მამა დავითი (ქვლივიძე): ადამიანი მონათლულად ითვლება,თუ ნათლობისას მთავარი ფორმულა შესრულდება!

ნათლობის საიდუმლოს უამრავი ისეთი ასპექტი ახლავს, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. ვესაუბრებით ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ქვლივიძეს:

— ადამიანი ორჯერ იბადება. ერთხელ ხორციელად, მეორედ კი, სულიერად. მაცხოვარი ამბობს: „რომელი არა იშვას სულითა და წყლით, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფევლისა ცისა“. ნათლობა ადამიანის სულიერი შობაა, რის გარეშეც სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. საზოგადოებამ ნაკლებად იცის ნათლობის მეორე მნიშვნელობა, რაც იესო ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაკვრაში მდგომარეობს.

— ამბობთ, ადამიანი ორჯერ იბადებაო… უფალმა რად არ დაუშვა, რომ ერთხელ დაიბადოს, ხორციელთან ერთად სულიერადაც?

— უფალმა თავის დროზე ადამი უკვდავ არსებად გააჩინა, მაგრამ ადამმა და ევამ ვერ შეიფერეს. ისინი გველმა, ანუ ეშმაკმა აცდუნა, ის ერთადერთი ტაბუ დაარღვიეს, რაც უფალმა დაუწერა, და ამის გამო ღმერთმა ისინი ედემიდან გამოაძევა. უფალმა მიწაზე მყოფ ადამს ახალი წესი დაუწესა, ამიერიდან მას საკუთარი ოფლით უნდა მოეპოვებინა სარჩო, ხოლო გველს, რომელმაც ადამი და ევა აცდუნა, დაუთქვა, რომ „ქალისგან ნაშობი“ გაუჩეჩქვავდა თავს. იგულისხმებოდა მესიის, იესო ქრისტეს მოსვლა, რომელიც ეშმაკს დაამარცხებდა და ადამის მოდგმას კვლავ გაუხსნიდა სამოთხის დახშულ კარიბჭეს!

იესო ქრისტეს მოსვლამდე სამოთხე მართლაც დახშული იყო ადამის მოდგმისთვის. განურჩევლად ყველა ადამიანი ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა. ქრისტე ჯვარს ეცვა ზუსტად ადამის საფლავზე. მისი სისხლი ადამის საფლავს დაეპკურა და მისი ცოდვა გამოისყიდა, ხოლო სამოთხის დახშული კარი ადამის მოდგმისთვის გაიღო! იმ ადამიანებს, რომლებიც ქრისტესთან ერთად გაეკვრებიან ჯვარზე, სამოთხეში შესვლის საშუალება მიეცემათ. სწორედ ეს ხდება ადამიანის ნათლობის დროს — მისთვის სამოთხის კარი იხსნება! სხვათაშორის, სლავურად ნათლობას „კრეშენიე“ ეწოდება, რაც ჯვარზე გაკვრას ნიშნავს!

— რა დანიშნულება აქვს ნათლობისას ემბაზს?

— ემბაზი, ანუ აუზი, სადაც ადამიანი ინათლება, ქრისტეს საფლავს გამოხატავს. ამ საფლავის წინ დგას თმაგაშლილი, ფეხშიშველი, სამკაულჩამოხსნილი ადამიანი, როგორც ქრისტე იდგა ჯვარცმის წინ. შემდეგ მოსანათლი სამჯერ ჩადის ემბაზში, რაც ქრისტეს ხორციელი სიკვდილის შემდეგ 3 დღის განმავლობაში მის საფლავში ყოფნას გამოხატავს, ხოლო ემბაზიდან ამოსული ადამიანი ემსგავსება მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს!

— მაგრამ ხშირად ნათლობა სულაც არ ხდება წყალში სამჯერ ბოლომდე შთაფვლით… ამ დროს ადამიანი მონათლულად აღარ ითვლება?

— ითვლება. მოციქულთა საქმეში წერია, რომ ადამიანი გამდინარე წყალში უნდა მოინათლოს. თუ წყალი გამდინარე არ არის, შეიძლება, დამდგარ წყალშიც მოინათლოს. თუ დამდგარი წყალი ცივია, მისი გათბობის უფლებაც არსებობს, ხოლო თუ წყალი მცირეა, შეიძლება, ამ წყლის მხოლოდ თავზე დასხმითაც შემოიფარგლოს მღვდელმსახური. კათოლიკეები მხოლოდ აპკურებენ წყალს, რაც სწორი არ არის.

— წყლის თავზე დასხმით ნათლობა სრულფასოვანია?

— სჯულისკანონში წერია, რომ წყლის მხოლოდ თავზე დასხმით მონათლული კაცის მღვდლად კურთხევა არ შეიძლება, იმ შემთხვევის გარდა, თუ ავად ყოფნის დროს მოინათლა ასე და წყალში 3-ჯერ შთაფვლა მონათვლის მომენტში არ შეეძლო… თავზე წყლის დასხმით ნათლობის საპატიო მიზეზად განიხილება, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო დევნის მდგომარეობა, როცა შთაფვლით ნათლობის შესრულება შეუძლებელი იყო… პირადად მე წყლის თავზე დასხმით ვარ მონათლული, მაგრამ მღვდლად მაინც მაკურთხეს, რადგან დევნის პერიოდში მომნათლეს. ნათლია დიდი თანამდებობის კაცი იყო, ჩუმად მიმიყვანეს ეკლესიაში და ასეთ ვითარებაში მომნათლეს… ამჟამად დევნა არ არის და ნათლობა ემბაზებში ჯობს. მრავალ ეკლესიაშია დიდი ემბაზები, სადაც შთაფვლით ნათლობისათვის ყველა პირობაა შექმნილი.

— ზოგს ეჭვი ეპარება, რომ სრულყოფილად არ არის მონათლული და თავიდან ინათლება ხოლმე. ეს მისაღებია?

— არავითარ შემთხვევაში! ეს ნიშნავს, ქრისტე მეორედ გაეკრას ჯვარზე და დიდი ცოდვაა. თუ მეორედ ნათლავ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ „პირველი“ ნათლობა არ შემდგარა. სხვაგვარად სულიწმინდის მოქმედებას უარყოფ! თუ ვინმეს მსგავსი ცოდვა ჩაუდენია, სასწრაფოდ უნდა მოინანიოს! თუმცა, ასეთი რამ თითქმის არ ხდება, რადგან მოსანათლავად მისულს მღვდელი ყოველთვის ეკითხება, იყო თუ არა ადრე მონათლული.

— იქნებ, მოსანათლავად მისულმა ადამიანმა არ იცის, იყო თუ არა ადრე მონათლული?

— თუ მდგომარეობა საეჭვოა, მაშინ მღვდელი ნათლავს, მაგრამ ამ დროს ამბობს: „ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა, უკეთუ ნათელღებულ არ არის“… მაგრამ გამორიცხულია, ადამიანი მეორედ მონათლონ, თუ ცნობილია, რომ ის მანამდე მონათლული იყო! ზოგი გულუბრყვილოდ ამბობს, ჩემი ნათლია აღარ მომწონს, მინდა, სხვამ მომნათლოსო. ასეთი მიდგომაც სრული უმეცრებაა, ცოდვაა და დაუშვებელია. 

— ყოფილა შემთხვევები, როცა მართლმადიდებელს თავისი სარწმუნოება მიუტოვებია, სექტანტი გამხდარა, მერე უნანია და კვლავ მართლმადიდებლობა უღიარებია. ასეთი თავიდან ინათლება?

— არა. ასეთი ადამიანი ამბობს აღსარებას და ავლენს სინანულს. მერე მას ეკლესია სულიერ სასჯელს (ეპიტიმიას) უწესებს, რომლის შესრულების შემდეგ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში დაბრუნებული პირი ეკლესიის სრულფასოვანი წევრი ხდება.

— რა შემთხვევაში ცხადდება ნათლობა გაუქმებულად?

— თუ მღვდელი მოსანათლავს თავზე წყალს არ დაასხამს, ანუ თუ არ შეასრულებს ფორმულას. ჩვენთან ხშირად მოდიან და გვეკითხებიან: მამაო, არ ვიცი, სრულფასოვნად ვარ თუ არა მონათლული და რა ვიღონოო? ჩვენ კითხვას ვუბრუნებთ: თავზე წყალი დაგასხეს? 3-ჯერ დაგასხეს? თუ ეს მთავარი ფორმულა შესრულებულია, რაც ქრისტესთან ერთად სიკვდილს და 3 დღით სამარეში ყოფნას ნიშნავს, მაშინ სანერვიულოც არაფერია, თუნდაც მღვდელმა საკუთარი დაუდევრობის ან სხვა მიზეზთა გამო რაღაც დეტალები არ აღასრულოს ან ლოცვები შეამოკლოს. მთავარი ეს ფორმულაა. საეჭვო სიტუაციაში, როცა ნათლობაზე დამსწრე პირები დარწმუნებული არ არიან, რომ ეს ფორმულა შესრულდა, ეპისკოპოსთან მიდიან და საბოლოო პასუხს ის იძლევა. ზოგადად, ამ ფორმულას ყველა მღვდელი ასრულებს და საეჭვო ვითარება ძალიან იშვიათად იქმნება. თუ ადამიანმა ზუსტად არ იცის, რომ მისი ნათლობის დროს მთავარი ფორმულა დაირღვა, დაე, ჩაძიებას ნუ გააგრძელებს. ზოგჯერ, როცა მრავალი ადამიანი ერთად ინათლება, რომელიმეს მიმართ მღვდელს შეიძლება, რაიმე გამორჩეს კიდეც, მაგრამ თუ მთავარი ფორმულა შესრულდა — ადამიანი მონათლულია! 

— ითვლება თუ არა მონათლულად ადამიანი, თუ მას არაეკლესიური ნათლია ჰყავს?

— ნათლია არის მიმრქმელი, ღვთის წინაშე ერთგვარი პასუხისმგებელი მისი ნათლულის მომავალი ცხოვრების გამო. როცა პატარა ბავშვს ნათლავენ, მას პასუხის გაცემაც კი არ შეუძლია კითხვაზე: „განაგდებ ეშმაკს? შეუდგები ქრისტეს?“ ბავშვის მაგივრად პასუხისმგებლობას ნათლია იღებს და თავად პასუხობს. თუ ნათლიამ თვითონ არ იცის, რა არის სულის ცხონებისთვის საჭირო, ნათლულზე როგორღა იზრუნებს? რას ასწავლის მას? ნათლობა კი ჩაითვლება ნათლობად, მაგრამ დაემსგავსება სიტუაციას, როდესაც ბავშვი ფრანგულის სასწავლებლად მიჰყავთ პედაგოგთან, რომელმაც ფრანგული არ იცის! ამიტომ ნათლიად უნდა აირჩიონ ის ადამიანი, ვინც შეძლებს ნათლულის სულიერად აღზრდას, უბიძგებს ეკლესიური ცხოვრებისკენ. თუ ნათლია ასეთი არ არის, ღვთის წინაშე მოუწევს პასუხისმგებლობა ნათლულის მიმართ უყურადღებობის გამო!

— ამბობენ, არავის აქვს უფლება, უარი თქვას, როცა ნათლიობას სთხოვენო…

— ეს არ არის სწორი. თუ ადამიანი გრძნობს, რომ ვერ შეძლებს ნათლულის სულიერ აღზრდაზე ზრუნვას, იგი ვალდებულიც არის, უარი თქვას მონათვლაზე! ნათლულმა თუ პირჯვრის სწორად გადაწერა ან ლოცვა არ იცის, ამის გამო მის ნათლიასაც მოეკითხება უფლის წინაშე! ქალი იმდენ შვილს აჩენს, რამდენის გაზრდაც შეუძლია, ადამიანმა იმდენი უნდა მონათლოს, რამდენი ნათლულის სულიერებაზე ზრუნვასაც შეძლებს, რადგან ნათლული სულიერი შვილია! დიდი შეცდომაა, როცა ნათლიას მატერიალური შესაძლებლობების ან ცნობადობისა და გავლენის გამო ირჩევენ. ნათლიას, პირველ რიგში, ნათლულზე სულიერი ასპექტით ზრუნვა ევალება და არა ამქვეყნიური სიამეებით მისი უზრუნველყოფა!

— შეიძლება, ნათლიად არამართლმადიდებელი ავირჩიოთ?

— არა! მღვდელმა ნათლობის წინ, წესით, გულმოდგინედ უნდა გამოიკითხოს ნათლიების სარწმუნოების შესახებ. ზოგს როცა ეკითხებიან, არის თუ არა მართლმადიდებელი — დადებითად პასუხობს, იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში კათოლიკეა ან სხვა სარწმუნოების მიმდევარი. დაუშვებელია, ნათლია არამართლმადიდებელი იყოს!

— თუ ნათლობა ისეთ ადგილზე ხდება, სადაც მართლმადიდებელი არავინ არის?

— ასეთ შემთხვევაში მღვდელი გამოდის მომნათვლელიც და ნათლიაც.

— ნათლობის საიდუმლო მხოლოდ მღვდელმა უნდა აღასრულოს?

— არის შემთხვევები, როცა კაცი მოუნათლავი კვდება… ან სამშობიაროში დღენაკლული ჩვილი დაიბადა, რომელიც მალე მოკვდება… ამ დროს შეიძლება, ნათლობა იქვე მყოფმა მართლმადიდებელმა, უკიდურეს შემთხვევაში, ქალმაც აღასრულოს, თუმცა, აუცილებლად უნდა შეასრულოს ფორმულა: სამჯერ გადასახოს პირჯვარი, აიღოს წყალი და წარმოთქვას — ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა (იტყვის სახელს ან იქვე შეარქმევს), სახელითა მამისათა, ამინ (თავზე დაასხამს წყალს) და ძისათა, ამინ (მეორედ დაასხამს) და სულისა წმიდისათა, ამინ (მესამედ დაასხამს) და ნათლობა შესრულებულად ჩაითვლება! მართლმადიდებელმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა მისი მოყვასი ამ ქვეყნიდან მოუნათლავად არ გარდაიცვალოს.

— თუ მოუნათლავი ადამიანი უდაბნოში კვდება… მსმენია, ქვიშითაც კი შეიძლება ნათლობაო. ეს სიმართლეა?

— წმინდა მამათა ცხოვრებაში (პატერიკში) ქვიშით „მონათვლის“ მხოლოდ ერთი შემთხვევა არის აღწერილი, თუმცა, ნათლობის შემდეგ გამართულმა საეკლესიო კრებამ ეს არ აღიარა ნათლობად. ადამიანმა იქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე, რომ მოუნათლავი კვდებოდეს უდაბნოში ისე, რომ თან სულ ცოტა წყალიც არ ჰქონდეს! თუ ამ სიტუაციაში აღმოჩნდა, გამოდის, ღმერთმა დაუშვა, ასე მომხდარიყო!

— სიკვდილის შემდეგ რა ელის მოუნათლავს?

— მისი სული ჯოჯოხეთში მიდის!

— მაგრამ რა დააშავა, ვთქვათ, ჩვილმა ბავშვმა, რომელიც დაბადებიდან ორიოდე საათში გარდაიცვალა?

— იყო მოუნათლავი — ნიშნავს, კისრად გედოს ადამის ცოდვა! მოუნათლავად ვერავინ შევა სამოთხეში! ღმერთმა ადამი კი არა, ანგელოზიც არ დაინდო, რომელიც მის ნებას არ დაემორჩილა. ადამის ცოდვა ბავშვზე ჩასახვისთანავე გადმოდის და მხოლოდ ნათლობით ჩამოირეცხება! ამდენად, სამოთხეში ვერმოხვედრის მიზეზი მოუნათლაობა კი არა, ადამის ცოდვაა, რომელიც ნათლობას უნდა ჩამოერეცხა. აქედან გამომდინარე, უკვე გასაგებია, რა მძიმე ცოდვაა აბორტი, როცა დედა, გარდა იმისა, რომ ღვიძლ შვილს საკუთარი ნებით კლავს, მას პირდაპირ ჯოჯოხეთში აგზავნის! იოანე ოქროპირი ასეთ სულებზე ამბობს, რომ ისინი ღვთის წინაშე ბრმები არიან… მათ არა აქვთ პირადი ცოდვები, ამიტომ არ ხვდებიან გეჰენიაში, მაგრამ მოსდევთ ადამის ცოდვა, რის გამოც უფალს ვერ ხედავენ და ამით იტანჯებიან. ჯოჯოხეთში ხომ სხვადასხვა სასჯელია: ქვესკნელი, გარესკნელი, ტარტაროზი, კბილთა ღრჭენა, მატლი-დაუძინებელი, ცეცხლი-ჩაუქრობელი, წუბწუბა და ა.შ. ჯოჯოხეთში არის ისეთი ადგილიც, სადაც ხვდებოდნენ მართლები, ვიდრე ქრისტე მოვიდოდა და სამოთხის კარს გახსნიდა. ამ ადგილს აბრაამის წიაღი ეწოდება, იქ ადამიანები მხოლოდ იმით იტანჯებიან, რომ ღმერთს ვერ ხედავენ. ახლა სწორედ ასეთ ადგილზე ხვდებიან მოუნათლავი ჩვილები, სადაც ადრე მართლები ხვდებოდნენ. შესაძლოა, ბევრმა მონათლულმა ადამიანმა, ვინც არასწორად ცხოვრებით ჯოჯოხეთში ყოფნა მიიღო სასჯელად, მათი ხვედრი კიდეც ინატროს!

რა ასაკში უნდა ინათლებოდეს ადამიანი?

— ადრე 30 წლისანი ინათლებოდნენ. ეს არის შეგნებული ასაკი. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მოინათლა კონსტანტინე იმპერატორი, რომელმაც პირველმა აღიარა ქრისტიანობა მეფეთა შორის. თუ წინადაცვეთა მე-8 დღეს ხდებოდა, მისაღებია, რომ ნათლობაც დაბადებიდან მე-8 დღეს მოხდეს! ჩვენში კი, ტრადიციულად, ახალშობილს მე-40 დღეს ნათლავენ ხოლმე. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანს, მას მუდმივად უნდა ეშინოდეს, რომ მოულოდნელად, მოუნათლავად არ აღესრულოს.

— ზრდასრულ მოსანათლავ ადამიანს რა ცოდნა მოეთხოვება?

— ზრდასრული ადამიანი ნათლობის წინ საგანგებოდ უნდა მოემზადოს, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ნათლობა, ჯვარზე გაკვრა…. და გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მონათვლის შემდეგ ის ძველ ცხოვრებას მოუკვდება და ახალი ცხოვრებისთვის სულიერად დაიბადება! ეს, პირველ რიგში, მის პირად ცხოვრებაზე უნდა აისახოს: თუ ლოთი იყო, აღარ ილოთოს, ქურდი იყო — აღარ იპაროს და ა.შ. ზრდასრული, თუ ნათლობისთვის ამგვარად არ მოემზადება, სიკვდილის შემდეგ უფრო მძიმედ დაისჯება, ვიდრე მოუნათლაობის გამო დაისჯებოდა.

— მართალია თუ არა, რომ ნათლობისას ადამიანს პირადი მფარველი ანგელოზი ევლინება?

— დიახ, მართალია. ნათლობისას ადამიანს ევლინება მფარველი ანგელოზი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევს. თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, ანგელოზი ხარობს, ხოლო თუ ცოდვებშია, მისი ცოდვების გამო ანგელოზიც იტანჯება.

— რამდენი ნათლიის ყოლა შეიძლება?

— ერთი და ორიც საკმარისია. არ არის ლამაზი, როცა 5 და 10 ნათლიას ირჩევენ. ადამიანს იშვიათად ჰყავს გარშემო ისეთი პირები, რომლებიც რწმენითა და პატიოსნებით ცხოვრობენ და რომელთა ნათლიად არჩევის საფუძველიც არსებობს… მეორე შვილი რომ ეყოლება ოჯახს, ისიც ხომ უნდა მონათლონ? ამიტომ ყველა კანდიდატს ერთად ნუ მოანათვლინებენ შვილს. სასურველია, გოგოს ნათლიები იყვნენ მანდილოსნები, ბიჭისა კი — მამაკაცები, რათა ნათლიებს შორის სიმპათიისა და ლტოლვის საფრთხე არიდებულ იქნეს.

პრინციპულად დაუშვებელია, ორი ადამიანი, რომლებსაც საერთო ნათლული ჰყავთ, ერთმანეთს გაუმიჯნურდნენ და ოჯახი შექმნან!

სჯული კატეგორიულად კრძალავს ნათლულთან დაქორწინებასაც! არც ნათლულის პირდაპირ ნათესავთან (შვილთან, დასთან, ძმასთან, დედასთან, მამასთან) დაქორწინებაა ნებადართული!

— შეიძლება თუ არა, ნათლიად მოგვარე ან ნათესავი აირჩიოს ადამიანმა?

— ეს შეიძლება, თუმცა, ქართველებს არა გვაქვს მსგავსი ტრადიცია. ქართველები ნათლობის გზით შორეულ ადამიანთან დანათესავებას ამჯობინებენ.

— პატრიარქი ყველა ოჯახში მესამე შვილს ნათლავს… პატრიარქის ნათლულებს ერთმანეთთან ქორწინების უფლება ექნებათ?

— დიახ, მათ უპრობლემოდ შეეძლებათ ერთმანეთთან ოჯახის შექმნა.

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები