი არა, საზოგადოების სიახლოვეს მათი გაკარება არ შეიძლება! გონიერებისკენ მოვუწოდებ ყველას, ვინც ხელისუფლებაში სააკაშვილის ბანდის დაბრუნებას მოითხოვს. შევახსენებ, რომ იმ მძიმე  ცოდვების თანაზიარნი ხდებიან, რაც ამ ბანდებს აქვთ ჩადენილი და ამ ცოდვების გამო ოდესმე აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ერის და ღმერთის წინაშე!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები